*** *** ***
განათებულა ღამის ქალაქი
ქცეულა ცრუ და მბზინავ ველობად,
ის კი ბრუნდება ულაპარაკოდ
უკვე დატოვა უცოდველობამ.
ტანჯავს გრძნობა, რომ უკვე იმრუშა
და უკვე ნაღვლით თუ გაიღიმებს,
და დატყობია ტუჩებს სილურჯე,
სხეულს – სიტკბო და თვალებს – სიმღვრივე.
რა საცოდავად ბრუნდება სახლში,
სხეულში ვნება უღვივის ღველფად,
შეაღებს კარებს, ამ დილით დახშულს
და უნდა თავი რომ იგრძნოს მსხვერპლად.
ამ დილით ჯერაც არ იყო მსხვერპლი
მარადიული, ტკბილ-მწარე ცოდვის,
და ახლა, როგორც დამფრთხალი ნერბი
გზააბნეული სახლისკენ მოდის.
ხოლო ქალაქი, ღამის ქალაქი
ქცეული ცრუ და მბზინავ ველობად,
ცდილობს ცბიერად, ულაპარაკოდ
შემოატყუოს უცოდველობა.
მაგრამ ქალაქი მრუშია, მრუში,
პირქუშად დუმს და არ იღიმება,
ის საუდუმლოს ინახავს ღრუში
და უაზროა მისი მხილება…
მალე დამთავრდა ეს სიავხორცე,
ტკენა და ტკბობა იგრძნო სხეულმა
და ახლა ფიქრობს, რომ შეახოცეს,
ცოდვა ისე, რომ არც შერხეულა.
არადა, ვნებას ბოლომდე ეგზნო,
მთელი ცხოვრება ებრძოდა ლოდინს,
სასოწარკვეთილს უნდოდა ეგრძნო
მარადიული ზაფრა ამ ცოდვის.
განათებულა ღამის ქალაქი,
ქცეულა ცრუ და მბზინავ ველობად,
ის შინ დაბრუნდა ულაპარაკოდ,
იქ კი არავინ არ მოელოდა.
ერთი შემთხვევის გამო
კვამლი მიიწევს ცისკენ ხვეულად
უბრალო კვამლი – რუხი და მკვეთრი,
არა შორეულ ციურ სხეულთა,
ადამიანთა მაწუხებს ხვედრი.
და რადგან ფიქრობ, რომ ეს ხვედრია,
ნუ იტყვი იმას, რომ სხვისი არის,
თუმც ეს შემთხვევა ერთადერთია,
ჩვენთვის ყველასთვის არის ზიარი.
ვიცი ჩემს სიტყვას დააგვიანდა,
ვიცი, ეს სიტყვა არის გვიანი,
ეს არის ხვედრი ადამიანთა
და არაერთი ადამიანის.