20 იანვარს ამერიკული კინოს მთავარი მისტიკოსი, სიზმრების არქიტექტორი და უნიკალური ესთეტური ხედვის რეჟისორი, დევიდ ლინჩი 75 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე გავიხსენო მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი,

ერთ-ერთ ყველაზე უცნაური, მომენტებში შემაძრწუნებელი, აქა იქ სასაცილო და მომნუსხველი ნაწარმოები, რაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გადაღებულა, სახელწოდებით, „თავსაშლელა“.

 

„ჩემთვის ფილმი მაგიური მედიუმია, რომელიც ზმანებებს გიგზავნის. საშუალებას გაძლევს წყვდიადში იოცნებო. ფანტასტიური შეგრძნებაა, როდესაც კინოს სამყაროში იკარგები“ – ლინჩის ეს სიტყვები არის მთავარი პოსტულატი, რომელზეც აგებულია მთელი მისი შემოქმედება. საკუთარ სამყაროსა და ფანტაზიებში მაყურებლის დაკარგვა ყოველთვის იდეალურად გამოსდის, მისი ფილმები მუდამ ბევრ კითხვას ბადებს, მაგრამ ის მათზე არასოდეს პასუხობს, მაყურებელს ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს, არასოდეს განმარტავს რას ნიშნავს ესა თუ ის უცნაური სცენა. მნიშვნელობა ხომ ძალიან ინტიმურია, შეიძლება კონკრეტულ სიმბოლოს ყველა ადამიანისთვი სხვადასხვა დატვირთვა გააჩნდეს,  ამიტომ ურჩევნია პირიქით, გაუღვივოს თავის აუდიტორიას წარმოსახვა და  ბევრი აფიქროს, ვიდრე თავად აუწყოს მოზაიკა.

მისი ფილმები არის პროტესტი რაციონალობის და ყოველდღიურობის შეცნობისადმი. ლინჩი არაცნობიერ ფიქრებს იყენებს მასალად და როგორც დურგალი, ისე თლის მათგან იმიჯებს. რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „თავსაშლელა“ მრავალმხრივ შეიძლება ითარგმნოს, დაწყებული დიდი სოციალური და ეკონომიკური საკითხებით, როგორებიცაა ინდუსტრიალიზაციის შესვლა ღარიბ გარეუბნებში და ჯენტრიფიკაციის საკითხი თუ თეოლოგიურ ჭრილში, როგორც ღმერთისა და მისდამი რწმენის შეპირისპირება, მეტაფიზიკური კანონზომიერების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ა.შ. თუმცა ყველაზე ახლოს ალბათ ავთენტურ იდეასთან მამობრივი და ოჯახური ვალდებულებების გააზრება და მათდამი რაციონალური და ირაციონალური შიშებია.

სურეალისტური სიმბოლიზმით ლინჩი საკუთარი ნევროზების ვიზუალიზაციას ახდენს და შვილის სამყაროში მოვლენით გამოწვეულ მღელვარებას აღწერს. იმ შიშებს, რომელიც ახალი სიცოცხლის დაბადებას მოყვება მშობლის მხრიდან. ფილმის დასაწყისში ვხედავთ მთავარი პერსონაჟის, ჰენრის თავს, რომელიც უცნაურ პლანეტის ირგვლივ ლევიტირებს. პლანეტაზე წყლულებით დაფარული კაცი ზის და რკინის სახელურებს წევს. ჰენრის პირიდან ნაყოფი ამოსდის, რომელიც სახელურის გადაწევის შემდეგ კვდება. შესაბამისად მისი ფიქრები, შვილის გარდაცვალებაზე მის გონებაში იმართება მეტფიზიკური ძალის მიერ. ამ სასტარტო შიფრით ვფიქრობ უკვე გაგიადვილდებათ დანარჩენი მოქმედებების გაშიფვრა.

 

1 2