ისევ  მამას

ცა დაისერა ჩუმი ცახცახით
თითქოს ვარსკვლავი ვარსკვლავს მოება
და საიდანღაც გაჩნდა საწყალი
უბრალო სიტყვა: „ამაოება“.
შენ ვიღაცასთან ერთად გატეხე
ლუკმა, ცხოვრების წრიდან გახველი,
ქარი ქანაობს, ქშუის ამდენ ხანს,
ქანაობს, როგორც ბაღში ძახველი.
სხვადასხვა მხარეს გვაკრავს ცხოვრება
ჯვარზე, ვიღაცის ნებას ასრულებს
და ვიღაც ამბობს: „ყველას ცხონება,
რა დაგმართიათ ხმაგაბასრულებს“.
რა ბედენაა, გინდა იყავი
და გინდა ტანჯვით ჯვარზე გაეკარ,
და საიდანღაც გაურიყავი
ჩნდება უბრალო სიტყვა: „რა ექნა“.
ცხოვრების წრიდან როგორ გახველი,
მამა, აგშორდა თითქოს დროება,
არც დარდი დაგრჩა და არც ნაღველი,
როცა ვარსკვლავი ვარსკვლავს მოება.
და დადიოდი ასე ქუჩაში,
ვით ფარატინა ფურცლის ნახევი
ახლა ჩემს ყოფნას ბოლო არ უჩანს,
ქარია შენი ნაკარნახევი.
ნუთუ ასეა, ყოფნა თვითონვე
გაგრიყავს, გაქცევს ცოცხალ ქანდაკად,
ცხოვრება უკან ჩამოიტოვე
და თან იწერდი პირჯვარს ხანდახან.

 

ფითრის ფარაჯა

გამღვიძებია ღამე ლოგინში,
შემომყინვია მთვარე სახეში,
მობეზრდა ალბათ მთვარეს ბოგინი,
შემშინებია გულის გაგლჯის.

აქვე ცხოვრობენ, აქვე არიან,
ამ ჩემი დარდის მოწილადენი,
ვინ ცოცხალია და ვინ მკვდარია,
უკვე ბევრია, ღმერთო… რამდენი!

გამღვიძებია კვლავაც ლოგინში,
კვლავაც ლოგინში გამღვიძებია,
მომბეზრებია სიზმრად ბოგინი,
მერე მიმხვდარვარ: არ მძინებია.

ეს რა მიქნია, რა მიცხოვრია,
ცხოვრება ხელში გამცურებია,
და მერე აღარც დამხსომებია,
რა მყვარებია, რა მძულებია.

გამღვიძებია ღამე ლოგინში,
შემომყინვია მთვარე სახეში,
მუდამ უძილო და ძილმოგვრილი
მოლოდინში ვარ გულის გაგლეჯის.

ღმერთო, ეს მთვარე ჩემს ფანჯარასთან
თვალივით ელავს და იწკურება,
როდის გაიხდის ფითრის ფარაჯას
და როგორ შევძლებ ამის ყურებას.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10