მარიამ ალექსიძის თანამედროვე პლასტიკურ სახეებს ნიკა მაჩაიძის ვიდეო ინსტალაცია და ხმების სიმფონია, ნატალია ბერიძის მკვეთრი ელექტრონული მუსიკა  ორგანულად ერწყმის. „12 პაემნის“ მოწესრიგებული ქაოსის ფინალში კი ისმის ცნობილი ფინელი კომპოზიტორის, იან სიბელიუსის „სევდიანი ვალსი“ (დავით მაზიაშვილის მიერ შერჩეული), სივრცის შუაგულში გამოდის თეთრი, ფრიალა კაბით მოსილი მარიამ ალექსიძის დასის წამყვანი სოლისტი ნინო გოგუა, როგორც ცხოვრების სისასტიკეს დაპირისპირებული ადამიანი და გულშიჩამწვდომი მუსიკის ფონზე ისე ცეკვავს, თითქოს შეწყვეტილ თაფლობის თვეს იხსენებსო. თითქოს მცირე ხნით საკუთარ თავში ახალი ძალა იპოვა, რომ პატიმარი ქმარი გაამხნევოს. ეს ლირიკული ფინალი რამდენიმე წუთი გრძელდება და მალე სინათლე ქრება.

 

მარიამ ალექსიძის მულტიმედიური ბალეტი „12 პაემანი“ თანამედროვე ცეკვის მშვენიერი ნიმუშია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თანამედროვე ცეკვას („კონტემპორარი“) თავის დასამკვიდრებლად არაერთი სირთულის გადალახვა მოუხდა. ცნობილმა ფრანგმა ქორეოგრაფმა მაგი მარენმა, სანამ თბილისში ბალეტ „კოპელიას“ მისეულ ინტერპრეტაციას ვაჩვენებდით, მომწერა: „XX საუკუნის 70-იან წლებში, ჩემს ქვეყანაში, ძალიან ცოტა ვინმე თუ მუშაობდა თანამედროვე ცეკვის კუთხით, ხოლო ვინც მუშაობდა, ზიზღს იწვევდა. ცეკვად მხოლოდ კლასიკური ბალეტი ითვლებოდა. ამერიკელი და გერმანელი ქორეოგრაფების გამოჩენამ (იგულისხმება ალვინ ნიკოლაისი, სიუზან ბიურჟი, კაროლინ კარლსონი, პინა ბაუში) ბევრ ახალგაზრდა მოცეკვავეში აღძრა სიახლეების შემოტანის სურვილი. ამ სურვილების ახდენა კი  შესაძლებელი გახდა იმ დაფინანსების წყალობით, რომლითაც მათ, 1981 წელს, საფრანგეთის ხელისუფლებაში მოსული მემარცხენე მთავრობა დაეხმარა. სწორედ ამ დახმარებამ შეუწყო ხელი თანამედროვე ცეკვის კომპანიების წარმოშობას“.

 

აღსანიშნავია, რომ, 2016 წელს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურის, თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. საქართველოში თანამედროვე ცეკვის განვითარებას ასეთი თანადგომა ძალიან სჭირდება. დღეს ჩვენშიც  ბევრისთვისაა მიუღებელი თანამედროვე ცეკვის პლასტიკა, მისი მრავალგვარი ტექნიკური შესაძლებლობები, საუკუნეების წინ დადგენილი კოდების უარყოფა ან მათი ახლებურად ჩამოყალიბება.  „12 პაემანში“ ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე მოძრაობები და ქართული „სამაიასა“ და „ხორუმის“ ილეთები. მარიამ ალექსიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ნოვატორი ხელოვანია, რომელიც ცეკვის საზღვრებს აფართოებს და სამყაროს მისეულ ხედვასა და პოზიციებს მკაფიოდ აფიქსირებს. დავფიქრდეთ, ვიმსჯელოთ, კითხვები დავსვათ,  პასუხები ვეძებოთ, – „მიმართავს“ მაყურებელს ხელოვანი. იგი ეხება ყველასათვის მტკივნეულ, მარადიულ თემას. მაყურებელიც (განსაკუთრებით, ახალგაზრდობა) ფიქრობს, განიცდის, პასუხების პოვნას ცდილობს და ამ პროცესში თავადაც ტრანსფორმირდება. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წარმოდგენის დასრულების შემდეგ აღარ ხარ ისეთი, როგორიც მანამდე იყავი, მინიმუმ,  უფრო სიღრმისეულად მოფიქრალი ხარ.

 

პოსტსკრიპტუმი: პრემიერის დასასრულს, 2021 წლის 13 ოქტომბერს, პატარა ბიჭმა „12 პაემანში“ მონაწილე მსახიობებს წითელი ვარდები ჩამოურიგა. ამით არა მხოლოდ მარიამ ალექსიძის დასის მსახიობებს, არამედ ყველა იმ ქალს მიართვეს ვარდი, რომლებსაც პატიმრების ოჯახების წევრები ჰქვიათ…

 

 

 

 

 

1 2 3