ფილიპ როთს ესაუბრა ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტი ჩარლზ მაკგრატი.

2018 წლის 16 იანვარი.

 

სულ რამდენიმე თვეში თქვენ 85 წლის შესრულდებით. გრძნობთ ამ ასაკს? როგორი გრძნობაა სიბერე?

ასეა, სულ რამდენიმე თვეში მოხუცებულობიდან ღრმად მოხუცებულობაში გადავალ, დღითიდღე ვუახლოვდები იმ შემზარავ აჩრდილთა ველს. საოცარია, დღე გადის, შენ კი ისევ აქ ხარ. ღამით, დასაძინებლად რომ ვწვები, მეღიმება და ვფიქრობ: კიდევ ერთი დღე ვიცოცხლე. რვა საათის შემდეგ ვიღვიძებ, ვხედავ დილას, ბედნიერად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ: კიდევ ერთი ღამე ვიცოცხლე. – და ისევ მეღიმება. ღიმილით ვიძინებ და ღიმილით ვიღვიძებ, სიცოცხლე მიხარია. მას შემდეგ, რაც აღარ ვწერ, გამიჩნდა ილუზია, რომ დრო უსასრულოდ გაიწელა, თუმცა კარგად ვიცი, რომ ცხოვრება ერთ წამში შეიძლება დასრულდეს. რაღაცნაირად, ჩემი ცხოვრება ახლა კარტის თამაშს ჰგავს – ყოველ დღე ფსონს ჩამოდიხარ და იგებ; ვნახოთ, კიდევ რამდენხანს გამიმართლებს.

ახლა, როცა აღარ წერთ, არ გენატრებათ წიგნის დაწერა? ხომ არ ფიქრობთ, რომ დაუბრუნდეთ თქვენს საქმეს?

არა, რადგან ის გარემოებები, რის გამოც შვიდი წლის წინ მხატვრული ლიტერატურის წერას თავი დავანებე, არ შეცვლილა. თავის დროზე, დავწერე წიგნი „რატომ,წერა?“ და როგორც იქ ავღნიშნე, ძლიერი და საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდა, რომ 2010 წლისთვის უკვე ყველაფერი მქონდა დაწერილი, რაც მინდოდა და გაგრძელებას აზრი არ ქონდა, რადგან უკეთესს ვეღარაფერს დავწერდი, უარესის დაწერას კი რა აზრი აქვს. იმ დროისთვის უკვე აღარც გონებრივი სისხარტე, არც ენერგია, და არც ფიზიკური ძალა აღარ მეყოფოდა, რომ გამეძლო ნებისმიერი მოცულობის „შემოქმედებითი შეტევისთვის“, რომელიც იმ რთულ სტრუქტურასთან შეჭიდებას სდევს თან, რასაც რომანი ჰქვია. ყველა ტალანტს აქვს თავისი პირობები, თავისი ბუნება, მასშტაბი, ძალა, ასევე მოთხოვნები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ. ვერავინ იქნება მუდმივად ნაყოფიერი.

ახლა, როცა უკან იხედებით, რა გახსენდებათ თქვენი მწერლობის 50-ზე მეტი წლიდან?

მღელვარება და გმინვა. იმედგაცრუება და თავისუფლება. შთაგონება და გაურკვევლობა. ემოციების მოზღვავება და სიცარიელე. მომავლის იმედი და გაუგებრობა. ასევე, გაორებისა და მერყეობის ყოველდღიური რეპერტუარი, რომელსაც ყველა შემოქმედი ადამიანი აწყდება და რა თქმა უნდა, უზარმაზარი მარტოობაც. ასევე, დუმილი: 50 წელი ოთახში მარტო და ჩუმად, თითქოს აუზის ფსკერზე ხარ, დღიური გასამრჯელო კი ის გვერდებია, რომელსაც დაწერ და ივარგებს.

თქვენს ესეში „როგორ დავწეროთ ამერიკული მხატვრული ლიტერატურა“ 1960 წელს ამბობთ, რომ ამერიკაში ისეთი შეშლილი რეალური ცხოვრებაა, რომ მას მწერლის წარმოსახვა ვერასოდეს დაეწევა. დღვანდელ ცხოვრებაზე რას იტყოდით? ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ამერიკა ასეთი იქნებოდა?

ჩემს გარშემო ასეთი არავინაა, ვინც ასეთ ამერიკას წარმოიდგენდა, ჰენრი ლუის მენკენის გარდა, რომელმაც აღწერა ამერიკული დემოკრატია, როგორც „ტურებისადმი თაყვანისცემა ვირების მიერ.“ ვინ იფიქრებდა, რომ ოცდამეერთე საუკუნის ამერიკის ყველაზე დიდი კატასტროფა არა ორუელისეული უფროსი ძმა, არამედ ქუჩის სასაცილო მკვეხარა კომედიანტი იქნებოდა. რა გულუბრყვილო ვიყავი 1960 წელს, როდესაც მეგონა, რომ გაურკვეველ და აბსურდულ დროში ვცხოვრობდი. რა უცნაურია! აბა მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა, რა მოხდებოდა 1963-ში, ან 1968-ში, ან 1974-ში ან 2016-ში?

თქვენს 2004 წლის რომანი „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. როდესაც რომანი გამოვიდა, მკითხველმა ის აღიქვა, როგორც ერთგვარი კომენტარი ბუშის ადმინისტრაციის რაობაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რომანში თანამედროვე ამერიკასთან უფრო მეტი პარალელია, ვიდრე ბუშის ამერიკასთან.

წინასწარმეტყველური არა მგონია. არის უზარმაზარი სხვაობა. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება, რომელიც ასე გვზარავს, დიდად განსხვავდება იმ პოლიტიკური გარემოსგან, რომელიც მე წიგნში 1940 წლის ამერიკისთვის შევქმენი, და ეს განსხვავება პრეზიდენტ ლინდბერგისა და პრეზიდენტ ტრამპის პიროვნული მასშტაბია. ჩარლზ ლინდბერგი ცხოვრებაში, ისევე, როგორც ჩემს რომანში, შესაძლოა, მართლაც იყო რასისტი და ანტისემიტი, აღიარებდა თეთრკანიანი რასის უპირატესობას, ემხრობოდა ფაშიზმს, მაგრამ ის ამავდროულად იყო ნამდვილი ამერიკელი გმირი, მამაცი მფრინავი, რომელმაც 25 წლის ასაკში, 1927 წელს, 13 წლით ადრე, ვიდრე მე მას საპრეზიდენტო არჩევნებს მოვაგებინებდი, დაშვების გარეშე, მარტომ გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს. წარმოიდგინეთ, ერთადგილიანი, ერთძრავიანი თვითმფრინავით 33.5 საათი იფრინა ლონგ აილენდიდან პარიზამდე. ეს ჭეშმარიტი გმირობაა და ჩარლზ ლინდბერგს შეიძლება მეოცე საუკუნის ლეიფ ერიქსონიც ვუწოდოთ, ან აერონავიგაციის მაგელანი, ავიაციის ერთ-ერთი პირველი შუქურაც. რაც შეეხება ტრამპს, მე ვიტყოდი, რომ მისი პრეზიდენტად მოსვლა უფრო მაქინაციას გავს, მასიურ თაღლითობას, განდიდების მანიისა და ფუტურო იდეოლოგიის გარდა მას არაფერი გააჩნია.

კიდევ ერთი თემა, რომელიც თქვენს შემოქმედებას გასდევს, მამაკაცის სექსუალური სურვილები, ხან ასრულებული, ხანაც ვერ, და ამ სურვილების გამოვლენის მრავალი მაგალითია. როგორ შეაფასებდით ახლანდელ სიტუაციას, როცა უამრავი ქალი ამდენ ყველასათვის ცნობილ ადამიანს სხვადასხვა სახის სექსუალურ დანაშაულში სდებს ბრალს?

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, ეროტიკა და მასთან დაკავშირებული მძვინვარება უცხო არ არის. სექსუალური ცდუნება კაცის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და მე ამის შესახებ ჩემს ზოგიერთ რომანში დავწერე. მე შევქმენი კაცი პერსონაჟები, რომლებიც მუდამ მზად არიან მიეცენ სექსუალურ სიამოვნებას, პერსონაჟები, რომელთაც სამარცხვინო სურვილები წვავს, შეპყრობილები არიან ვნებით, იზიდავთ ტაბუდადებული სექსუალური ურთიერთობები; ათწლეულების განმავლობაში სწორედ ასეთ ვნებააყოლილ კაცებზე ვწერდი, რომლებიც იძულებულები იყვნენ, ან ებრძოლათ ამ სურვილების წინააღმდეგ, ან მათ ნებას დაყოლოდნენ.

წერის დროს ვცდილობდი, არ წავსულიყავი დათმობებზე, და აღმეწერა ისინი, ისეთებად, როგორებიც რეალურად არიან. ვცდილობდი, დამეხატა ისინი სხვადასხვა რეალურ სიტუაციაში, როგორ ართმევდნენ თავს მრავალ ფსიქოლოგიურ და ეთიკურ დილემას, რომელსაც სწორედ საკუთარ სურვილს ატანილები აწყდებოდნენ. არასოდეს გავჩუმებულვარ და წიგნებში პირდაპირ ვამბობდი, რატომ, სად, როგორ და რას აკეთებენ ისინი, არ დამიმალია უხერხული მომენტები, მერე რა, თუ ეს ჩვენში გამეფებულ „საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის“ მასკულინურ ხასიათს (თუ ასე ვუწოდებთ) და მოთხოვნას არ შეესაბამებოდა. მე არა მხოლოდ მამაკაცის თავში შევძვერი, არამედ მისი ფიზიოლოგიური სურვილების რეალური სურათიც შევისწავლე. ისეთი ძლიერი სურვილების, რომლის წნეხიც მისი რაციონალური განსჯის უნარისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და უფრო მეტიც, შესაძლოა ის სიგიჟის ზღვრამდეც მიიყვანოს. ასე რომ, ის ამბები, რომლებიც ამ ბოლო დროს გაზეთებში იწერება, ოდნავადაც არ გამკვირვებია.

ყველასათვის ცნობილია, რომ ვიდრე წერას თავს დაანებებდით, სულ მუშაობდით. ახლა, როცა აღარ წერთ, ამდენ თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ვკითხულობ. უცნაურია, ან სულაც არაა უცნაური, რომ ძალიან ცოტა მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ. მთელი ჩემი ცხოვრება მხატვრული ლიტერატურის კითხვაში, კვლევაში, სწავლებაში და წერაში გავატარე. სხვა რამეზე თითქმის არც მიფიქრია. ბოლო შვიდი წელია, ყოველდღე ისტორიას, ძირითადად ამერიკის ისტორიას და თანამედროვე ევროპის ისტორიას ვკითხულობ. კითხვამ წერის დრო დაიკავა და ახლა ის წარმოადგენს ჩემთვის ცხოვრების სტიმულს და სააზროვნო მასალას.

რა წაიკითხეთ ბოლო ხანს?

ამ ბოლო დროს მე ჩვეულ კურსს გადავუხვიე და რამდენიმე სხვადასხვა ჟანრის წიგნი წავიკითხე. მაგალითად, ნელ ირვინ ფეინთერის წიგნი პროვოკაციული სახელით „თეთრი ადამიანების ისტორია“, ამ წიგნმა გეზი მიჩვენა ამერიკული ისტორიისკენ, კერძოდ კი, ედმუნდ მორგანის „ამერიკული მონობა, ამერიკული თავისუფლება“ იყო შემდეგი საკმაოდ სქელტანიანი წიგნი, სადაც მოცემულია სამეცნიერო ნარკვევები იმის შესახებ, რასაც მორგანი „მონობისა და თავისუფლების შეუღლებას“უწოდებს და რაც თავის დროზე ტიპიური იყო ვირჯინიის შტატისთვის. მორგანმა ლოგიკურად მიმიყვანა თეჯ კოულამდე, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ მანამდე კიდევ გადავუხვიე კურსს და წავიკითხე სტივენ გრინბლათის წიგნი, რომელიც ლუკრეციუსის პოემების აღმოჩენის ამბავს ასახავს. შემდეგ, თავად ლუკრეციუსის პოემებს გავეცანი, სთოლინგსის პროზაულ თარგმანში. ამის მერე წავიკითხე გრინბლათის წიგნი იმის შესახებ, თუ „როგორ გახდა შექსპირი შექსპირი“ – „უილი ამ სამყაროში“. პარალელურად ვკითხულობდი ბრუს სფრინგსთინის ავტობიოგრაფიულ რომანს. ვერ აგიხსნით რამხელა სიამოვნებას ვიღებ ამდენი წიგნის კითხვით, და რა ბედნიერი ვარ, რომ ამის დრო მაქვს.

მე ფოსტით მიგზავნიან ახალ წიგნებს, და აი, ასე აღმოვაჩინე, სტივენ ზოპერშტაინის „დარბევა: კიშინიოვი და ისტორიის შემობრუნება“. ავტორი აღწერს მეოცე საუკუნის დასაწყისს, როდესაც ებრაელების მდგომარეობა ევროპაში მართლაც საგანგაშო გახდა. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ისაია ბერლინის ესე – პორტრეტები იმ ადამიანების შესახებ, ვისაც პირადად შეხვედრია. ის აღწერს ვირჯინია ვულფს მთელი თავისი დამაფრთხობელი გენიალურობით და პირველ შეხვედრას ბრწყინვალე რუს პოეტ ანა ახმატოვასთან თითქმის განადგურებულ ლენინგრადში 1945 წელს. ახმატოვა უკვე 50-ს იყო გადაშორებული, მარტოსული და საბჭოთა რეჟიმის მიერ შევიწროვებული. როგორც ბერლინი წერს: „ლენინგრადი მისთვის სხვა არაფერი იყო თუ არა მისი მეგობრების თვალუწვდენელი სასაფლაო.“ ისინი დილის სამ თუ ოთხ საათამდე საუბრობდნენ და ამ სცენას ბერლინი ისე გადმოგვცემს, რომ თვალწინ ტოლსტოის რომანის სცენები მედგა.

ბევრი ჩემი მეგობარი მწერალი გარდაიცვალა და ძალიან მწყდება გული, რომ მათ ახალ წიგნებს ფოსტით ვეღარ ვიღებ.

 

ინგლისურიდან თარგმნა  დალილა გოგიამ