„ახალგაზრდა“ მწერლები ისევე არიან გატაცებული მანქანებით, როგორც „ახალგაზრდა“ მხატვრები. რა,თავისუფალ ლექსებად თქმულ დითირამბებს არ მოისმენთ მანქანებზე ამერიკის შუა დასავლეთიდან! ევროპის კონტინენტის წარმატებულმა მწერლებმა საკუთარი სიამოვნებისთვის სრულიად დაუჯერებელი ჩიკაგოები და ნიუ-იორკები გამოიგონეს, სადაც ყველა სახლი ცათამბჯენია და ყველა ცათამბჯენი ქარხანა, შეუსვენებლად მბრუნავი ბორბლებით; სადაც ყველა ქუჩაზე ლიანდაგი აგია, ბუხრის მილების გარშემო თვითმფრინავები წრეებს უვლიან, ყრუ კედელებზე რეკლამები ციმციმებს, ავტომობილები საოცარი სისწრაფით დაქრიან, ისეთი ხმაურია, როგორც სატანის პანდემონიუმში. გთავაზობთ, მაიაკოვსკის სტრიქონებს ჩიკაგოზე:

“ერთადერთ ხრახნზე სუფევს ქალაქი,

ანუ დინამო-ელექტრონულ-მექანიკური.

ჩიკაგოს ცაში

ცირკის ფოლადის

კომიკოსები დაჯირითობენ.

მეტროს გვირაბში

მიწის ვერსებს მოვაშანდაკებთ

 

 

და მოედანზე გამოვაღწევთ.

სავსეა ხალხით.

ვერსთა სიგანე მეტია სამზე.”

(ნაწყვეტი მაიაკოვსკის პოემიდან. თარგმნა ვახტანგ ჯავახაძემ)

 

თომას მურის აღწერილი აღმოსავლეთი „ლალა რუკში“ ნაკლებად რომანტიკული მოგეჩვენებათ  მასთან შედარებით.

თანამედროვე ხელოვნებისთვის დამახასიათებელი მანქანებისკენ ლტოლვა პირვანდელ მდგომარეობამდე დაბრუნებასგავს, მე რასაც მეორე ბავშვობას ვუწოდებდი. თორმეტი წლის ასაკში ყველა ვგიჟდებოდით ლოკომოტივებზე, გემების ძრავებზე, ჩარხებზე. ყველას გვქონია ამბიცია ცეცხლფარეში ან მემანქანე გამოვსულიყავით, ოღონდაც სათაყვანებელ მანქანასთან საათობით გვემუშავა. მაგრამ, როცა წამოვიზარდეთ, უმეტესობა მივხვდით, რომ ადამიანის სული ბევრად უფრო უჩვეულო და საინტერესოა, ვიდრე ყველაზე დახვეწილი მექანიზმი. თანამედროვე ხელოვნება კი თითქოს არ გაიზარდა; ბავშვობის გატაცებებში ჩარჩა. უნდა, რომ პრიმიტიული იყოს. მოგაგონებთ, რომ რომანტიულ რუსოსაც ასე დაემართა. მაგრამ თუ რუსოს ველური კეთილშობილი, დახვეწილი და გონიერია, თანამედროვე ხელოვანებს სურთ დაემსგავსონ ჯურღმულის აპაჩის, აფრიკელი შავკანიანის და თხუთმეტი წლის სკოლის მოსწავლის ნაჯვარს. ჩვენი თანამედროვე რუსოები აბუჩად იგდებენ ფსიქოლოგიას (როგორი გააფთრებულებიეცნენ პარიზში პრუსტს ეს ჭეშმარიტად მოწინავე ახალგაზრდები!); ისინი ნებისმიერი ფორმის მეტაფიზიკას აქილიკებენ; წესრიგს და გონიერებას ზიზღით უყურებენ და ვინაიდანწერას და ხატვას მაინც აგრძელებენ, სრულიად გაუგებარია, ხელოვნებას დროის ფუჭად კარგვად რომ მიიჩნევენ. მათი აზრით იდეალური ცხოვრება სავსე უნდა იყოს ხმაურით, სპორტით, ტექნიკით და თანაზიარი მღელვარებით.

მე პირადად დიდად არც ერთი რომანტიზმი არ მიყვარს. თუ ვალდებული ვარ, ერთ-ერთი ავირჩიო, ვფიქრობ, ძველს ვამჯობინებდი. სულისა და პიროვნების მნიშვნელობის განდიდება მატერიალურის, საზოგადოებრივი ინსტიტუტების, ტექნიკის და ორგანიზაციების დაკნინების ხარჯზე, ჩემი აზრით, სწორი მიმართულებაა. ახალი რომანტიზმი, რამდენადაც მე მესმის, სიკვდილისკენ მიემართება. (მაგრამ, შეიძლება რასაც მე სიკვდილს ვუწოდებ, ახალი რომანტიკოსებისთვის სიცოცხლეს ნიშნავდეს და პირიქით). არა, ჩემი ნება რომ იყოს, არცერთ რომანტიზმს არ ავირჩევდი და ყველას მოვუწოდებდი, რაღაც შუალედური მიეღოთ. ერთადერთი ცხოვრების ფილოსოფია, რომელსაც პერსპექტივა გააჩნია და მარად ღირებულია არის ყველა ფაქტის მომცველი ფილოსოფია – ცნობიერების და მატერიის, ინსტინქტისა და ინტელექტის, ინდივიდუალიზმის და კოლექტივიზმის. ბრძენები ერიდებიან ორივე რომანტიზმის უკიდურესობებს და რეალურ, ოქროს შუალედს ირჩევენ.

 

 

 

თარგმნა  თაკო ჭილაძემ

 

 

 

1 2