ალექსანდრე ჭავჭავაძე რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის საიმპერატორო კარზე ერეკლე II-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გარსევან ჭავჭავაძის ვაჟი, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ნათლული, საზოგადო მოღვაწე, ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ალექსანდრე ჭავჭავაძეს ასევე მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის პოეტური თარგმანებით ქართული მწერლობის გამდიდრების მხრივაც. მან თარგმნა ესოპეს (ეზოპე), კორნელის, რასინის, ლაფონტელის, ვოლტერის, ჰიუგოს, დერჟავინის, პუშკინის, ოდოევსკის და სხვ. ნაწარმოები. მასვე ეკუთვნის ნაშრომი „საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801-იდან 1831 წლამდე“.
ავტორი: თამაზ ტყემალაძე