გამოღვიძება
ნაშუაღამევს მე წამომდგარს და ნამძინარევს
გამახსენდება ძილ-ღვიძილში მტკვარი, მდინარე,
რომელიც იქვე ედინება, დიღმის მასივის
კორპუსებს იქით, ბაზარს იქით, სადაც გადაღმა
რკინიგზისაკენ სიზმრისწინა ძილში გადახვალ.
და ეს ხომ უკვე სიზმარია, მწარე სიზმარი,
სადაც ცხადსა სიზმარს შორის მკრთალი ხაზივით
მოჩანს რკინიგზის ლიანდაგი დიღმის მასივის
და იმის იქით ანთხეული ნაძალადევი,
და იმის იქით… იმის იქით – არც არაფერი,
არც არაფერი, არც არავინ, არც არავისი
ნაბიჯების ხმა. საიდანღაც, უცბად, რა ვიცი,
მე ნამძინარევს ხმა მომესმის ცად გადამფრენი
იმ ფრინველების, მასივის ცა რომ გადასერეს,
ცა კი ჰგავს წარსულს, დაცლილ ბოთლებს, წაშლილ ნაწერებს,
ისევ ჩამესმის ყაპყაპით და ფრთების ფართქუნით
მოირხევიან წეროები და იმ აღთქმული
ქვეყნებისაკენ მიფრინავენ და კვლავ მძინარეს
ისევ ის მტკვარი მახსნდება, შავი მდინარე,
და ვხედავ, წეროს ფრთა ტყდება და იმ ფრთის ნარჩენი
მტკვარში ვარდება. მერე ჩემთან დგას მამაჩემი
და უკვე ერთად ბნელ მასივში სადღაც მივდივართ.
ნაწვიმარია. სიბნელეა. ჩვენ გზას განვაგრძობთ.
და მერე მტკვართან გათენების ბლანტი ბინდია,
მოაჯირებზე წეროები იწურებიან,
ირგვლივ დაბალი სახლებია, მიწურებია…
ნაშუაღამევს მე წამომდგარს და ნამძინარევს
გამახსენდება ეს ნაძრახი მტკვარი, მდინარე…
იჭვი
სადღაც შენს სულში თუ სულის ფსკერზე
იმ ერთი ცოდვის განასერია,
რომელსაც ხელის ცეცებით ვეძებ,
რამაც ლექსები დამაწერინა.
ეს ნაწერები ჰგვანან ჭრილობებს
და ჭრილობიდან სისხლი მოწვეთავს,
მე დავიფლითე როგორც ჭილოფი,
ალბათ თვითონვე ვეძებ მომცელავს.
სადღაც შენს სულში, სულის წიაღში
ცოდვის ირიბი განასერია,
და ამ ჩემს ყოფნას ზედვე მივაფშვნი,
ოღონდ ჯერ სისხლით დამაწერინა.
დამაწერინა, როგორ ჭრიალებს
ჩემს სულში დარდი ანდა იჭვები,
როგორ მძალავენ და უჩინარი
ჯავრით შეჭმული, როგორ ვირჯები.
სადღაც შენს სულში ის კვლავ ანთია,
იმ მწარე ცოდვის განასერია,
ჩემი ყოფნა კი იმის დარდია,
იმის ნასხლეტი და ნამსხვრევია.