„საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს. უნიკალური ხელნაწერი არქივში 18 თვეს დაჰყოფს და სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება. ამ ხნის განმავლობაში ლახამულელებს და მეზობელი თემების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ნებისმიერ დროს ეწვიონ არქივს და დააკვირდნენ რესტავრაციის პროცესს.
ლახამულის ოთხთავი მე-12 საუკუნის ძეგლია და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისათვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის აფაქიძეთა ფეოდალური სახლის შესახებ. ეტრატის ფურცლებზე შესრულებულია 3 მინაწერი დოკუმენტი, რომლებიც მე-15 საუკუნეს მიეკუთვნება და შეიცავს ცნობებს ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.
სატელეფონო ჩართვა: თამილა აფაქიძე – საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიის უფროსი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.