სამომავლო  პასუხი

 

მკითხე – როგორი ამინდია მოსალოდნელი?…

მოულოდნელი პასუხი დამცდა.

აღარ ვიყავით იმ ასაკში

გვირილებისგან გვირგვინს რომ წნავენ

და გუბეებთან მერცხლის ბუმბულს წააწყდებიან,

თმაში რომ უმაგრებენ ერთმანეთს მეგობრობის ნიშნად;

სამაგიეროდ საპენსიო დანაზოგით

წიგნებს ვყიდულობთ ახლა,

უფასო სასადილოსთან ცოცხალ რიგში

დაგროვილი მწარე გამოცდილება,

დიდი ხანია ზურგს გვიმაგრებს

და ყოველი მომდევნო დღე

სიჩუმეში გადაცვლილი სიბერის საზღაურია.

თუ ჩემი მხარი შენი ხელის დასაყრდენი ჯერ კიდევ არის,

მოსალოდნელი ამინდის შეცვლას რაღა უნდა.

აი პასუხი.

 

 

 

1 2 3 4