ისტორიას საზოგადოება როგორც წარსულ მედიუმს, ისე განიხილავს. ეს პირველ რიგში აკადემიური სივრცის ბრალია, სადაც სწავლება სწორედ ასეთი სტრუქტურით ხდება და ძველ ქრონიკებს ვეცნობით როგორც არტეფაქტებს, რომლებიც გვიყვებიან თუ რა და როგორ იყო ჩვენამდე. თუ ზრდასრულობაში ისტორიის კვლევას არ გავყევით, უკვე მეხსიერებაზეა დამოკიებული, რა ტიპის ერუდიცია შემოგვრჩება წარსულის ცნობებთან დაკავშირებით. რაც უფრო პოპულარულ ენაზე თუ ფორმატშია მოთხრობილი ესა თუ ის ისტორია, მით უფრო ხანგრძლივ ილექება ის ჩვენ მეხსიერებაში. უწინ თუ ისტორია ინახებოდა სხვადასხვა ფორმის ორალურ ტრადიციებში, სიმღერებსა თუ ფოლკლორში, თანამედროვე საზოგადოებაში შემოვიდა ტელევიზია, კინო, ბულვარული ლიტერატურა და სხვა ისტორიული ცოდნის აღმბეჭდი მედიუმები, რომლებსაც შეუძლიათ მეხსიერების დეკოდირება მოახდინონ, ისტორია გადაწერონ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არსებობს პოპულარული მეხსიერების ფენომენი, რომელიც ისტორიას იმახსოვრებს არა აკადემიური სივრციდან, არამედ პოპ კულტურიდან.

კომიქსების კითხვა ადრეულ თინეიჯერობაში დავიწყე. მეტრო დელისთან, ლურჯ კიოსკში იყიდებოდა რუსულად თარგმნილი კომიქსები. ყოველთვის მარველის კომიქსები ჭარბობდა ხოლმე, ძირითადად „იქს მენი“ და „სპაიდერ მენი“. ერთხელ დედაჩემს დავაბარე „დისი“ კომიქსის იკითხე რაც იქნება, ბეტმენი ან სუპერმენი თქო და სახლში დაბრუნებულმა მარტო ეს ქონდათ რაც დამაბარეო და „სკუბი დუ“ მომიტანა. ლურჯ კიოსკში „დისი“ არ უყვარდათ. მოკლედ, ჩემთვის, ისევე როგორც ალბათ ყველა თინეიჯერისათვის, კომიქსები იყო მარტივი, სათავგადასავლო, მხიარულებით და სუპერგმირებით სავსე ისტორიები. უკვე გვიანი თინეიჯერობისას აღმოვაჩინე რომ არსებობდა ტერმინი გრაფიკული ნოველა, რომელიც თემატურად თუ პროზაულად მხატვრული ლიტერატურის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო და არა „საბავშვო საკითხავი“. და სწორედ მაშინ გავიცანი „სენდმენი“, „ტრანსმეტროპოლიტენი“, „შავი ხვრელი“, დაკარგული გოგონები“ და ერთი სიტყვით ყველა მონუმენტური ნამუშევარი, რაც ტორენტებზე ვიპოვნე. თუმცა პირველი გრაფიკული ნოველა, რომელიც თავის რეალისტურობით, თემატური სიმძაფრით და რადიკალური ესთეტური სხვაობით განსხვავდებოდა ყველაფრისგან, რაც მანამდე წამეკითხა, იყო არტ შპიგელმანის „მაუსი“.

„მაუსში“ არც ზებუნებრივი ხდება რაიმე, არც მომავლის აღწერაა, არც პარალელური რეალობა. „მაუსი“ ჰოლოკოსტზეა. ოღონდ ეს არაა მეორე მსოფლიო ომის ისტორია, სადაც ინდივიდუალური თუ ჯგუფური გმირობაა აღწერილი. არც პერსონაჟის სიყვარულის ძალით ტრანსფორმაცია შეგხვდებათ გზად, არც ძალაუფლების ეროტიზმი, მოკლედ, როგორც ძირითადად კინოში გვიყვებიან ხოლმე მეორე მსოფლიო ომზე, აქ მსგავსი არაფერი მოიძებნება. „მაუსს“ არ აქვს გასართობი ელემენტები, არც სასპენსის შემოტანას ცდილობს ავტორი, არც დრამატულ სენტიმენტებს ძერწავს და არც სარკასტული კრიტიკით იწონებს თავს. „მაუსი“ ანთროპოლოგიური პორტრეტია, რომელსაც მამა უყვება შვილს და ამ მონათხრობის დოკუმენტირება კომიქსის ფორმატში ხორციელდება.

შპიგელმანი გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რაც ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის, ჰოლოკოსტის შესახებ თხრობისას მართებს ავტორს, ამიტომ მისი ნაწარმოები დაცლილია ლირიკულობისგან. ნარატივი არის პირდაპირი, მომენტებში იუმორისტული, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც პრე ან პოსტ ფაქტუმ მოვლენებს ეხება და მხოლოდ იმიტომ, რომ მამის, ვლადეკის, ავთენტურ მონათხრობს გვთავაზობს, დრამატული შელამაზების გარეშე. მაგალითად, დასაწყისში ვლადეკი შვილს უყვება, ჩემი ყოფილი შეყვარებული გარდაცვლილ დედაშენზე ლამაზი იყოო. ვლადეკი არის ჩვენი, მკითხველის გიდი პოლონეთის გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში, აუშვიცში და დაჰაუში. თუმცა ავტორი ჰოლოკოსტს გადარჩენილ მამას არცერთ ფურცელზე ჰეროიკულ სილუეტს არ ანიჭებს, პირიქით, მისდამი სიმპათიის გაჩენა საოცრად რთულია მერკანტილური ბუნების და ყველაფერი იმის დეფიციტის გამო, რაც გულს გვიჩუყებს მაგალითად ჰემინგუეისთან თუ რემარკის გმირებთან მეორე მსოფლიო ომის აღმწერ ლიტერატურაში.

წიგნის ილუსტრაციები მინიმალისტური, შავ-თეთრი და პრიმიტიულია. და ეს სტილური გადაწყვეტა არ არის პომპეზურობის ნაწილი, როგორც მაგალითად „პერსეპოლისში“, სადაც ფერთა პალიტრის დეფიციტში მაინც პოლარიზებული და სიმეტრიული, სტერილური ნახატები გვხვდება. მსგავსი ვიზუალური აღწერა ერთადერთია რითაც სწორი იქნებოდა ვერბალური კონტენტის გაფორმება. ჰოლოკოსტი არაა თემატიკა, რომელიც ლამაზ ილუსტრაციებს საჭიროებს. ერთადერთი, რასაც ავტორი ნარატივის გამომხატველობის გაზრდისთვის იყენებს, ადამიანების ანთროპომორფულ ცხოველებად წარმოჩენაა, სადაც ყველა რასა კონკრეტული ცხოველის სახითაა დახატული.

შპიგელმანი ვერბალურად მთელი წიგნის მანძილზე თამაშობს კულტურული სტერეოტიპებით. მაგალითად ის ერთ სიბრტყეზე არ ათავსებს რასულ კუთვნილებას და ყველა ებრაელს პოზიტიურ ჭრილში არ გვიჩვენებს. თუმცა მთავარი მაინც ის ცხოველური ტოტემია, რომელიც აირჩია თავისი პერსონაჟების აღსაბეჭდად. აქ ებრაელები ვირთხები არიან, გერმანელები კატები, პოლონელები ღორები, ფრანგები ბაყაყები, ამერიკელები კი ძაღლები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გერმანელების კატებად გამოყვანით, ჩნდება კითხვა იმის თაობაზე, თვლის თუ არა ავტორი, რომ ებრაელებისადმი მათი ანტაგონიზმი ბუნებრივი პროცესია და არა დასწავლილი ბოროტმოქმედება. ამ კითხვაზე პასუხს შპიგელმანი არ იძლევა, მაგრამ სამაგიეროდ მსჯელობისათვის ფართო ასპარეზს აჩენს, რაც გაცილებით უკეთესი მოცემულობაა.

 

 

ნაწარმოებში პოსტმოდერნული ტექნიკის არაერთ საინტერესო გამოყენებას შეხვდებით: ავტორი ხან ვირთხაა, ხან ვირთხა, რომელსაც ღორის ნიღაბი უკეთია და თავს პოლონელად ასაღებს, ხან კი ადამიანი, რომელსაც ვირთხის ნიღაბი უკეთია და მედიისთვის პოზირებს. ერთი სიტყვით, იდენტობის პოლიტიკაზე აქ საკმაოდ მრავალფეროვანი მეტაფორები დაგხვდებათ. ერთადერთი, რისი დეფიციტიც წაკითხვის დღიდან დღემდე მომყვება „მაუსთან“ მიმართებაში, არის ტექსტში პოლიტიკური აპარატის სრული დევალვაცია. მაგალითად აქ ვერ იხილავთ საბჭოთა მხარეს, არაფერია ნათქვამი იდეოლოგიურ დაპირისპირებებზე, უგულვებელყოფილია მოვლენების პოლიტიკური ანალიზი და ა.შ. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტორის მცდელობა არ ყოფილა საკუთარი პოზიცია და შეხედულებები დაეფიქსირებინა ნამუშევარში, არამედ მოეყოლა ჰოლოკოსტს გადარჩენილი პიროვნების სუბიექტური მეხსიერებისგან შემდგარი ცნობები ადამიანურ ტრაგედიაზე, ალბათ შეგვეძლება რომ ზემოთხსენებულ ფაქტორზე თვალი დავხუჭოთ.

იქიდან გამომდინარე, რომ პოპ კულტურა ჩვენი ცნობიერების ფორმირებაში (განსაკუთრებით თინეიჯერობის პერიოდში) საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, მეხსიერებაში მკაფიოდ ისეთი ისტორიული ფაქტები გვებეჭდება, რომელიც ყველაზე საინტერესო, ამაღელვებელი ან დასამახსოვრებელი ფორმით და დეტალებით იქნება მოწოდებული. სწორედ ამის გამო, „მაუსი“ აუცილებელი საკითხავია, განსაკუთრებით კი მოზარდობის ასაკში. აუცილებელია რომ ისტორია მხოლოდ წარსულის ცოდნის გამო არ დავიმახსოვროთ. ისტორიის ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ მასში ისეთი იდეები თუ მაგალითები აღმოვაჩინოთ, რომელიც დაგვეხმარება დღევანდელობაში უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. „მაუსი“ მსოფლიოს უახლესი ისტორიის ქრონიკაა, რომელიც გვახსენებს, რომ აუცილებელია მასში აღწერილი მოვლენების განმეორება შეუძლებელი გავხადოთ.