ბავშვობაში საახალწლო პერიოდში განსაკუთრებული მღელვარება მიპყრობდა. ნაძვის ხის დადგმას ისე ველოდებოდი, თითქოს ჩემი სიცოცხლე იყოიმაზე დამოკიდებული თუ რამდენად ლამაზად მოვრთავდი მას. ამაღლებულ განწყობას ხელს უწყობდა სასკოლო არდადეგები, სატელევიზიო პროგრამა, როდესაც ბადე სულ მხატვრული ფილმებით იყო დატვირთული, დიდი რაოდენობით ტკბილეული და საჩუქრები. თან მეცხრე ბლოკის დომინაციის ხანაში, 29 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შუქი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდა ქალაქს, და ესეც განსაკუთრებულად რომანტიკულ ელფერს მატებდა დღესასწაულს. 31 დეკემბერს ბებიაჩემი სამზარეულოში ტრიალებდა, მე ტელევიზორი მქონდა ოკუპირებული, დედაჩემი სამსახურიდან ადრე მოდიოდა, გვიან სტუმრებს ველოდებოდი, მოკლედ, ბავშვობაში საახალწლო დღეები ყველაზე დიდი სიხარულის და ბედნიერების მომტანი იყო. დღეს კი, უკვე ზრდასრულობის პერიოდში, სულ უფრო რთულდება ახალი წლის მიმართ ამაღელვებელი გრძნობების ბუნებრივად გაჩენა. ვეღარც იმ ზღაპრულ ატმოსფეროს გრძნობ, ვერც  გაუნელებელ მოლოდინს. ბავშვობის შემდეგ ყოველი ახალი წელი თითქოს მცდელობაა წარსულის შეგრძნებების და იმიჯების აღდგენის, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მისი პაროდირება გამოდის.

დღეს ნაძვის ხის დადგმასაც მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს და ისიც ისე მეზარება, თითქოს კატორღული სამუშო მქონდეს გასაწევი. კი, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვახშამი კვლავ პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ ისიც ზუსტად ისეთივე ემოციური განზომილებისაა, როგორიც სხვა ნებისმიერი ტიპის სტუმრობა, რომელსაც ალკოჰოლური თრობა ახლავს თან. ამიტომ, ყოველ წელს სულ უფრო მელანქოლური განწყობები ჩნდება, ნოსტალგია ძლიერდება, გახსენდება რამდენად მარტივი იყო ბედნიერების დრაივის გაჩენა ბავშვობაში და რამდენად საპირისპიროა ახლა. პრინციპში დღეს უკვე ახალი წლის დადგომა მხოლოდ წარსული იმიჯების გასაცოცხლებლად არის საინტერესო. ეს პერიოდი გაძლევს საშუალებას მოგონებები გაიცოცხლო, კიდევ ერთხელ აღმოჩნდე იმ გრძნობით სივრცესა და ინტერაქციებში, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ზრდასრულობაში ახალი წელი უფრო მეტად სევდიანი დღესასწაულია, ვიდრე მხიარულებით სავსე, რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს ირგვლივ ყველაფერი, ქალაქის დეკორი, მარკეტინგი, ტელევიზია თუ სხვა გარეშე ფაქტორები, რომ საპირისპირო დაგიმტკიცოს.

ყველა საახალწლო თემატიკის ფილმში საერთო სენტიმენტი არსებობს, რომ ოჯახი და ერთმანეთზე ზრუნვა არის ყველაზე დიდი საჩუქარი სამყაროში და არანაირ მატერიალურ ღირებულებას არ შესწევს უნარი რომ ის გადაფაროს. სწორია და მართალია, თუმცა ყველა მსგავს ფილმში მაინც ამ ბედნიერ და გახარებულ სახეებს გვიჩვენებენ, რომლებიც საყოველთაო ზეიმის და მხიარულების ფერხულში არიან ჩაბმულნი. ამიტომ მაქვს განსაკუთრებული გრძნობები ბილი უაილდერის ფილმის მიმართ, რომელსაც „ბინა“ ქვია. ფილმის დასასრულს, ახალი წლის ღამეს, შირლი მაკლეინის გმირი გააცნობიერებს, რომ ჯეკ ლემონის პერსონაჟია ის, ვისაც წრფელი გულით უყვარს, გაეცლება ბარში საყოველთაო ჟრიამულს და ააკითხავს სახლში. ყოველგვარი საახალწლო სუფრის, დეკორაციების, მხიარულების გარეშე, საკმაოდ სევდიან სცენაში, წყვილი კარტის თამაშს იწყებს. მათი განწყობა და სივრცე, რომელშიც იმყოფებიან სევდიანია, თუმცა ორივე მათგანი ფლობს იმ ცოდნას, რომ სიყვარული აღმოაჩინეს. ბედნიერების ღია დემონსტრაცია არ ხდება, მაგრამ მათი შინაგანი მდგომარეობა ბედნიერებითაა სავსე. და ეს არის იდეალური ილუსტრაცია იმისა, როგორ უნდა მივუდგეთ ნებისმიერი ტიპის დღესასწაულს და კულტურულ ნორმას, რომელიც გვავალდებულებს, რომ ისეთი გარემო და განწყობა უნდა გვქონდეს, თითქოს რაღაც გრანდიოზული ხდება. სევდა ყველაზე ბუნებრივი და რაციონალური მდგომრეობაა, განსაკუთრებით იმის გააზრებისას, რომ კიდევ ერთი წელი გადავიდა წარსულში, ამიტომ ფართოდ გაშლილი ხელებით შეეგებეთ მას. მოკლედ, გილოცავთ დამდეგს, ყველა იმ ფლანგზე, რომელზეც თვლით, რომ იმსახურებთ, გამარჯვებული ყოფილიყავით და რაც მთავარია, კომფორტულად სევდიან ახალი წლის ღამეს გისურვებთ.