მტკვრისპირა ელეგია
ლ. რ. – ის ხსოვნას
და თუ მადლია ეს სიცოცხლე,
როგორ ამბობდი,
მაშინ როგორღა შეიძლება
რომ გაატანო მტკვრის მღვრიე ტალღებს?
„მრავალ დროების მოწამე ხარ,
მაგრამ ხარ უტყვი“.
ო, არა მხოლოდ მტკვარია უტყვი,
არამედ მჯერა,
უტყვია ქვეყნად ყველაფერი,
უტყვია ყველა,
რადგან ვისაც სურს გახსენება შენი, ისიც კი,
ისიც კი დუმს და ისეთნაირს ვერაფერს ამბობს,
რომ მოამრგვალოს ყოფიერება.
ეს სენ თვითონ დატოვე ღრიჭოდ
ჩვენი ცხოვრება,
როცა უჩინრად მიატოვე თავსასთუმალი,
გაიარე უკანასკნელად ღამის ქალაქი
და შეხვედი
მტკვრის ბნელ ტალღებში.
შენ არ წასულხარ „ფიქრთ გასართველად“,
და არ წასულხარ „განსასვენებლად“,
იმ წუთებში შენ თვითონაც იყავი უტყვი
და მრავალი რამის მოწამე!
ნუთუ ეს იყო შენი პასუხი
იმაზე, რასაც ცხოვრება ჰქვია?
პასუხებია თვითონ ტალღები
ამ მარადიულ მდინარისა
ბნელ ხიდქვეშ რომ ედინებიან.
ის ხომ ყველაზე ცივი არის,
ყველაზე ბნელი და ყველაზე მსწრაფწარმავალი.
ის ხომ აქ არის, ამ ქალაქში,
ყოველდღე ვხედავთ
და ყოველ წამს ხელით ვეხებით
მის მოაჯირებს.
ის ხომ არის ყოველდღიური
და თან არის მარადიული.
ის არც ლეთაა,
არც აქერონტი,
ის არის მტკვარი.
ის ხომ არის შემზარავად რეალური
და განდევნის მეტაფიზიკურს.
მაგრამ არა!
მრავალდროების მოწამეა და თან უტყვია!
და მის ტალღებს ვინც ღრმად ჩასცქერის,
მისთვის ცხოვრება
არის ფუჭი ამაოება.
რადგან ამ ტალღებს
დააქვთ რაღაც ბნელი და მწარე,
რაღაც უთქმელი
და ყველასთვის გაუგებარი,
რადგან ამ ტალღებს დააქვთ სიკვდილი
და ვინც მას იგრძნობს,
მეტაფიზიკურ ტანჯვასაც ის ეზიარება.
შენ შენი თავი ამ მტკვარს მიანდე,
რომელსაც არცკი უფიქრია
რეალობის კალაპოტი გამოერღვია
და ქცეულიყო ურღვევ სიმბოლოდ.
შენ შენი თავი ამ მტკვარს მიანდე
და წაგიღო ძალიან ნელა.
დროსთან ერთად,
წყალში არეკლილ ნათელთან ერთად,
ღამესთან ერთად,
ყველაფერთან ერთად წაგიღო,
რაც მიაქვს ხოლმე დუბრუნებლად
გაჩირაღდნებულ ქალაქიდან,
თავის შიგნით ჩაგიხვია,
ჩაგიტრიალა ღამის ჩქერებში.
ხოლო დილით კი
მტკვარში იდგნენ ორთაჭალელი მებადურები
და ძველებურად შლიდნენ ბადეებს.