****   ****  ****

უნდა ვიცოდე, ახლა სად დგახარ,
უნდა ვიცოდე, ახლა სად მელი,
რადგან დაბნელდა და სიბნელეში
შენ ხელთ არა გაქვს შენი სანთელი.
მე მეღვიძება და მახსენდება,
რომ მძინებია თურმე რამდენი,
ხელის ფათურით კედელს დავეძებ,
მინდა ვიპივო ბნელში ჩამრთველი,
რომ გავანათო და გამახსენდეს
ახლა სად დგახარ, ანდა სად მელი,
ვაითუ, მართლა სიბნელეში ხარ
და არ გიპყრია ხელში სანთელი,
მაგრამ თანდათან ვიბრუნებ ხსოვნას
და მახსენდება – აღარსად მელი,
და ყველა ქუჩა ცარიელია,
და სულ უეცრად წყდება სათქმელი.

 

 

*** *** ***

მკაცრია ღამე – ეს გულთმისანი
და მასმენინებს საათის წიკწიკს
და მაგრძნობინებს, რომ ვარ ხიზანი,
სასთუმალთან  დევს ისე, ვით წიგნი.
მკაცრია ღამე – ეს გულთმისანი
და მასმენინებს ძაღლების წკავწკავს,
წყალნი წავლენ და წავლენ ქვიშანიც,
უკვე ბევრი რამ წაიღო წყალმა.
მკაცრია ღამე, – უნდო მოძღვარი,
ჩემი ოთახის კედლებზე ბრწყინავს
და ჩამჩურჩულებს, რომ ვარ ცოცხალი
და სუნთქვით ვავსებ მობჯენილ წყვდიადს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10