ნაშუაღამევს
მე იმ უეცარ წამებს შევესწარ,
ნაშუაღამევს რომ ბრუნდებოდი,
ჩვენ კი გელოდით და კიბეებზე
ისმოდა შენი ლანჩის ფრატუნი.
გზადაგზა ალბათ ხელის ფათურით
ამოდიოდი – გზას მოიკვლევდი –
ჯოჯოხეთური ბნელი კიბეთი;
მე იმ უეცარ წამებს შევესწარ
და მეც ჯვარს ვეცვი მაგ კიბეებზე…
ჩქამიც არ იყო ზოგჯერ იოტი,
სხივიც არ ჩანდა ზოგჯერ იოტი,
მოგვიანებით მე და შენ ერთად
იმავ კიბეზე ამოვდიოდით…
გავხედვ ახლა ნაშუაღამევს,
შენი საწოლი ცარიელია,
მაგრამ მე ვიცი, უკვე ეს ყოფნა
და მოლოდინი წამიერია;
და თუ გაჩერდა გარეთ მანქანა,
თუ გამოვფხიზლდი და გამეღვიძა,
და თუ გაისმა შენი ფეხისხმა –
ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ შევესწარ
ამ მოლოდინს და ესეც მეღირსა.
*** *** ***
ძილი ნებისა, დაიძინეთ, ძილი ნებისა,
სახლში ვბრუნდები,ვიყურები, თითქოს უნაგირს
ვხსნი ცხენს მხედარი თავის კერას ძლივსმოღწეული
სადღაც სოფელში. მიხარია, მეც რომ მეღირსა,
მეც რომ მერგუნა ერთადერთი ჩემი ბუნაგი.
და მხვდა ეს ხვედრი: მშვიდი ძილით ვიქნე ძლეული…
ძილი ნებისა სინათლეებს, გზაჯვარედინებს,
ძილი ნებისა, მე ხომ სახლში დამაგვიანდა,
მთელი ცხოვრება შინისკენ ასე ვედინე
და უკვე მაშინ მოვაღწიე, როცა ინათა…
ძილი ნებისა ელნათურებს, ბოძებს, შუქნიშნებს,
რადგანაც ვიცი, არაერთხელ, ნაშუაღამევს
ცარიელ სკვერთან ჩავიარე და მათ შემნიშნეს,
გამომაცილეს, არ ელოდნენ, რომ კვლავ მნახავდნენ,
ძილი ნებისა მოფრთხიალე ღამის ცხოველებს
და, რა თქმა უნდა, შენობებში ღამის დარაჯებს,
მათ ჩემი სიტყვა უჩვეულოდ გააცხოველეს,
და შეიძლება მე ამ სიტყვით ხვალვე გადავრჩე;
ძილი ნებისა თქვენც, შვილებო, ძილი ნებისა,
„ძილი ნებისა“, – ამოვღერღე მოსვლისუმალვე,
რადგან სახლამდე მოვაღწიე, რადგან მეღირსა
ჩემი სიზმრები მომეტანა ჩემს სასთუმლამდე…