„თავსაშლელას“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, 1977 წელს, უამრავი რეჟისორი დაინტერესდა დევიდ ლინჩით და უამრავი პროექტის გადაღება შესთავაზეს, დაწყებული „ვარსკვლავური ომებით“ დამთავრებული „ადამიანი სპილოთი“. სტენლი კუბრიკი „ნათების“ გადასაღებ მოედანზე თავის გადამღებ ჯგუფს „თავსაშლელას“ აყურებინებდა, შესაბამისი ფსიქოტური ატმოსფერო რომ შეექმნა. ლინჩის გავლენები მსოფლიო კინემატოგრაფზე წლიდან-წლამდე სულ უფრო იზრდებოდა, ხელწერა კი თვითმყოფადი და თვიკმარი ხდებოდა.

 

ლინჩის სადებიუტო ფილმში კაფკასეული განწყობები და პერსონაჟები დაგხვდებათ, სოციუმიდან ამოვარდნილიები და მღელვარებით აღვსილნი, უარყოფასა და სიკვდილზე ფიქრით გატანჯულები. ლინჩი ვიზუალურ დეტალებს მრავალი რეჟისორისგან სესხულობს, იქნება ეს მაია დერენი, რომან პოლანსკი, ინგმარ ბერგმანი, ლუის ბუნუელი თუ სხვები. თუმცა მისი ვიზუალური რითმა უნიკალურია და შესაბამისად პოპ კულტურაში უკვე დიდი ხანია არსებობს ფრაზა „ლინჩისეული“, რომელიც სიზმრისეულ, ბნელი ატმოსფეროს მქონე და მისტიკური მოვლენებით დახუნძლულ ნაწრმოებს გულისხმობს. მისი შთაგონებით გადაიღეს ფილმები სტივენ სოდერბერგმა, ძმებმა კოენებმა, დერენ არონოფსკიმ და სხვებმა. თავად ლინჩის საკულტო სერიალ „თვინ ფიქსშიც“ არაერთი ვიზუალური პარალელის გავლება შეიძლება მის სადებიუტო ნამუშევართან.

„თავსაშლელაში“ სამყაროს პირობითი ცნებები მოშლილია. როგორც ნიცშეს ფილოსოფია გვეუბნება, ისეთი ცნებები, როგორიცაა ცუდი და კარგი, კეთილი და ბოროტი, დროსთან ერთად ცვალებადია და არა სტატიკური. მსგავსად ამისა, ლინჩთან უზენაესი ძალის და სიკვდილის წარმოჩენა კულტურაში მათი აღიარებული იმიჯების გვერდის ავლით ხდება და ჩვენ ვხედავთ ღმერთის ანალოგიას, რომელიც კეთროვანი ადამიანივით გამოიყურება და მუქ ტონალობაშია ნაჩვენები და სიკვდილის სახეს, რომელიც მუდამ თეთრებში გამოწყობილი მხიარული გოგონას ფორმით გვევლინება.

 

დევიდ ლინჩის შემოქმედების აღქმა ორი პრიზმიდან შეიძლება. პირველ შემთხვევაში შეგიძლიათ ესთეტური სიამოვნება მიიღოთ, ანუ უფრო სწორად ესთეტური მაზოხიზმით დაკავდეთ, რადგან კულტურული კოდებით ალეგორიების გაშიფვრას თუ უგულვებელყოფთ, ლაბორატორიული კურდღლის როლში აღმოჩნდებით, რომლის ცნობიერზეც რეჟისორი დაკვირვებებს აწარმოებს და რეაქციებს შეისწავლის. მეორე შემთხვევაში შეგიძლიათ მაქსიმალური გონებრივი ინვესტიცია მოახდინოთ მის ფილმებში და დაიწყოთ სიმბოლოების გაშიფვრა, თუმცა ამ შემთხვევაშიც დიდია ალბათობა, რომ გასაშიფრი აპარატი პირველივე სამონტაჟო ჭრაზე დაგიბლაგვდეთ. თუმცა საბოლოოდ ემოციური სპექტრის მრავალფეროვანი სიმძაფრე, რომელსაც მისი ფილმებისგან მიიღებთ, საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ბუნდოვანი სიუჟეტური ნაწილები ღირებულ კინო გამოცდილებად დარჩეს. როგორც ერთხელ თავად ლინჩმა განაცხადა, როდესაც სიბნელეში იყურები, საითაც არ უნდა მიაპყრო მზერა, მაინც სწორი მიმართულებით დაინახავ წყვდიადს.

 

 

 

 

1 2