დიდი თონეთი

მთიდან ეშვება ზლაზვნით ნახირი
და თან მოჰყვება ნახირს ნაღველი,
ტბორში აგდია ცხენის აღვირი,
ტბორია მწვანე და ანამღვრევი.
ნახირი ზანტად ჩამოდის სოფლად,
თავდაღმართია. ღობე. ძაღლები.
ნაღველისაგან ძნელია ყოფნა,
წყაროზე ჭურჭლით დგანან ბალღები.
სიბნელე ნელა ერევა ლაჟვარდს,
ასე წავიდა მთელი ცხოვრება,
ქვებზე ვეება ჩრდილები  დარჩა
და მოდის ღამე, როგორც ცხონება.
და რა კარგია, რომ სოფლის ბოლოს
ობლად ციმციმებს ერთი ნათურა,
ძაღლი ყეფს,ისიც ერთია მხოლოდ
და სიბნელეში გამოხლართულა.
და რა კარგია, ტრიალებს სუნი
მჭკნარი ფოთლების და სინოტივის,
ისევ ყეფის ხმა.სიჩუმე სრული
და  ყველგან დარდი სველი ლოდივით.
მე ხომ ყოველთვის ასე მტკიოდი,
ასე მიყვარდი, ასე მერჩიე,
და გასძახოდა ტყეს ბუკიოტი…
ამ სიყვარულსაც ვერ შევეჩვიე.
ვერ შევეჩვიე იმ შორ ნათურებს,
რომელთა შუქიც ღამით ფხიზლობდა,
შორს, კოჯრის თავზე სხივი ფათურობს
და იმის იქით – მარადისობა.

 

 

ამხანაგების დასიზმრება

უკვე წასულებს, სვეწაწყმედილებს,
არა კეთილად მყოფთ და ანაგებთ,
ვესაუბრები, მათკენ ვედინე,
სუფრაზე  ვუზი ჩემს ამხანაგებს.

მათ სახეებზე ბრკე და ობია,
ობიდან მჭვრეტენ მათი თვალები,
მე მათი მზერა შემომჭდობია
განელებული ნედლი მთვარეთი.

რად დავიქეცით, რას ვემსახურეთ,
თითქოს გაისმის მათი ყვედრება,
ზოგი სიბნელეს ღვინოს ასხურებს,
ზოგი ჩაქინდრავს თავს, რომ შეთვრება.

მე რა უნდა ვქნა, რა შემიძლია,
ან რა შემეძლო თვითონ მახვეწარს,
თუმც მათი დარდი კი შემიცვნია
და თუმც ცხოვრება მიჩანს ნაფხრეწად,

თვითონ ჩემს თავში ასე ვეღირე,
ასე  ვეთრიე, ასე ვეწამე,
ამათ კი, ღამეს რომ გაეხირნენ,
ამათ რა უნდა ვუთხრა შემწყრალებს.

სანთელი ისევ ისე პარპალებს
და სანთლის სხივი თრთის გაწყდომამდე,
მაშ, თვალს აქეთ ნუ გამოაპარებთ,
ნუ გადმომხედავთ კვლავაც მწყრომარედ.

და თუ ღვინოა, ისევ ღვინოთი,
ამქვეყნად მყოფთა შესვით შენდობა, –
ვისთან ერთადაც ქვეყნად ღვიოდით
და ზიარჭურჭლად გხვდათ უბედობა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10