რექვიემი მოკლული ბიჭებისათვის
რექვიემი მოკლული ბიჭებისათვის

რაც უნდა დაუჯერებელი და სამწუხარო იყოს, კაცობრიობამ, ჩვენი – ქართველი ერის ჩათვლით, აპოკალიპტურ ეპოქაში შეაბიჯა. თანაც, არა მხოლოდ შეაბიჯა, მყარადაც მოიკიდა ფეხი და უკვე ისე შესანიშნავად გრძნობს თავს, რომ ვერც წარმოუდგენია სხვაგვარად ცხოვრება, სხვაგვარად ფიქრი, სიკვდილიც კი. თანამედროვე კაცობრიობა თითქოს გასული საუკუნის კაცობრიობის აჩრდილია, მისი უდღეური შვილია, რომელსაც მამის მსგავსად, დამოუკიდებლად, არც ცხოვრება ძალუძს, არც გამრავლება, არც ბრძოლა, არც გადაწყვეტილების მიღება, და საერთოდ – ის თითქოს მეოცე საუკუნის მიერ აღებულ გეზს, მის განუმეორებელ მოძრაობას, მის სწრაფვას, ინერციით მიყვება, არ გააჩნია საკუთარი კინეტიკა, ამძრაობა, უკალური ბიძგის უნარი, რომ ამ განლევად მოძრაობას საკუთარი ენერგია შემატოს და სამუდამოდ არ გაჩერდეს. არადა, ყველაფერი აქეთ მიდის, გაჩერებისკენ. ცივილიზაციის განვითარების ტემპი, ტექნოლოგიური პროგრესი, წინსვლა სამეცნიერო და სხვადასხვა სპეციფიკის ტექნოლოგიურ სფეროებში რასაკვირველია არნახულია დღეს, ამას არც უარვყოფ, მაგრამ მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობ, აბსოლუტურად სხვა რამეზე მწყდება გული და სხვას მივტირი. იმას, რაც დღითი დღე ქრება, და რისი გაქრობაც თავზარდამცემ, შემაძრწუნებელ კვალს ტოვებს ჩვენს ყოველდღიურობაში. ყოველივე ამის შემდეგ, უფრო და უფრო ხშირად ვიმეორებ სახარებისეულ, საკრალურ ფრაზას: „ცოდვათა ჩვენთა გამო…“ და მაინც, რა გაქრა, რა გამოგვეცალა ხელიდან, რას მივტირით, ან სულაც არ მივტირით და საერთოდაც ვერ ვგრძნობთ მის გაქრობას? რა დაგვემართა, რა გვემართება და რა დაგვემართება?.. ზუსტი პასუხი არც მე მაქვს ყველა ამ შეკითხვაზე, მაგრამ შევეცდები საკუთარი თეორიები, ვარაუდი გაგიზიაროთ.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, თავზარდამცემი, უსასტიკესი, არაადამიანური მკვლელობა მოხდა. კონფლიქტსა და გარჩევას, რომელშიც უფროსკლასელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი მონაწილეობდა, 2 მოზარდი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც, მე თუ მკითხავთ, ხილული, თვალსაჩინო ავისმომასწავებელი ნიშანია იმისა, რაც მომავალში გველის, საითაც ყველანი ერთად, დანდობილად მივდივართ, რასაც უპირობოდ ვთანხმდებით. ეს დღეები მთელი თბილისი, და სულაც მთელი საქართველო დაზაფრულია, შეძრწუნებულია იმ სისასტიკის, აბსოლუტურად არაადამიანური, მხეცური ქმედების გამო, რომელიც გარდაცვლილთა თანატოლებმა ჩაიდინეს. შოკირებულნი არიან ექიმები, რომელთა ხელში სული დალია მეორე მოზარდმა, რომ მათ პრაქტიკაში მსგავსი სისასტიკით მიყენებული ჭრილობები, სხეულის დაზიანებები აქამდე არ ყოფილა. ეს დღეები მთელი თბილისი თითქოს სხვანაირად, მგლოვიარედაა გარინდებული და მდუმარედ ელოდება ახალ დეტალებს ტრაგედიის ირგვლივ, რომელსაც იმედი ვიქონიოთ გამოძიება დაადგენს. პირველი დეკემბრიდან დღემდე, სოციალური ქსელები, ტელე, რადიო და ბეჭდური მედია წალეკა საზოგადოების ცნობილი თუ რიგითი წარმომადგენლების შეფასებებმა, საყვედურებმა, მოსაზრებებმა, ანალიზმა, პოლიტიკურმა პოპულიზმმა, სპეკულაციებმა, გონივრულმა თუ ბრიყვულმა აზრებმა. გამოითქვა მოსაზრებების უამრავი ვარიაცია, თუ რა არის ასეთი სისასტიკის, არაადამიანობის გამომწვევი მიზეზი, სად უნდა ვეძებოთ პრობლემის სათავე და როგორ უნდა გადავჭრათ არსებული უმწვავესი საკითხი. პირველი დეკემბრიდანვე, დღემდე გულდასმით ვკითხულობდი აბსოლუტურად ყველა მოსაზრებას, საჯარო თუ კერძო შეფასებას – იქნებოდა ეს რიგითი მოქალაქეების თუ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პერსონების მხრიდან. წავიკითხე ყველაფერი, და მინდა გითხრათ, რომ ძალზე იშვიათად შემხვდა მოსაზრება, ანალიზი, სადაც ავტორი მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, საწყისებს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის ბოლო 70–80 წლის წინანდელ წარსულში ეძებდა. ასეთი სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი თვალსაზრისი ამოვიკითხე და სწორედ მათ რიცხვს ეკუთვნის ჩემი მოსაზრებაც – რომ დღევანდელი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მენტალიტეტის, ჩვენი ფასეულობების სახე, ჯერ კიდევ სახადისგან განკურნების პროცესშია, რომელიც არა და არ დასრულდა, არ მოგვშორდა, არ გადაშენდა! სახადის, რომელსაც კომუნისტური, წითელი რეჟიმი, დიქტატურა, ტირანია ჰქვია.

ჰო, ერთი შეხედვით შესაძლოა გაგიკვირდეთ – სად კომუნისტური რეჟიმი და სად ხორავას ქუჩაზე, ვერაზე, ოცდამეერთე საუკუნეში, 2017 წელს, მეთერთმეტეკლასელთა მასობრივი კონფლიქტი და ორი მოკლული მოზარდიო, მაგრამ ეს ასეა. პირველ დეკემბერს მომხდარი საზარელი მკვლელობის ერთგვარი არქეტიპი კომუნისტური რეჟიმი და მის მიერ ჩვენს საზოგადოებაზე, ხალხის მენტალიტეტსა და ფსიქიკაზე დასმული ხანგრძლივი დამღაა, რომელიც ჩვენს შვილებსაც, 21–ე საუკუნის თაობასაც კი გადმოწვდა თავისი ბინძური, სისხლიანი ხელებით. რაც უნდა გაგიკვირდეთ, შეიცხადოთ და არ დამეთანხმოთ, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ასეა. აუცილებელი არაა, 21–ე საუკუნეში დაბადებულ ბავშვს ნანახი, წაკითხული, ან მოსმენილი ჰქონდეს შავბნელი 30–იანი წლების რეპრესიები, ან ის მოვლენები, რაც 30–იანებამდე და 30–იანების მერე ხდებოდა, და ამის შედეგად იყოს მისი მენტალიტეტი, ფსიქიკა და ქცევა დამახინჯებული. წაკითხულიც, ნანახიც და საკუთარ თავზე თუ მათი ოჯახის წევრების, ნათესავების ან ნაცნობ–მეგობრების მხრებზე ეს უბედურება ამ ბავშვების ბებია–ბაბუებს და მათ მშობლებს გადაუტანიათ. კომუნისტური რეჟიმისა და მისი სატანის პირმშო ბელადთა გენომი საოცრად გამძლე აღმოჩნდა, რომელიც დღეს თითქოს ანაბიოზის პროცესშია და დროდადრო, ასეთი ტრაგედიების სახით გამოცოცხლდება, თავს შეგვახსენებს და ისევ მიიძინებს – მორიგ ტრაგედიამდე…

მორიგი ტრაგედია კი არ უნდა მოხდეს! არ უნდა დავუშვათ, მთელი არსებით, მონდომებით უნდა ვეცადოთ, რომ საბოლოოდ განადგურდეს კომუნისტური ეპოქის გენომი ჩვენს შეგნებასა და ქცევაში, მეხსიერებაში, აზროვნებაში.

მოზარდებმა თანატოლები დაუნდობლად, მხეცურად მოკლეს, იმიტომ, რომ კომუნიზმის ამებიოზი ჩვენს ტვინებში ჯერ ისევ ცოცხლობს და შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცემა;

ეს მოხდა იმიტომ, რომ დღევანდელი ჩვენი ცხოვრება მომაკვდინებლად უსიცოცხლო, უშინაარსო, უღიმღამო, გაბითურებული და გაუფასურებულია;

ეს მოხდა იმიტომ, რომ ჯერ ისევ სუნთქავს დიდი სატანების – იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას ჩანერგილი საზარელი, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ფენომენი, რომელმაც არსებობის დღიდან ვიდრე დღემდე უთვალავი ადამიანის, ქალისა და მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. მისმა ჰიპერტროფირებულმა აღქმამ, ხალხის მასებში ტოტალურად დანერგვამ, გაფეტიშებამ, და ამის შედეგად, თაობების აზროვნების, მენტალიტეტის გადაგვარებამ მიიყვანა ჯერ ჩვენი მამებისა და ბაბუების თაობა სავალალო შედეგებამდე, ახლა კი ჩვენი შვილები იმკიან ამ სიმახინჯის, უგვანობისა და სრული იდიოტიზმის „სიკეთეს“.

ეს მოხდა იმიტომ, რომ დღევანდელი, ახალი თაობის უდიდეს უმრავლესობას წიგნი ეზიზღება, არ აქვთ წაკითხული ქართული ხალხური ზღაპრები, ან რაღას წაიკითხავენ მას მერე, რაც კომბლე სადისტად მონათლეს და წიგნის ნაცვლად, ბავშვებს ვაშლები დააჭერინეს ხელში… დღევანდელ მოზარდებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ მხატვრული ლიტერატურა, პოეზია, კარგი, ნამდვილი მუსიკა, კინო, თეატრი, მხატვრობა, რელიგია, ხუროთმოძღვრება, ტრადიციები და ჩვენი ქვეყნის ისტორია. ეს ყველაფერი მათი აღქმით არქეოპტერიქსივითაა – უხსოვარი წარსულიდან შემორჩენილი ნაშთივით, ძვლებისა და ბუმბულების ნარჩენებივით, რომელიც, უბრალოდ იციან, რომ ოდესღაც იყო, რომელსაც მათი მამები, ბაბუები და დიდი ბაბუები კითხულობდნენ, უსმენდნენ, უყურებდნენ, სწავლობდნენ.

ეს მოხდა იმიტომ, რომ პირდაპირ ვიტყვი – გამოუსწორებელი გოიმები, სნობები, კონფორმისტები და ქაჯები ვართ. არ დაგვადგა საშველი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივხვდეთ – ფასეულია არა ის, თუ რა ოხრობა გაცვია, გახურავს, რა დონის ავტოთი გადაადგილდები, რა მოდელის ტელეფონი გიჭირავს საგანგებოდ გამოსაჩენად ფოტოების გადაღებისას, უკანალში ბუმბულგაყრილი ტიპის ე.წ. ივენთზე, ვინ გყავს საყვარელი და რატომ ხარ საყვარელი, არამედ ის, თუ რამდენად კეთილი, უანგარო, განათლებული, გულისხმიერი და გონიერი ადამიანი ხარ, და შენთვის სულ სხვა რამ არის ჭეშმარიტება, სიმდიდრე და ნეტარება.

ეს მოხდა იმიტომ, რომ აღარ დამთავრდა, უკვე 27 წელიწადზე მეტია დასასრული არ უჩანს ერთმანეთის ჭამას, ლანძღვა-გინებას, მანქანებში ჩაცხრილვას, ტყვიის დახლას, ძირის გამოთხრას, ცემა-ტყეპას პარლამენტში, საკრებულოში, სატელევიზიო გადაცემებში, ქუჩაში და შარაგზაზე. აღარ დამთავრდა ერთმანეთისთვის წყლიანი ჭიქის სროლა და ენაწყლიანი პასკვილების, ცილისწამებების, დემაგოგიის ღაღადი.

ეს მოხდა იმიტომ, რომ დღევანდელი მოზარდები აღარავის ახსოვს. დაწყებული სკოლის დამრიგებლიდან, დამთავრებული მშობლებამდე. აღარავის სცალია, ჩაიხედოს დღევანდელი მოზარდის გულში, გონებაში, და მობილურ ტელეფონში – თუ რას უყურებენ, რას უსმენენ, რას თამაშობენ და რას სწერენ ერთმანეთს.

ეს მოხდა იმიტომ, რომ ქართული განათლების სისტემაში ჰამლეტის მამის აჩრდილივით ჯერ კიდევ დაეხეტება კომუნისტური ეპოქისდროინდელი, გაფხორილი, დაშტამპული, ძირგამომპალი, დაბოღმილი მასწავლებლის ხატება. ჯერ კიდევ სულდგმულობს დღევანდელ ჩვენს სკოლებში აღებ-მიცემობა მასწავლებელსა და მოსწავლის მშობელს შორის; მასწავლებლის მიერ მოსწავლე ჯერ ისევ აღიქმება აბეზარ, აუტანელ არსებად, რომელიც მისთვის ნერვების მოწამვლის გარდა, არაფრის მაქნისია; ჯერ კიდევ მოუგვარებელია მასწავლებელთა კვალიფიკაციის, მათი ზოგადი და პროფესიული განათლების დონის ამაღლება, მათი ადეკვატური ხელფასით უზრუნველყოფა და მათი პროფესიონალიზმის სათანადოდ დაფასება.

ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა ასე – ჩვენი უმეცრებით, გულგრილობით, დაუნდობლობით, დაუკვირვებლობით, წინდაუხედაობით, სიბრმავით, სიყრუით, სიბრიყვით და მცონარებით. მოკლეს ცოდვათა ჩვენთა გამო…

მთელი გულით ვუცხადებ თანაგრძნობას დაღუპული ბიჭების ოჯახებს და მათსავით ვგლოვობ. ამ ბავშვების სიკვდილი, გარდა იმისა, რომ უდიდესი ტრაგედია და გაუნელებელი ტკივილია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემი გუმანით, ზარის შემოკვრასავითაა, იერიქონის საყვირივითაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვფხიზლდეთ, გამოვიღვიძოთ ამ საღათას ძილიდან, რომელსაც მოუსავლეთისკენ, სამუდამო დაღუპვისკენ მივყავართ!

მანამდე კი, გარდაცვლილები ვიგლოვოთ და მათი სულებისათვის ვილოცოთ.

ბიჭების მკვლელები ჩვენ ირგვლივ არიან – თუ კარგად გავახელთ თვალს და მიმოვიხედავთ, იოლად შევამჩნევთ… მერე კი სარკეშიც ჩავიხედოთ…