პიკის საათი - 28.10.2024
პიკის საათი - 28.10.2024

1) ანიმაციური პროექტის პრეზენტაციის X ვორქშოფი თბილისში

„საქანიმამ“ სექტემბერში გამოაცხადა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტების მიღება ვორქშოფში მონაწილეობისათვის.

წელს პირველად, ქართველ ანიმტორებთან ერთად, ვორქშოფში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ შავიზღვისპირა ქვეყნების (რუსეთის გარდა) ანიმატორებსაც: უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი.

საერთაშორისო ექსპერტების მიერ კონკურსის შედეგად 10 პროექტი შეირჩევა და 28 ოქტომბერს, ანიმაციის საერთაშორისო დღეს, დასახელდება“.

ფრანგი მენტორები კორინ დესტომბე და ოლივიე კატერინი 2024 წლის 26-30 ნოემბერს თბილისში ჩაატარებენ ვორქშოფს, თუ როგორ უნდა მოხდეს ანიმაციური პროექტის განვითარება და პრეზენტაცია.

ჩართვა გერმანიიდან: მარიამ კანდელაკი – ანიმატორი; პროდიუსერი; საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის „საქანიმას“ დამფუძნებელი და დირექტორი.

 

2) ქართველი ჟანა დარკი Teatru Astra -ს სცენაზე

„თითქმის 150 წელია ჯუზეპე ვერდის ოპერა „ჟანა დარკი“ მალტაში არ დადგმულა. ეს არის ვერდის ადრეული, რიგით მეშვიდე ოპერა და მისი ხელწერა ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორც მის გვიანდელ ნაწარმოებებში. ამდენად, სოლო პარტიები ურთულესი შესასრულებელია. გარდა ამისა, ბატალური სცენების დადგმაც რთულია. ალბათ, ესაა მიზეზი იმისა, რომ ეს ძალიან ლამაზი ოპერა იშვიათად სრულდება“, – სოფი გორდელაძე.

ჩართვა მალტიდან: სოფი გორდელაძე – ქართველი სოპრანო.

 

3) „ოქროს ბურთი“ – 2024

„ოქროს ბურთი“ ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო პრიზია, რომელიც ჩემპიონთა თასის ავტორებმა, გაბრიელ ანომ და ჟაკ ფერანმა მოიგონეს.

რატომ ევროპული და არა მსოფლიო?

1995 წლამდე ეს ჯილდო მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელს ენიჭებოდათ. ამ ჯილდოს პირველი, არაევროპელი მფლობელია ლიბერიელი ჟორჟ ვეა.

„ოქროს ბურთი“ იმდენად პრესტიჟული ჯილდოა, რომ 2010 წელს ფიფამ ეს პრიზი შეიერთა. თუმცა, ახლა მაინც დამოუკიდებლად მუშაობს.

წელს, 2003 წლის შემდეგ, პირველადაა, რომ ნომინანტთა შორის აღარ არიან კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.

28 ოქტომბერს „ოქროს ბურთის” 2024 წლის მფლობელი ოფიციალურად გახდება ცნობილი.

სტუმარი: გიორგი თვალაბეიშვილი – პირველი არხის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

4) „დათოს კამერას კეთილი თვალი ჰქონდა…“

„სამწუხაროდ, ჟურნალისტიკა უსაფრთხო აღარ არის. ეს პროფესია საკმაოდ საშიში გახდა. დათოს შემთხვევა სრულიად უპრეცედენტო იყო. მსგავსი არ მომხდარა, რომ ჟურნალისტი სამსახურეობრივი მოვალეობოის შესრულების დროს დაეხვრიტათ. ჩეჩენის, კაზაკის, რუსის ტყვიას გადაურჩა და ქართველის ტყვიით მოკვდა…“

„დათოს კამერას ძალიან კეთილი თვალი ჰქონდა. მოახერხო და ომში გადაიღო, როგორ ულოკავს ლეკვი ხელს ჩაძინებულ მეომარს, ამას გულის თვალი სჭირდება. შენი ოპტიკა ადამიანის მოყვარული უნდა იყოს“, – თამარ ბოლქვაძე.

31 წლის წინ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე დახვრიტეს.

რესპონდენტი: თამარ ბოლქვაძე – ჟურნალისტი; დათო ბოლქვაძის და.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: