წვიმის ხმა

რაინერ მარია რილკეს

გამთენიისას გარეთ წვიმა გაიშრიალებს,
წვიმაა თითქოს ამ ცხოვრების წყნარი ანბანი,
და მეც შემარხევს ეს წვიმის ხმა, ისიც შინ არის
წარსულთან ერთად და მე ვგავარ წვიმით განბანილს.
თითქოს ტვირთივით დავატარებ ამ მახსოვრობას,
მახსოვრობა და წვიმის წვეთი, წვიმის ციმციმი,
წარსულის მერე ეს შრიალი ჩემში ცხოვრობდა,
მაგრამ ახლა კი შემომაწვა ჩუმი სიმძიმით…

 

***   ***    ***

რა იცის ნეტავ იმ შორ ვარსკვლავმა,
ადამიანთა რა არის ვნება,
და სოფლის თავზე ჯერ არ დამდგარა,
ცისკიდურზე რომ თანდათან დნება.
რა იცის ნეტავ იმ შორ ვარსკვლავმა,
ადამიანთა რა არის ყოფნა,
და ყოველივეს გამომნასკვავმა
ვინ მოაშუქა თვითონ ის სოფლად.
ის არ ეხება ადამიანურს,
მხოლოდ ხანდახან ციმციმებს ოდნავ,
და არ ირჯება, რატა მიაგნოს
ფანჯრებში უხმოდ ანთებულ ცოდვას.
კაცი ბრუნდება შუაღამისას,
შეაღებს ჭიშკარს, ისმის ჭრიალი,
გაბეზრებული ძაღლის ღნავილით,
ნამთვრალევია და ეჭვიანი.
იქვე კი ქვემოთ გმინავს ქალაქი,
ისიც გაბეზრდა ჩუმი ზრიალით,
არც ფუსფუსია, არც ლაპარაკი,
და არც ვინმეა თანაზიარი…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10