„12 პაემანი“ რამდენიმე კუთხითაა გამორჩეული: სოციალური თემატიკის წინა პლანზე გადმოტანით, თემისადმი მულტიმედიური მიდგომით (ელექტრონული მუსიკის, ქორეოგრაფიის, ხმებისა და ვიდეო გამოსახულების სინთეზი), სხვადასხვა თაობის მოცეკვავეების ერთ დადგმაში შეკრებით (დასის მსახიობებთან ერთად წარმოდგენაში მონაწილეობს წარსულში ბალეტის წამყვანი სამი მოცეკვავე), ცეკვისთვის არატრადიციულ „სცენაზე“ გამოსვლით, თანამედროვე პლასტიკით, დიდი სიმძაფრით.
მუშთაიდის ბაღიდან მოძრაობის თეატრში გამოყოლილმა საღამოს ხეების მათრობელა სურნელმა ეს სიმძაფრე უფრო მეტად მაგრძნობინა. გარე, ამ შემთხვევაში უწყინარ ბაღსა და შიდა, სერიოზულ სივრცეს შორის კონტრასტი უფრო თვალნათელი გახადა. მაყურებლის ყურადღება ჯერ ვიდეოინსტალაციამ მიიპყრო. სივრცის სიღრმეში, იქ, სადაც წესით ფარდა უნდა აიხადოს, გამოჩნდა საპატიმრო, გისოსებიანი ფანჯრები – ხან უმოწყალოდ ჩაბნელებული, ხანაც წამიერად განათებული და ამ განათებით გაშიშვლებული. ამ პროცესს თან ახლდა სხვადასხვა ხმა: დარტყმის, კარის გაჯახუნების, ნაბიჯების, ჭრაჭუნის, ხახუნის, დაცემის, ამოსუნთქვის… „სცენის“ მოპირდაპირე მხარეს, თიხისფერი და კრემისფერი ლაბადით მოსილი თორმეტი ქალი ჩამწკრივებულა, რომლებიც ხელების ენერგიული მოძრაობებით (ხშირად რომ მეორდება) გამოხატავენ მზაობას გაამხნევონ, დააიმედონ წარმოსახვითი პატიმრები. მოძრაობები წყვეტილი, გამოკვეთილი, დინამიკურია. მათი დანიშნულება, არა ცეკვის სილამაზის ჩვენება, არამედ პატიმრების ოჯახების წევრი ქალების განცდების შეულამაზებლად გადმოცემაა. ამაში ჩაბმულია სხეულის ყოველი ნაწილი, განსაკუთრებით კი – ხელები. თორმეტი მიზანდასახული (მათ პატიმრებზე ზრუნვა ევალებათ), დაღლილი, მაგრამ ძლიერი ქალი მთელი წარმოდგენის განმავლობაში ალესილი დანასავით ბასრი და ელვარე პლასტიკით, ნატალია ბერიძის გამჭოლი ელექტრონული მუსიკის ფონზე, ჰყვება იმ განსაკუთრებულ ბედზე, რაც მათ ცხოვრებამ არგუნა. ერთი და იგივე მოძრაობები მეორდება, როგორც ნიშანი მათი რუტინული ცხოვრებისა: მოამზადონ პატიმრისთვის გასაგზავნი ნობათი, დაწერონ მისთვის დამაიმედებელი წერილი, კონვერტში ჩაუდონ სიგარეტი, ბავშვების ნახატები ან მათი თმის კულულები. რაც მთავარია, ქალი უნდა იყოს ამტანი, რომ მწარე ხვედრი მოთმინებით ზიდოს. სწორედ მოთმინება გამოსჭვივის მათი თითოეული მოძრაობიდან, როცა ისინი მტკიცედ დააბიჯებენ, ან წელში იხრებიან (რადგან ხშირად სისუსტე შეეპარებათ ხოლმე), ერთმანეთს ეყრდნობიან, ერთმანეთს ეხვევიან, პატიმრის ტყავში ძვრებიან და ხშირად მათი ცხოვრებით ცხოვრობენ. არცერთი მოძრაობა არ არის სპონტანური ან აბსტრაქტული. თითოეული მათგანი ქორეოგრაფის მიერ ნაფიქრი და კონკრეტული განცდის გამომხატველია. ყოველი ჟესტი გარკვეული აზრის მატარებელია. მსახიობების ჩაცმულობაზეც მარიამ ალექსიძემ იზრუნა. მისი თქმით, „როცა ქორეოგრაფიულ სახეს წარმოიდგენს, გარკვეულ „ვიზუალში“ (სამოსელი, ვაცხნილობა, გრიმი) ხედავს ხოლმე“. მკაცრი ლაბადები თითქოს ჯავშანია, რომელიც ქალების სისათუთეს იცავს. ამ ქალების ხაზგასმული მშვენიერება შექმნილი თვალშისაცემი მაკიაჟით, ლამაზი ვარცხნილობით, მათი სულიერი გაუტეხელობის საყრდენია.
„12 პაემნის“ ემოციური ქორეოგრაფია წარსულში ბალეტის წამყვან სამ მოცეკვავეს: მარინა ალექსიძეს, მაკა მახარაძესა და ქეთევან მუხაშავრიას სხვა სიმაღლეზე აჰყავთ. ისინი სულ სხვა, მათივე სიტყვებით, „მრავალფეროვან დარდს“ გვიზიარებენ, ამბობენ, რომ „წლების შემდეგ სცენაზე გამოსვლა ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა და დიდი მღელვარება იყო. თანაც უნდა ეცეკვათ მათთვის მიუჩვეველ თანამედროვე ცეკვის ტექნიკის გამოყენებით“. მათ გარეშე „12 პაემანი“ წარმოუდგენელი მგონია. ისინი მოძრაობების სულ სხვანაირ ჭეშმარიტებას „ღაღადებენ“. მათი პლასტიკა აზრობრივადაც უფრო დატვირთულია. მათი ლაბადებიც კი განსხვავებული ფერისაა. ეს გადაღლილი ქალები – დედები, ცოლები, დები, რომელთაც ტკივილი სახეზე აწერიათ, ქართული „სამაიას“ ილეთებს სიმბოლურად რომ ასრულებენ (მარიამ ალექსიძე ხშირად იყენებს თავის დადგმებში ქართული ცეკვის მოძრაობებს), მათზე ახალგაზრდა ქალებთან ერთად ციხის გამაყრუებელ სიჩუმეში (ასეთი სიჩუმეც არსებობს) დადიან, როკავენ, უხმოდ კვნესიან, უხმოდ ყვირიან, ერთმანეთს (უხმოდ) აჩუმებენ, ერთმანეთს (უხმოდ) სიტყვას არ აცლიან. მათი მოკლე, სწრაფი, შეკუმშული მოძრაობები შინაგანი პროტესტის (რომელიც ალბათ შიგნითვე დარჩება) ამსახველია. ქალების ძალით დამუხტული პატიმრები, ბუნდოვანი ფიგურები, თავადაც ცეკვავენ და ფანტაზმებს ეძლევიან. ამ ილუზიას (თუ ჭეშმარიტებას) ნიკა მაჩაიძის ვიდეო ინსტალაციაზე ვხედავთ. ეს ინსტალაცია საპატიმროს ერთგვარი რენტგენია. მაყურებლის თვალწინ სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს საკნებში გაკრული ფოტოები (პროექცია): ბავშვების ნახატები, ხატები, ანგელოზები, ბიკინიანი ქალები, აინშტაინი, წერილები, კედელზე წარწერები : „მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი განსჯის უფლება“… გამოისახება ქალაქიც, რომელიც იღვიძებს და იძინებს, სადაც სულ სხვა მუსიკა ჟღერს, ქალაქი, რომელსაც არ ახსოვს თავისი პატიმრები.