ნარატოლოგიის თვალსაზრისით, იმისათვის, რომ ადამიანმა აღიქვას ნაწარმოები, საჭიროა მისი მთლიანობის დანახვა. მაგალითად თუ თქვენ დასვამთ ადამიანს და წააკითხებთ მოვლენათა სრულიად დაუკავშირებელ სერიას, მისი გონება ხელოვნურად შეეცდება ამ მოვლენების დაკავშირებას. ეს ფაქტობრივად ავტომატური პროცესია, რადგან ჩვენი გონება ყოველთვის გარბის მთლიანობასა და შინაარსებში.

 

შოთა იათაშვილის რომანის „დამწყების“ მთავარ გმირს, ნიკოლოზს სწორედ ეს მთლიანობა ერღვევა, რაც მასში ძირეულ გარდაქმნებს იწვევს. მის გარშემო სამყარო ერთ წამში იცვლება და ყველაფერი სრულიად სხვა სახით ლაგდება, უწინდელი მთლიანობები იკარგება, საზღვრები არეულია. ერთმანეთს ისეთი მოვლენები და საგნები უკავშირდება, რომელთა შესაკავშირებლად მანამდე ფანტაზიაც არ ეყოფოდა. ეს კი შინაგანი იმპულსის დონეზე ხდება, რომლის მეშვეობითაც, ავტორი მსუბუქად მიგვანიშნებს რომანის მთავარ თემატიკაზე, ეგზისტენციალურ კრიზისზე და კრიზისის ფონზე ინდივიდის თვითრეგენრაციის პროცესზე.

 

როგორც წესი ასეთ წიგნებს თავისი სიუჟეტური დეტერმინიზმი ახასიათებთ (ისევე, როგორც სხვა ტიპის წიგნებს, რადგან სიუჟეტურ დეტერმინაციას ძირითადად ჟანრული ფაქტორები განაპირობებს). აქ, თითქოს უნდა გვენახა ნიჰილიზმში ჩავარდნილი ადამიანის თავგადასავალი, რომელიც ცხოვრების აზრს ეძებს და იმედგაცრუებათა სერიასთან გამკლავებას ცდილობს. თუმცა, სწორედ ამ ძალიან საჭირო დროს იჩინა თავი შოთას მრავალწლიანმა მწერლურა გამოცდილებამ და ალღომ და ისტორიის ასეთ ბანალურ განვითარებას აგვარიდა ყველა, ჩვენც და ავტორიც.

 

წერის მანერით მე თითქოს ერლენდ ლუ მომაგონა, რადგან აქაც და ლუსთანაც, ამბები ძირითადად გმირის თავში ხდება. გარედან მომავალი მოვლენები იშვიათად აღწევს მასში და იშვიათად ახდენს გავლენას მის ქცევაზე. ძირითადად inside-out სექმითაა დაწერილი და ეს სქემა განაპირობებს მის ფუნქციონირებას. გაიფიქრა, გააკეთა და გვაჩვენა რეალობა მისი ქმედებების შემდეგ. ისევ გაიფიქრა, გააკეთა და გვაჩვენა… და ა.შ. გარდა ამისა, შოთაც და ლუც კარგად ახერხებენ პერსონაჟებს ისე საინტერესოდ მოაწყინონ, რომ შენ გაგართონ.

 

ერთი შეხედვით წიგნში არაფერი ხდება, ამბის შეკოწიწება შეუძლებელია, რადგან არ იცი სად დასვა ათვლის წერტილი და სად დასასრულის აღმნიშვნელი, ისევე როგორც ნიკოლოზის თვალით დანახულ სამყაროში. მეორე მხრივ, ჩვენ, ადამიანები ვანიჭებთ ყველაფერს მნიშვნელობას და შოთას „დამწყებში“ ეს მნიშვნელობათა როტაცია მიმდინარეობს.

 

ცოტა ხნის წინ, წიგნის ავტორი წუწუნებდა, მხატვრულ ლიტერატურას გულს ვეღარ ვუდებო. ასეთი ჩივილები სხვა ადამიანებისგანაც მომისმენია და მგონია, რომ ასეთი ადამიანები განსაკუთრებით ისიამოვნებენ ამ წიგნით. თავად წიგნის მთავარი პერსონაჟიც კი ამბობს, რომ ვეღარ კითხულობს ლიტერატურას და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ინფორმატიული ტექსტები აინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს არის წიგნი ადამიანზე, რომელსაც ლიტერატურა აღარ უყვარდა. ჩემთვის ეს წიგნის მეორე სახელია, თუ პირველი არა.

 

ერთი სიტყვით „დამწყები“, ძალიან კარგი რომანია. ამიტომ, იკითხეთ წიგნის მაღაზიებში და შემდეგ იკითხეთ სახლებში, ან სადაც გენებოთ.