სომხეთში შიდაპოლიტიკური ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომა შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მოითხოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობის მეთაურმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს, რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარეკეტო კომპლექსებიდან ნასროლი რაკეტების დიდი ნაწილი არ აფეთქდა. სომხეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ფაშინიანის ამ განცხადებას „არასერიოზული“ უწოდა. როგორც ამტკიცებენ, სწორედ ეს კომენტარი გახდა, პრემიერ მინისტრის მიერ ტირან ხაჩატრიანის გათავისუფლების მიზეზი. მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანმა უკვე გენშტაბის უფროსის გათავისუფლებაც მოითხოვა, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა ეს მოთხოვნა ჯერ არ დააკმაყოფილა. პარალელურად სომხეთის დედაქალაქში გუშინ ორი აქცია გაიმართა, ოპოზიციამ პარლამენტთან გაშალა კარვები და მთავრობის გადადგომა მოითხოვა, ხოლო ფაშიანიანის მომხრეებმა ერევანში პრემიერ მინისტრის მხარდამჭერი მსვლელობა მოაწყვეს. რატომ დაიძაბა ვითარება სომხეთში და ელის თუ არა ქვეყანას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამის შესახებ ვესაუბრებით პოლიტოლოგ ჯონი მელიქიანს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: