ლევან გელაშვილმა, ექვსწლიანი შრომის შემდეგ, მუშაობა დაასრულა წიგნზე, რომელსაც „ქართული ავანგარდიზმი“ დაარქვა. წიგნი ქართველი ავანგარდისტების (ფუტურისტების და დადაისტების) ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლიდან ასი წლის იუბილეს ეძღვნება.
წარმოდგენილი გამოცემა ქართული ავანგარდიზმის ტექსტოლოგიური კრებულის შედგენის პირველი ცდაა. საუკუნის შემდეგ მეცნიერებს და ამ საკითხით დაინტერესებულ ფართო მკითხველს გასაბჭოებისას დაწყებული და ერთად თავმოყრილი ავანგარდისტული პროცესების ანალიზის საშუალება ეძლევა.
კრებულში შესულია ქართველი ფუტურისტების და დადაისტების შემოქმედება (პოეზია, პროზა, გრაფიკული ნამუშევრები და პუბლიცისტიკა), რომელიც იბეჭდებოდა მათსავე ჟურნალებში: „H2SO4-ში“, „ლიტერატურა და სხვა-ში“, „მემარცხენეობაში“ და გაზეთ „დროულში“.
გასული საუკუნის 20-იანი წლების მოდერნისტული მიმართულებები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ლოგიკური გამოძახილი იყო ქართულ კულტურულ სივრცეში. თუმცა, ამ პროცესების ხელოვნურად გაჩეხვამ და იდეოლოგიზირებულ კალაპოტში გადაგდებამ სავალალო შედეგი გამოიღო და პრაქტიკულად, მთელი მიმდინარეობები მოსპო.
სტუმარი: ლევან გელაშვილი – ფილოლოგი; კინომცოდნე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: