დღევანდელი ტოპ ხუთეულის თემად ავარჩიე, ასე ვთქვათ, კინო გადაძახილები,  როდესაც ერთი რეჟისორი თავის ფილმში სხვა რეჟისორის ფილმის დეტალს იყენებს, მისთვის პატივის მიგების მიზნით.

  1. გასულ წელს მარიენბადში / Last year at Marienbad

რენეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინემატოგრაფული საოცრებაა, არასწორხაზოვანი ნარატივით, არქიტექტურის მაგიური აღწერით, არაცნობიერის ბრწყინვალე ექსპოზიციით და ა.შ. ერთ-ერთ სცენაში, როდესაც სასტუმროში მყოფი ადამიანები სოციალიზაციით არიან დაკავებულები, დარბაზების და დერეფნების კადრები ცვლის ერთმანეთს და სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ალფრედ ჰიჩკოკის დიდი ზომის სტენდი ჩნდება ეკრანზე. კადრს სულ რამდენიმე წამით გვიჩვენებს რეჟისორი, ამიტომ შეიძლება თვალს გამოეპაროს ჰიჩკოკის პროფილი, მაგრამ მისი აღმოჩენა განსაკუთრებული მხიარულების შემომტანია სურათში და ამასთან სასპენსის ოსტატის პატივის მიგების ჭკვიანური ხერხია.

  1. სათამაშოების ისტორია / Toy story

პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ანიმაციაში ჩემი თაობის მთელი ბავშვობის მოგონებებია კონცენტრირებული. სურათი მრავალ კინოშედევრს მიაგებს პატივს, იქნება ეს ეგზორცისტი, უცხო, უკან მომავალში თუ სხვა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი და ჭკვიანური კინოგადაძახილი სტენლი კუბრიკის ნათებასთან გვხვდება, როდესაც სიდის სახლში აღმოჩნდებიან ბაზი და ვუდი, ვხედავთ, რომ ხალიჩა ზუსტად ისეთივეა, როგორიც სასტუმრო ოვერლუქში, მხოლოდ მცირე ფერის ტონალობაა განსხვავებული.

  1. დღის ლამაზმანი / Belle du jour

მოკლედ რომ ვთქვა, დღის ლამაზმანი ქალის სექსუალობაზე, მის კულტურულ წნეხზე, ჩაგვრაზე და რეპრესიაზეა, რელიგიურ, საზოგადოებრივ თუ პირად ჭრილში. თუმცა ამ სიისთვის იმიტომ არის ფილმი მნიშვნელოვანი, რომ ფილმის შუაში ვაწყდებით სცენას, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი მიდის ძარცვაზე, დანიშნულების ადგლთან კი მამაკაცი გაზეთებს ყიდის და არა უბრალო გაზეთებს, არამედ ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბიუნს, სწორედ იმას, რომელსაც ჯინ სიბერგი ყიდის ფილმში „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“. ეს სცენა ერთგვარი ხუმრობა და მეგობრული თვალისჩაკვრაა ჟან ლუკ გოდარისადმი.

  1. იოიო / Yoyo

პიერ ეტექსის ფილმი ფრანგული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. პირველ აქტში ის მუნჯური ფილმია, შემდეგ სიუჟეტში წლები გადის და ფილმის ხმოვანი ხდება, რადგან, როგორც ნარატორი გვამცნობს, ამ პერიოდში უკვე კინო ხმოვანი გახდაო. იოიო ძალიან მხიარული და სენტიმენტალური სურათია, ამასთან პოლიტიკური ანალიზით დატვირთული. მთავარი პერსონაჟი მდიდარი ოჯახიდანაა, მაგრამ მარტივი ცხოვრება ხიბლავს, მისი ტრფობის ობიექტი ცირკში მუშაობს და საბოლოოდ მასთან ერთად განაგრძობს ამავე სფეროში მოღვაწეობას. ერთ-ერთ სცენაში, როდესაც წარმოდგენის გასამართი ადგილის შერჩევით არის ოჯახი დაკავებული და ქალაქის მოედანზე პლაკატის გაშლას აპირებენ, რათა შოუ დააანონსონ, აღმოჩნდება, რომ მოედანი უკვე დაკავებულია და კადრში ვხედავთ პლაკატს, რომელიც იუწყება, რომ ზამპანოს და გელსომინას წარმოდგენა რვის ნახევარზე გაიმართება. ეტექსი რასაკვირველია ფელინის მიმართ გზავნის რევერანსს და მის ფილმებს, „რვანახევარს“ და გზას“ მიაგებს პატივს.

  1. ამერიკული ღამე / Day for night

ამერიკული ღამე ის ფილმია, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა გოდარისა და ტრიუფოს მეგობრობა. გოდარმა ფილმის ნახვის შემდეგ მატყუარა და ყალბი უწოდა ტრიუფოს, რადგან ეს უკანასკნელი რომანტიზებას ახდენდა ფილმის მედიუმის და მის მაგიურობაზე მედიტირებდა, გოდარი კი ფილმს პოლიტიკურ იარაღად იყენებდა. მოკლედ, უშუალოდ ტრიუფოს სურათი რეჟისორზეა, რომელიც ფილმს იღებს, დიდწილად რასაკვირელია ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, თან რეჟისორის როლს თავად ტრიუფო განასახიერებს. მას ღამ-ღამობით ესიზმრება საკუთარი ბავშვობა, როგორ მიდის კინოს შესასვლელთან და იპარავს ორსო უელსის მოქალაქე კეინის პოსტერებს. ეს ალბათ ყველაზე დიდი რევერანსია რაც ერთ რეჟისორს მეორესთვის გაუკეთებია საკუთარ ფილმში, რადგან ტრიუფო ხაზს უსმევს არამხოლოდ იმას თუ რამდენად უყვარს უელსის ფილმი, არამედ იმასაც ამბობს, რომ სწორედ მისით შეპყრობილს გაუჩნდა ქმნადობის ჟინი. რთულია იმის წარმოდგენა რა შეიძლებოდა ამაზე დიდი კომპლიმენტი მიეღო ცხოვრებაში ორსონ უელსს.