გაცილება

 

ასეთი არის გასტუმრება სხეულებიდან

იმ აუხსნელი წარმოდგენების,

რომლებსაც იწვევს – გამონაყარი,

ცხელება, ხველა, მოუსვენრობა.

ნაჭრის ფერადი ნაკუწები ძეძვის ბუჩქნარში

არც ისე რთული დასანახია მზის ჩასვლის დროსაც.

გასაცილებლად ბატონების მოჰყავთ ბავშვები,

ტკბილეულით და იმ შელოცვებით,

დედებისა თუ ბებიების კაბის კალთიდან

შრაშუნითა და მწუხრის ბუტბუტით,

მათ საამებლად რომ მოძვრებიან.

ძველმანი ნაჭრით ახალ ნასკვებს ისე კვანძავენ,

რომ შებოჭვისგან თავის დაძვრენა

წარმოუდგენელ ამბად ირწმუნონ,

თითქოს ტოტებში უსაზღვრავენ გადასახლებას

იმ საპატიო ძღვენის სანაცვლოდ,

რაც ბუჩქის ირგვლივ მიმოუფანტავთ.

შემდეგ იწყება დაბრუნება კმაყოფილებით,

ხიდებისა თუ ჭალების გავლით სახლებისაკენ

და საცალფეხო ბილიკებზე მათი დინება,

სასოწარკვეთილ დაღლილობას შეეფეთება

ჭინკებისა თუ ალების სახით

და საფლავებზე ამოზრდილი რუხი ლოდები,

ავი ლანდების თავშესაფრად მოეჩვენებათ.

ძილმორეული თვალებიდან ბავშვებს კი ზღაპრის

გმირები თითქოს ენით ამოჰყავთ

და მთქნარებისგან გაბრუებულ გამოხედვაში

ზანტი სიცელქით ღიმილს მალავენ.

პირველი სახლის განათებულ ფანჯარას როცა

მოხვდება ტყიდან დაღლილი მზერა,

მწიფე გოგრისფერ სიყვითლეში ჩაწვება მაშინ

ნამძინარევი მთელი სიმშვიდე

და გათენებას დაელოდება.

 

 

1 2 3 4 5 6