მოძრავი  სმენა

 

კარდაკარ ხმებმა  ჩაიარეს ჩემო სოფელო,

რა უნდა მეთქვა.

გზადაგზა ზიდეს წვრილი ყუნწები

ნემსის, ძაფი რომ ვერ ეტევა, არც ხილი ება,

ხიდან მოკრიფეს,

გზიდან მოსხიპეს ყველა თვალი სხივი რომ ედგა,

ლოდინის ფერად ააბრიალეს;

პირქარს მოწყვიტეს შეძახილი – ,,ვაი მე დედა,

ვაი მე, ძილი შენ ჩამქრალ თვალებს’’.

ძაფის სიგრძიდან თაფლის ცრემლით შიში ამოდის,

თითზე დახვევის ცოცხალი შიში.

თუ არ იმღერეს გულის უხმო სართულებიდან,

ვისი მოლხენა იქნება მშვიდი.

ეზმორებიან შეპირებულ იმედებს წლები,

აქ რა  დამტოვებს,

რა გამაჩერებს ერთმანეთის დაკარგვის თმენით,

ქვაში გახიზნულ ტკივილს ვახრჩოლებ.

ვიწყები როგორც გაფანტული – დილის სიზმარი,

თითქოს ვნაყრდები,

თითქოს  დამყვება დანაკლისი ჩრდილის სიმაღლის

და უხმაუროდ თითქოს ვმთავრდები.

 

 

1 2 3 4