პიკის საათი - 03.11.2022
პიკის საათი - 03.11.2022

1) „ოქროს წერაყინი“ ქართველი ალპინისტების წარმატება

ქართველმა მთამსვლელებმა, ბაქარ გელაშვილმა, არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ მსოფლიო ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ მიიღეს.

ქართველი მთამსვლელები პირველები იყვნენ, ვინც 2021 წელს პაკისტანში მდებარე სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე ავიდნენ, ჯილდო სწორედ ამ მიღწევისთვის მიიღეს.

„ოქროს წერაყინს“ ალპინიზმის „ოსკარს“ უწოდებენ, რადგან სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა.

„ოქროს წერაყინის“ პრიზს 1992 წლიდან ფრანგული გაზეთი „მონტანი“ გადასცემს. ნომინანტებს ალპინისტური სეზონის შედეგების მიხედვით არჩევენ, შემდეგ კი კანდიდატებს სპეციალური ჟიური განიხილავს.

რესპონდენტი: არჩილ ბადრიაშვილი – მთამსვლელი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) პროფესიული განათლების გზამკვლევი

საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ ძველი და ახალი პროგრამები, სწავლების სპეციფიკა, წარმატებული სტუდენტების უცხოეთში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობა.

რესპონდენტები: ვასილ კიკნაძე – საზოგადოებრივი კოლეჯის „პანაცეა“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი.

მაია ჩიხლაძე – საზოგადოებრივი კოლეჯის „პანაცეა“ დირექტორის მოადგილე, მედიცინის დოქტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) პატარა ბალერინა და ანარეკლი

2022 წლის 14 სექტემბერს „დისნეიმ“ ახალი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია წარადგინა, რომლის მთავარი გმირი პლუს ზომის პატარა ბალერინაა.

რა მნიშვნელობა აქვს მრავალფეროვნებას საბავშვო ანიმაციაში და როგორ ახარებს პატარებს ამ მრავალფეროვნების ხილვა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი (TIAF)

2022 წლის 2-5 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი (TIAF) წელს მეხუთედ ჩატარდება,  ფესტივალი მიზნად ისახავს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების და მასთან დაკავშირებული აუდიო/ვიზუალური ხელოვნების სხვა ფორმების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენას, ამ უნიკალური სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციას და საქართველოში მისი განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიება კინოჩვენებებს, მასტერკლასებს, ფილმის ავტორებთან შეხვედრებს და გამოფენებს მოიცავს.

წელს შესარჩევ ეტაპზე შემოსული 2000-ზე მეტი ფილმიდან, ფესტივალში მონაწილეობისთვის სხვადასხვა პროგრამებში შეირჩა და ნაჩვენები იქნება 184 ფილმი 46 ქვეყნიდან, მათ შორის 5 სრულმეტრაჟიანი ფილმი. წარმოდგენილი იქნება 19 პროგრამა, მათ შორის, 7 საკონკურსო, 8 სპეციალური პროგრამა, სტუმარი ფესტივალების საუკეთესო ფილმების  4 პროგრამა.

სატელეფონო ჩართვა: დავით კიკნაველიძე – ფესტივალის ორგანიზატორი

 

5) უსინათლოთა ნების ნამდვილობის დადასტურების (ხელმოწერის) მომწესრიგებელი ნორმები

„ცვლილებების კანონად ქცევამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. მხოლოდ  ტექნიკური შესწორებებია დარჩენილი. ამიტომ უკვე შემიძლია, აღვწერო ის მრავალწლიანი პროცესი, რომელიც  ამ საკანონმდებლო ცვლილებებს უძღოდა და რომელშიც მეც ვმონაწილეობდი“ – ესმა გუმბერიძე.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, წერა-კითხვის მცოდნე უსინათლოს უფლება აქვს გარიგებას სხვებზე გადანდობის გარეშე, დამოუკიდებლად, მოაწეროს ხელი.

სატელეფონო ჩართვა: ესმა გუმბერიძე – თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკონსულტაციო  საბჭოს წევრი

 

6) გიორგი ლობჟანიძის იტალიური თარგმანის საერთაშორისო აღიარება

წიგნის წარდგენას 30 ქვეყნის წარმომადგენელი და 20 ქვეყნის ელჩი ესწრებოდა. ჩემი ლექსები თანამედროვე პოლიტიკის კონტექსტშიც კი განიხილეს“ – გიორგი ლობჟანიძე

19 ოქტომბერს, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში, „ფლორენციის სასახლის“ „პრიმატიჩოს“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის ფარგლებში, ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმენილისა და აღმოსავლეთმცოდნის, პროფესორ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის, „სიზმრის ნანგრევებში“, იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რომის კურიის, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა, წიგნის იტალიელმა გამომცემელმა, ჯულიანო ლადოლფიმ, მთარგმნელმა, ნუნუ გელაძემ და თავად ავტორმა. იტალიურ ენაზე პოეტის ლექსები წაიკითხა იტალიელმა მსახიობმა, ჯულიო გრეკომ.

სტუმარი: გიორგი ლობჟანიძე – აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი, მთარგმნელი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: