ფოტო: თინა ყაზახიშვილი

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, თანამედროვე ცეკვის პირველი ქართველი ქალი ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის მულტიმედიური დადგმა „12 პაემანი“, 2022 წლის 14 ივნისს, „მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, მოძრაობის თეატრის სავსე დარბაზში ვნახე. „12 პაემანის“ პრემიერა, რომლის  კონცეფციის ავტორი და რეჟისორი ლიტერატურათმცოდნე დავით მაზიაშვილია, 2021 წლის 13 და 14 ოქტომბერს, ალტერნატიულ სახელოვნებო სივრცე No 12-ის (ყოფილი საპატიმრო) შიდა ეზოში შედგა. ამ სოციალურ-ქორეოგრაფიული პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო.

 

ხელოვნების სფეროში ყოველ ახალ ქმნილებას საწყისი წერტილი აქვს, მძლავრი  ბიძგი თუ იმპულსი, საიდანაც ზოგჯერ ლაღად, უმეტესწილად კი დიდი შრომის ფასად, ახალი სამყარო იბადება. დავით მაზიაშვილისთვის ასეთი ბიძგი (უფრო მეტი, ვიდრე შთაგონების წყარო) აღმოჩნდა მარიამ ალექსიძესთან ერთად ყოფილი საპატიმროს სივრცის მონახულება, მას შემდეგ რაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამ კონკრეტულ სივრცეს სახელოვნებო ალტერნატიული სცენის ფუნქციას ანიჭებდა. მრავლისმეტყველი და მრავლისმნახველი ადგილის და, კერძოდ, პაემნის ოთახის მონახულების შემდეგ, დავით მაზიაშვილს გაუჩნდა იდეა, რომ სწორედ ყოფილი საპატიმროს ეზოში გადმოეცათ ქორეოგრაფიისა და მულტიმედიის საშუალებით „პატიმრისა და პატიმრის ოჯახის წევრების ურთიერთობა“. ასევე ბუნებრივად წარმოიშვა აზრი, რომ მორიგი თანამედროვე ბალეტის გმირები პატიმრების ოჯახების წევრი ქალები ყოფილიყვნენ. მარიამ ალექსიძე ამბობს, რომ „ერთი მხრივ, თანამედროვე ხელოვანები უნდა შეეხონ დღევანდელ მტკივნეულ თემებს, მეორე მხრივ,  მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, მნიშვნელოვანია ქალის პორტრეტების შექმნა და მათი ცეკვის ენით წარმოჩენა“.   „12 პაემნის“ საუნდ დიზაინისა და ვიდეო ინსტალაციის ავტორი ნიკა მაჩაიძე კი ყურადღებას ამახვილებს საპატიმროების დრომოჭმულობაზე, მათი სხვა (ალბათ ჯერ კიდევ მოუფიქრებელი) შენობებით ჩანაცვლებაზე, ადამიანისთვის თავისუფლების შეზღუდვის უარყოფით მხარეებზე („შეუძლებელია ასეთ დაწესებულებაში მოხვედრილი ადამიანი რაიმე კარგისკენ წავიდეს“), იმაზე, რომ ეს საყოველთაო პრობლემაა და მისი (შთამბეჭდავი) ვიდეო პროექციაც სწორედ ამაზეა. მულტიმედიური ბალეტის ერთ-ერთი მონაწილე მაკა მახარაძე საუბრობს მისი, როგორც მსჯავრდადებულის პატრონის (დედის, დისა თუ ცოლის) როლის სირთულეზე. თუ თავიდან მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ პატიმრის ნუგეშისცემა, შემდეგ თანდათან იფიტებიან და ოჯახის წევრის „როლს“ სათანადოდ ვეღარ ასრულებენ.

 

 

1 2 3