სხვათაშორის, გრიგოლ რობაქიძე სიძველეთა მჩხრეკელი იყო და ინტუიცია არ ღალატობდა: ვაჟას შემოქმედებაში მითოსურმა საწყისმა მიაკვლევინა მისი შემოქმედების გენეზისი, მისი წარმომავლობა, მისი ფესვები, აკაკისთან კი სიძველე, ფესვები,გენეზისი უჩინარია და ამიტომ რობაქიძე ზოგადად აკაკის ლირიკის „პირველქმნილებას“, „შეუცნობლობას“, „სტიქიურობას“ ასახელებს. რა თქმა უნდა, ის საუბრობს მელოდიკაზეც, მაგრამ ლირიკის მუსიკადქცევა და ამ მუსიკის ქართულ მსოფლშეგრძნებასთან ნათესაობა საგანგებოდ განხილული არა აქვს. არადა, მელოსის გარეშე აკაკის პოეზიის განსაზღვრა წარმოუდგენელია. მელოსის მეშვეობით მყარდება ძირძველ ქართულ მსოფლშეგრძნებასთან კავშირი. ვახტანგ კოტეტიშვილი წერს: „ შეიძლება ითქვას, რომ არცერთი პოეტის ლექსებს იმ ოდენობით არა მღერის ჩვენი ხალხი, როგორც აკაკისას. ამისი მიზეზი სწორედ ის „ნათლად ხილვა“ არის, რომელსაც დიდი სიმარტივე ახასიათებს და რაც ასე უყვარს ხალხს და დიდ ოსტატებს“.
როგორც ვხედავთ, ვახტანგ კოტეტიშვილი აკაკის ლექსების სიმღერადქცევის მიზეზად „ხალხურობას“, „ნათლად ხილვას“, „დიდ სიმარტივეს“ ასახელებს. ყოველივე ეს ცხადი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ამ მოვლენის ახსნისთვის არასაკმარისი.
ისევ სიმონ ჩიქოვანს მივუბრუნდეთ, რომელიც უფრო ღრმად იჭრება ამ საკითხის სივრცეში. ის აკაკის შესახებ წერს: „მისი ლირიკული ლექსები უფრო პოეტური საგალობლებია, ვიდრე პოეტური სურათები, მისი შინაგანი პოეტური მიდრეკილება უფრო მელოდიისკენ იხრებოდა“.
სიმონ ჩიქოვანმა მარჯვე დეფინიცია გამოუძებნა აკაკის ლექსებს: „პოეტური საგალობლები, რომელიც მიმართული იყო არა ღმერთისადმი, არამედ სამშობლო ქვეყნისადმი“. ვერაფერს იტყვი. ნამდვილად ხატოვნად, ზუსტად და ღრმააზროვნად არის ნათქვამი, ოღონდ ჩემ მიერ დასმული კითხვა და გაცემული პასუხი სხვა აქცენტს გულისხმობს; საქმე ის არის, რომ მე საკითხის ირგვლივ უფრო მეტის გაგება მსურს, რაც ამ ავტორებს მიზნად არ დაუსახავთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ნათქვამს – შეკითხვასაც და პასუხსაც, რომელსაც გაგრძელება მოჰყვება.
ქართველმა ხალხმა აკაკის შემოქმედებაში საკუთარი თავი შეიცნო, რის გამოც განსაკუთრებულად შეიყვარა პოეტი. მე დავსვი კითხვა: ისეთი რა ნიშნები აქვს აკაკის შემოქმედებას, რომლის გამოც ხალხმა ასე შეიყვარა პოეტი? პირველ რიგში, გამოირიცხა მხოლოდ მაღალმხატვრულობა, ვინაიდან ეს ძალზე ზოგადი, მრავლისმომცველი ცნებაა. ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ იყვნენ სხვა დიდი პოეტებიც, რომელთა შემოქმედებაშიც ასეთი ხარისხით არ შეუცვნია ხალხს თავის თავი.
უკვე ვთქვი და ხაზგასმის მიზნით კიდევ ერთხელ ვიტყვი: აკაკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიზეზი მისი ლირიზმის უნიკალური, მელოდიურობისკენ მიდრეკილი წყობა გახდა. აქ ძევს მისი პირველქმნილება, რომელიც ქართველი ხალხის მსოფლშეგრძნების ნათესაურია. აკაკის ტექსტშია ის მარცვალი, რომელიც აუცილებლად მუსიკად, მელოდიად უნდა იქცეს, ამიტომაც ეს მელოდია გარედან კი არ უნდა მიესადაგოს ტექსტს, არამედ ტექსტის სიღრმიდან უნდა იშვას, მისი განვრცობა უნდა იყოს.
და ახლა ვიტყვი იმას, რაც აქამდე არ მითქვამს: ბარათაშვილის ლირიკა თვითკმარია, ვინაიდან ფილოსოფიური მედიტაცია ბოლომდე ავსებს მის შინაარსობრივ და ჟღერად სამყაროს; თვითკმარია გალაკტიონის ლირიკაც, რომელიც მთლიანად ბგერწერულ სახეებზეა აგებული; გამონაკლისია აკაკი. მის ლექსებს ახლვს მელოდიური განვრცობის მუდმივი პერსპექტივა, მისი ლექსები მელოდიური შევსების ნიშნით არათვითკმარია. ეს ერთგვარი „ნონ ფინიტოა“, რომელიც მუდმივ დასრულებას მოითხოვს. მე ვფიქრობ, სწორედ ამ რიგის ლექსები გამოკვეთს აკაკის, როგორც პოეტის ინდივიდუალურ სახეს უფრო მკაფიოდ, ვიდრე მისივე რიტორიკული ლირიკა. აკი თვითონ აკაკიმ თქვა, „რაც არ იწვის, არ ანათებსო“. ესეც მისი შემოქმედებითი პრინციპი იყო და არა პროგრამა, ვინაიდან ლირიკული მუზა მუდამ წინასწარგანუჭვრეტელია და არავითარ პროგრამას არ ექვემდებარება. მისი ნიშანი ფოსფორისებური ნათებაა, მუდმივი ნათება, ეს ნათება კი შინაგანი წვის გარეშე შეუძლებელია.
აკაკის ლირიკული ლექსების ის ნაწილი, რომელიც რიტორიკულად იწოდება და სადაც პოეტი წარმოჩნდება, როგორც „გარემოების საყვირი“, რასაკვირველია, უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ლექსების პუბლიცისტური შინაარსი უფრო მეტად გასაქანს აძლევს მახვილგონიერებას და ზღუდავს ლირიკულ აღმაფრენას. ყოველ შემთხვევაში, ამ ლექსებში არ ჩანს აკაკის ლექსების მუსიკადქცევის მუდმივი პერსპექტივა, მისი ხაზგასმული მელოსური ბუნება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მთელ მის შემოქმედებას. პავლე ინგოროყვა რომ წერდა, აკაკის ნაწერები პოეზიის რელიგიად ითვლებაო, არა ამ ლექსებს, არამედ სწორედ მეტაფორულ და მელოდიურ ლირიკას გულისხმობდა.
გერონტი ქიქოძე ამბობს, აკაკი წერეთელი ასპარეზზე ფხიზელ პოზიტივისტურ საუკუნეში გამოვიდა, მაგრამ სატრფიალო ლირიკის შედევრები მაინც შექმნაო. XIX საუკუნისთვის მხოლოდ ერთი ნიშანი – პოზიტივიზმი – მრავლისმთქმელი ვერ იქნება. ეს უაღრესად მრავალმხრივი საუკუნე იყო. ნატურალიზმისა და რეალიზმის უკიდურესი აღზევების შემდეგ გაჩნდა მეტაფიზიკურისკენ სწრაფვის წყურვილი, დაიბადა ძლიერი ტალღა და ეს იყო სიმბოლიზმი, სიმბოლისტური სკოლა, რომელიც არაჩვეულებრივად ხატოვნად სწორედ მუსიკალური ნიშნით გამოვლინდა ლირიკულ პოეზიაში. საქართველოში ამ სკოლის საუკეთესო წარმომადგენლის – გალაკტიონ ტაბიძის – სულიერ მოძღვრად სწორედ აკაკი წერეთელი მოგვევლინა, რაც სავსებით კანონზომიერი იყო.
1 2