*** *** ***
არ ვიცი, როგორ დავითარსები,
არ ვიცი, ვისი მიშველის ზრუნვა,
მხოლოდ ის ვიცი, მთელი არსებით
ვგრძნობ გარინდული ჰაერის ბრუნვას.
არ ვიცი, ვისი ხელის შეხება
ჩაახშობს ჩემში ამ მწარე განცდას,
ვიცი, საღამომ სივრცე შეღება
და შემოსაზღვრულ მიდამოს გასცდა.
არ ვიცი, ასე რამ დამარბია,
რამ შემოაგდო ჩემში ქარ-წვიმა,
ვდგავარ და თითქოს სადღაც გავრბივარ
და ტანს შემხმარი წლები მაცვივა.
რა ვქნა,არ ვიცი, შემოვეხვევი
ჩემს თავს ნისლივით ანდა ჯანღივით,
და თუკი შემძრავ და შემეხები –
იგრძნობ, რატომ ვარ ასე დაღლილი.
სიზმრის ცხაური
რა უცნაური რამე შემემთხვა…
ადრე თუ სიზმარს ცხადიდან ვღვრიდი –
ახლა სიზმარი ცხადთან შეერთდა,
სიზმარ-ცხადს შორის ჩამიტყდა ხიდი.
და ახლა ვისმენ ღამის ხმაურებს
უკვე სიზმარში და არა ცხადში,
და დღესაც სიზმარს ცხადში ავურევ,
რადგანაც ღამის წინაშე დავრჩი.
და ასე სიზმარ- ცხადში ჯვარცმული,
როცა ვიძინებ, ანდა ვიღვიძებ,
სიზმარში ცხადით ვარ გაკაწრული
და სიზმრის ელდა ახლავს სიფხიზლეს.
რა ეშველება ღამის ხმაურებს,
როდის შეწყდება მდორე დინება,
ღამე აწყდება სიზმრის ცხაურებს,
წავა და სადღაც მიეძინება.