ბავშვობაში საახალწლო სეზონის დადგომას ორი გარემოებით ვხვდებოდი ხოლმე, როდესაც თოვლი მოდიოდა და სატელევიზიო არხებზე ლოგოებს დეკორაციებს უკეთებდნენ. შარშან მაშინ მივხვდი, რომ ახალი წელი ახლოვდებოდა, როდესაც სარეკლამო ესემესი მივიღე გრანდიოზული საახალწლო ფასდაკლების შესახებ. და გამახსენდა, რომ საჩუქრები მქონდა საყიდელი. არადა დღესასწაულის შინაარსს ის წარმოადგენს, რომ ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარო დღე. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დიდი ხანია ყველა დღესასწაულის კომერციალიზაცია მოხდა, სულ უფრო ვშორდებით ამ შინაარსის ავთენტურ დანიშნულებას.

ირგვლივ იმდენი სახის პროდუქცია არსებობს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი, რაც შეიძლება ინატრო, ხელმისაწვდომია. ვუყურებთ რეკლამებს, ვკითხულობთ აგრესიულ სარეკლამო ესემესებს, მაღაზიებში კონსულტანტები გვაცნობენ გრანდიოზული თუ არც ისე გრანდიოზული ფასდაკლებების შესახებ და ა.შ. თუმცა სამომხმარებლო კულტურა არასოდეს გვთავაზობს იმას, რაც რეალურად გვჭირდება. ჩვენ ხშირად გავვიწყდება ის თუ რისი ბუნებრივისაჭიროებები გაგვაჩნია, რადგან ვნებების აღმძვრელი და კონსტრუქტორი მედია, იქნება ეს სარეკლამო, გასართობი თუ სხვა, რომლებიც ორიენტირდებიან გაყიდვებზე, შემოსავლის ზრდაზე და არა საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, ჭკვიანურად გვინერგავენ წარმოდგენებს საკუთარი სურვილების შესახებ.

არადა რეალურად, ის რაც ჩვენ გვჭირდება არის ადამიანური კომუნიკაციები, თანადგომა, მეგობრობა, იმის შეგრძნება, რომ ვიღაც ჩვენზე ზრუნავს. თუმცა არსებული დემინანტური ეკონომიკური მოდელის პირობებში, თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უმთავრესია ის თუ როგორ ჩაივლის სადღესასწაულო გაყიდვები. ის თუ რამდენად წარმატებულად ჩაიარა ახალმა წელმა, დაითვლება არა ადამიანების მდგომარეობით, არამედ გაყიდვების ჯამური წილით. ამერიკელ კომიკოსს, კრის როკს აქვს ამის შესახებ კარგი ხუმრობა, საინფორმაციო გამოშვებებში, ეკონომიკის სეგმენტის წამყვანები, შეწუხებული სახით გვამცნობენ თუ რამდენად მძიმე და წინა წელთან შედარებით საშინელი გაყიდვების მაჩვენებლები იყო ქრისტეშობის დღესო და აღარავის ახსენდება, რომ ფიგურას, რომლის დაბადებასაც ვზეიმობთ, ყველაზე ნაკლებ გააჩნდა მატერიალისტური სურვილები და პირიქით, ამ ვნების მქონე ადამიანებს კიცხავდაო.

მაგალითად, სატელევიზიო რეკლამებში იდეალურად უდგებიან ადამიანის ფსიქოლოგიას და როდესაც უნდათ რაიმე ახალი მოგვყიდონ, პროდუქტს აღგვიწერენ არა მისი მახასიათებლებით, რის გამოც შეიძლება გვჭირდებდეს მისი შეძენა, არამედ იმის ჩვენებით,რაც მართლა გვაკლია: ლამაზი და მზრუველი პარტნიორი, ოჯახური სიმყუდროვე, მეგობრებთან მხიარული დროსტარება და ა.შ. ამის გავლით კი ცდილობენ გაგვიჩინონ იმის ფლობის სურვილი, რაც რეალურად არც არაფერში გვჭირდება. ამიტომ, როდესაც ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელის რეკლამას ვუყურებთ, ვხედავთ ბედნიერი მეგობრების ჯგუფს, რომელიც თბილი ინტერაქციების ბოლოს ერთმანეთს სარეკლამო პროდუქციას უზიარებს, ოჯახს,რომელიც გიგანტური პლაზმური ტელევიზორის ეკრანთან გახარებული გამომეყველებით სხედან და სხვა. ჩვენ გვინდა რომ  ცხოვრებაში მსგავსი ეპიზოდები გაგვაჩნდეს, შესაბამისად, ასეთი ფაბულით მოწოდებული პროდუქცია საინტერესო და მიმზიდველი ხდება, თორემ შეიძლება ის პლაზმური ტელევიზორი სახლის კედელზე ვერცჩამოვკიდოთ.

რომ გადავხედოთ საახალწლო თემატიკის ლიტერატურულ ძეგლებს თუ მხატვრულ ფილმებს, ავტორები, კარგი ავტორები, საფინალო აქტში თვალნათლივ გვიხატავენ სურათს, რომ ერთადერთი რაც ნამდვილად გვჭირდება, ადამიანური კავშირები და გრძნობების გაზიარებაა. ასეა დიკენსთან, “საშობაო სიმღერების“ პროზაში, სადაც მატერიალისტი მთავარი პერსონაჟი ბოლოს აცნობიერებს, რომ ფინანსურ კეთილდღეობაზე და ძვირფას საგნებზე გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანები და მათთან ურთიერთობებია.

ასეა ფრენკ კაპრასთან, ფილმში „ეს საოცარი ცხოვრება“ – გაკოტრებულ მთავარ გმირს, ჯორჯ ბეილის, რომელიც თვითმკვლელობას განიზრახავს ფინანსური კოლაფსის გამო, სიცოცხლეში დააბრუნებს იმის რეალიზაცია, რომ ადამიანების მხრიდან ერთმანეთზე ზრუნვა გაცილებით დიდი მონაპოვარია, ვიდრე კომერციული ანგარიშები. ბოლოს კი ვიგებთ, რომ გაკოტრებულ ჯორჯ ბეილის მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად საკუთარი ემპათიის უნარი და სხვაზე ზრუნვის ინსტინქტი აქცევს, რაც უდიდეს ჰუმანისტურ დივიდენდებად უბრუნდება.

ბოლო-ბოლო, რა არის მთავარი სენტიმენტები ყველა პოპულარულ საახალწლო სურათში, იქნება ეს „გრინჩი“, „საშობაო არდადეგები“ თუ „მარტო სახლში“, ეს არაა არც საჩუქრები, არც სახელფასო პრემია, არც ინდივიდუალური კომფორტი, რეალურად ესაა იმის განცდა, რომ ვუყვარვართ და იმის შესაძლებლობა, რომ ამ გრძნობაზე საპასუხო ემოცია ჩვენც გაგვაჩნდეს. თუმცა ამ ფილმებშიც დიდწილად საბოლოო მანევრი მარკეტინგული გათვლაა, იმიტომ რომ მაყურებელს ზუსტად ასეთი ფინალი გვჭირდება.

ამიტომ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას საახალწლო შემოთავაზებებს, რომლებიც მცდარ საჭიროებებს აჩენს. ერთადერთი რაც გჭირდებათ ახალ წელს, ახლობელი ადამიანებია, ამაში კი ფულს არავინ გამოგართმევთ. იმედია. თუმცა ისიც შეგიძლიათ, ახალი წლის ღამეს სრულიად მარტო დაჯდეთ და „დეკალოგს“ უყუროთ. ამ უკანასკნელ მოცემულობას პირადად მე სრული სერიოზულობით განვიხილავ. მოკლედ, გილოცავთ დამდეგს და2020 წელს პირველ რიგში მარტივი ნაბახუსევით გაღვიძებას გისურვებთ.