აკაკის ლირიკის შესახებ მრავალი რამ თქმულა. არსებითად მისი შემოქმედების ზოგადი ხასიათი გარკვეულია და განსაზღვრული. სხვათა ნააზრევის გათვალისწინებით მეც მინდა მოკლედ და გასაგებად გამოვთქვა ჩემი აზრი, რათა წარმოვაჩინო აკაკის ლირიკის არა მხოლოდ ბუნება, არამედ მისი მნიშვნელობაც.
ყველა სხვა ხელოვნებათა შორის პოეზია – ეს სიტყვიერი ხელოვნება – ყველაზე უფრო ეროვნულია, ვინაიდან ამა თუ იმ ენის წიაღიდან არის ამოზრდილი. პოეზია ენის თვისებააო, ამბობდა გერმანელი მოაზროვნე იოან გოტფრიდ ჰერდერი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასევე გერმანელი მოაზროვნე ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი არ იზიარებდა ენის ფენომენის ყველაზე გავრცელებულ და მარტივ გაგებას, თითქოსდა ენები მხოლოდ იმით განირჩევიან ერთმანეთისგან, რომ ერთსა და იმავე საგნებს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. ჰუმბოლდტის მიხედვით, ენა არ არის მხოლოდ საგნის აღმნიშვნელი ფენომენი, ის უფრო მეტია. ყოველი ენა სამყაროს ხედვის თავისებური წესია, სრულიად უნიკალური მსოფლხედვაა და, რადგან პოეტს მშობლიური ენის განსაკუთრებული შეგრძნება აქვს, მას სამყაროს ხედვის განსაკუთრებული ნიჭიც უნდა ჰქონდეს.
ეს ნიჭი, რა თქმა უნდა, უხვად ჰქონდა მომადლებული აკაკის, მაგრამ მხოლოდ ამ თვისებას არ განუსაზღვრავს მისი ეროვნულობის მაღალი ხარისხი. ენის ფლობასთან ერთად მას ჰქონდა ყველა სხვა ის ნიშანი, რომელთა სიმბიოზმაც მისი განუმეორებელი სახე შექმნა. ამ სახეში ქართველმა ხალხმა თავისი თავი შეიცნო და სწორედ ეს იყო და არის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი. ერის მიერ პოეტში საკუთარი თავის შეცნობა იშვიათი მოვლენაა და მას პოეტის ნატურაში მრავალი ფაქტორის, მრავალი თვისობრივი მახასიათებლის დამთხვევა განაპირობებს.
არსებობენ დიდი პოეტები, რომლებიც ამ იშვიათ მადლს მოკლებულნი არიან, რადგან თვისობრივად სხვა კატეგორიას განეკუთვნებიან. აკაკი კი ნამდვილად ის პოეტი გახლდათ, ვინც ბუნების მიერ ქართველი ხალხის „ხატად და მსგავსად“ იყო შექმნილი და ვის სახეშიც ქართველმა კაცმა საკუთარი თავი შეიცნო.
სიმონ ჩიქოვანი წერდა: „აკაკი წერეთლის სულიერი წყობა სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ნიკოლოზ ბარათაშვილისა. თუ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაში სრულყოფილად გამოვლინდა ქართული პოეტური აზროვნების რთული ბუნება, მძაფრი ლირიკული ხმა და გარდაუვალი დაეჭვება, აკაკი წერეთლის ლირიკული სიმღერა უფრო ქართველი კაცის ხასიათის ანარეკლია და მისი სულის მელოდიურობის მაუწყებელი“.
დავაკვირდეთ: აქ ერთი რამ არის ხაზგასმული – ნიკოლოზ ბარათაშვილი რთული და უნივერსალური მხატვრული აზროვნების შემოქმედია, აკაკი წერეთელი კი ქართველი კაცის ღრმად მონათესავე სული. აქ არ არის ლაპარაკი მეტ- ნაკლებობაზე. ეს თვისობრივი ნიშნებია და არა მეტ-ნაკლებობის მახასიათებლები.
იბადება კითხვა: მაინც რამ შექმნა აკაკის ასეთი უნიკალური სახე? რით აიხსნება ზოგადქართულ სულიერებასთან და ქართულ ხასიათთან მისი ასეთი ღრმა ნათესაობა? ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ეს ცალკე და საგანგებო კვლევის საგანია, მაგრამ შევეცადოთ და ზოგადად მაინც მოვხაზოთ გარკვეულ ნიშან-თვისებათა წრე.
აკაკის პოეტური შემოქმედების უპირველესი ნიშანია მისი უაღრესად თავისებური წყობის ლირიზმი. ლირიკა აკაკის მთელ არსებას მოიცავს. ის უაღრესად ფაქიზი ლირიკოსია, თუმცა ამის თქმა თითქმის არაფერს გვმატებს. ლირიკოსები მრავლად არიან, მათ შორის ფაქიზი და მძაფრი ლირიკოსები. საძიებელია თვით ამ ლირიზმის თავისებურება, მისი დამახასიათებელი უპირატესი ნიშანი, ჩემი აზრით, ეს არის პირველქმნილება, ძირძველობა, დასაბამიერობა. ეს თვისება შენიშნა დ მოიხელთა გრიგოლ რობაქიძემ. ის ამბობს: „აკაკიც მქმნელია ქართული სიტყვის; „აკაკიც ცინცხლია და პირველყოფილი“. აი, ეს „პირველყოფილება“ ანუ პირველქმნილებაა ნიშანი მისი ლირიკისა. ამ ანტიკურობას ანუ სიძველეს კი, თავის მხრივ, ჩემი აზრით, აკაკის ლირიკის მოჭარბებული მელოსური საწყისი ამჟღავნებს. მისი მეშვეობით ჩვენ ევროპული, ანტიკური ლირიკული ხელოვნების პირველსათავეებს ვეზიარებით. აკაკის ლექსი ზეპირსიტყვიერი შემოქმედების ნიმუშს ჩამოჰგავს, რომელიც ჩაწერისთანავე ამჟღავნებს თავის ერთ თავისებურებას: ის მოითხოვს სულის შთაბერვას, ევფონიურ გავრცობას, მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებას. ის არ არის თვითკმარი და ამიტომ მოითხოვს შევსებას. აქ გამოსჭვივის ანტიკურ ლირიკასთან აკაკის ნათესაობა, ძირძველობა, პირველქმნილება. ძველბერძნული სამყაროს მუზა-ქალღმერთი ევტერპე ლირიკული პოეზიის და მუსიკის მუზაა ერთდროულად. აკაკი ლექსიც ამ ერთდროულობას მოითხოვს, ოღონდ ძველბერძნული კითარისა და ფლეიტის ნაცვლად აქ ჩონგურმა უნდა გაიჟღეროს. ჩონგური იქცა აკაკის შემოქმედების მელოსურ სიმბოლოდ:
ჩონგურო! ჩემო ჩონგურო,
ოცნების ზღვაში მცურავო!
შენი კრიმანჭი წკრიალი
ხელახლად მომეწყურაო.
მიმოფრენ, მეც თან დაგყავარ
წამის – წამ, კიდის – კიდესო!
ვეღარ მერევა სიკვდილი
მე შენსა გადამკიდესო!
დიდება შენსა მოვლენას
ციერო, ტკბილო ძალაო!
დაადნა გული შენს სიმებს
და სული დაიცალაო.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ანტიკურ სამყაროში ლირიკულ ლექსთან ინსტრუმენტების – ფლეიტისა და კითარის თანხლება წარმოთქმის ხელოვნებამ, დეკლამაციამ შეცვალა. აკაკის არც აქ უღალატია დასაბამიერი ლირიკული კანონებისთვის და მეტად შთამბეჭდავი მელოდიური წამღერებით წარმოთქვამდა თავის ნაწარმოებებს, მაგრამ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ წამღერება ანუ დეკლამაცია ვერ ავსებს აკაკის ლექსის სივრცეს, მან თავისი მელოსური ბუნება ბოლომდე უნდა გაშალოს, რომ ხელახლა იშვას და ახალი სიცოცხლე შეიძინოს. ასეთ ბედნიერ მელოდიებად გარდაისახა და სრულიქმნა აკაკის „განთიადი“, „სულიკო“, „ციცინათელა“ და სხვა არაერთი ლექსი. სიმღერებად ქცევა კი ტექსტის ლირიკული წყობით იყო ნაკარნახევი. სიმღერა აკაკისთან ტექსტის ორგანული გაგრძელებაა.
მაშასადამე, აკაკის უღრმესი სიახლოვე ქართულ ხასიათთან, ქართველი კაცის მიერ საკუთარი თავის შეცნობა მის პოეზიაში ამავე პოეზიის ლირიკული წყობით არის გამოწვეული. აქ სრულიად ირაციონალურ მოვლენათა ჯაჭვია გაბმული და ქართული მსოფლშეგრძნების სათავეებს ეხმაურება. აკაკი აქ ნამდვილი მედიუმია. ისევ გრიგოლ რობაქიძეს დავიმოწმებ: „აკაკის ბუნება უფრო შეუცნობელია, ვიდრე შეცნობილი, უფრო სტიქიური, ვიდრე გამიზნული: მის სამხატვრო პროცესში თავისთავად ხდება ყოველი: თითქოს პოეტი თვალახვეული იყოს და მისი ხელით უხილავი მუზა სწერდეს“.
1 2