ამა წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, საღამოს 8 საათისთვის სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქედან 10 საქართველოს, ხოლო 1 – ირანის მოქალაქე იყო. ხანძრის დროს სასტუმროში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, მიმდინარეობდა სილამაზის კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიება და ა.შ. აქ თითქოს ყველაფერი ტრივიალურია: გაჩნდა ხანძარი, მოხდა ძლიერი დაკვამლიანება, ადამიანთა დიდმა ნაწილმა მოახერხა ცეცხლისა და კვამლისგან თავის დაღწევა, გარკვეულმა რაოდენობამ კი სასტუმროს შენობიდან დროულად გამოღწევა ვერ შეძლო და ხანძარს შეეწირა. შედეგად მივიღეთ ტრაგედია – დაღუპული ახალგაზრდები, გაუბედურებული ოჯახები, საქვეყნო გლოვა… ეს ყველაფერი, სამწუხაროდ მოხდა, და პირადად მეც ვუერთდები საერთო სამძიმარს დაღუპულთა ოჯახების მისამართით… მაგრამ სად არის ყოველივე ამის შემდეგ პროფესიული ანალიზი, კომპეტენტური გამოძიება და მომხდარის დეტალური,სკრუპულოზური კვლევა? მხოლოდ ე.წ. ექსპერტების დასკვნის, როგორ დღეს უყვართ თქმა, დადებას უნდა ველოდოთ? ანუ ისტორია მეორდება?..
მართალი გითხრათ, გულწრფელად შემებრალა „ლეოგრანდის“ მფლობელი ეროლ ავგორენი, როდესაც მისი წაშლილი სახე დავინახე და აკანკალებული ხმა მოვისმინე, მომენტებში ძლივს რომ იკავებდა ქვითინს. ეს ადამიანი რეალურად თავზარდაცემული იყო მომხდარის გამო და წრფელი გულით წუხდა, დახმარებაც კი აღუთქვა დაღუპულთა ოჯახებს, თუმცა ეს გარდაცვლილებს ხომ ვერ გააცოცხლებს? გაუბედურებულ ოჯახებს ხომ ვერანაირ შვებას ვერ მისცემს? და არც იმას უშველის, რაც ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურად ყველა სფეროში მძვინვარებს, რომელსაც არაპროფესიონალიზმი, უმეცრება და დაუდევრობა ჰქვია! გამოძიების პირველადი შედეგების მიხედვით, სასტუმროში ხანძარი გათბობის სისტემას გაუჩნდა, ამის შემდეგ არ ამუშავდა გამწოვი სისტემა, რათა დაკვამლიანების გაწოვა დროულად მომხდარიყო, და საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა. როგორც მე ვიცი, როგორც მსმენია, როგორც წამიკითხავს და გადმოცემით გაუზიარებიათ ჩემთვის, სასტუმროებსა და სხვა, ნებისმიერ საზოგადოებრივი თავშეყრის შენობებში, მეტადრე კი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, უბრალოდ ელემენტარული სტანდარტია ხანძარსაწინააღმდეგო და საევაკუაციო სისტემის არსებობა, თანაც – უმაღლეს დონეზე. ეს ითვალისწინებს არა მხოლოდ გამწოვ სისტემებს, კვამლისა და სითბოს დეტექტორებს, ცეცხლმაქრებისა და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის არსებობას, საევაკუაციო კიბეს, არამედ პერსონალის კვალიფიციურობას, მათ მზადყოფნას მსგავსი სიტუაციების დროს, ორგანიზებულობას, ხალხის მასაში პანიკის აღმოფხვრას და ევაკუაციის მშვიდად, მოწესრიგებულად განხორციელებას.
„ლეოგრანდის“ მფლობელი მართალია შემებრალა, მაგრამ მასზე მეტად დაღუპულები და მათი ოჯახის წევრები მებრალებიან, რომლებსაც ცა ჩამოექცათ თავზე, უახლოესი და უძვირფასესი ადამიანები დაკარგეს, ზოგიერთი ოჯახი ერთადერთი მარჩენალის გარეშეც კი დარჩა და სულმთლად გაუბედურდნენ. „ლეოგრანდის“ მფლობელის ცრემლების მჯერა, მაგრამ არ მჯერა მისი სასტუმროს 5 ვარსკვლავის, მისი სასტუმროს ე.წ. ფეშენებელურობის, მისი სასტუმროს უსაფრთხოების, კომფორტის, პრესტიჟულობის. მე მჯერა „ლეოგრანდის“ მფლობელის წუხილის, მაგრამ არ მჯერა, რომ მას საკმარისი ფული ჰქონდა გადახდილი საკუთარი სასტუმროს ელემენტარული – უსაფრთხოებისა და თუნდაც გათბობის სისტემების სათანადოდ გასამართად. მე მჯერა „ლეოგრანდის“ მფლობელის დაპირების, რომელიც დაღუპულთა ოჯახებს აღუთქვა ფულადი კომპენსაციის სახით, და რომელიც ვერაფერი ნუგეშია ჭირისუფლებისთვის, მაგრამ არ მჯერა, რომ მას სჯერა საკუთარი სასტუმროს 5 ვარსკვლავის. ან საერთოდ, ამ ქვეყანაში ვინ, როგორ, რა სტანდარტით ადგენს, რომელ სასტუმროს ეკუთვნის 5, 4, 2 ან თუნდაც ნახევარი ვარსკვლავი?.. საერთოდ ვინ ატარებს მონიტორინგს, თუ რამდენად შეესაბამება სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა მისსავე მომსახურების ხარისხს, სასტუმროს ნომრების კომფორტს, ინტერიერსა და ექსტერიერს, მის ანტურაჟს, მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციას, და რაც უმთავრესი და ელემენტარულია – მის უსაფრთხოების სისტემას. მე მგონი არავინ. მომსახურების ხარისხი, პერსონალი და სასტუმროების არაადეკვატური, საარაკო ფასები ჯერჯერობით იქით იყოს, მაგრამ რაც შეეხება უსაფრთხოებას – ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის დროს, ჩვენს ქვეყანაში არსებულ 5–ვარსკვლავიან სასტუმროში თურმე ყველამ თვითონ უნდა უშველოს თავს, მონახოს ფანჯარა, რომელიც იხსნება, კიბე, სადაც კვამლი არ დგას, ლიფტი, რომელიც გათიშული არაა, თან შიგნით ცეცხლი არ მძვინვარებს, კიბე, რომელიც შუა გზაში არ მოწყდება შენობის ფასადს და რომელიც ქვემოთ ეშვება… და სწრაფად, დაუყოვნებლივ, სხვებზე მარდად გაიქცნენ, გადაძვრნენ, გადახტნენ, გამოხოხდნენ, და სამშვიდობოს გამოვიდნენ. ასე უნდა მოიქცნენ, და ასეც იქცევიან. ზოგი ცოცხალი რჩება და ზოგიც იღუპება, ვისაც არ გაუმართლებს, თორემ რის 5 ვარსკვლავი, რის ორგანიზებული ევაკუაცია, რის საავარიო კიბე, ლიფტი, სწრაფი რეაგირება და მომზადებული პერსონალი?! დაგავიწყდათ, მეგობრებო, რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ, ან რომელი ქვეყნის სტუმარი ხართ?..
კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა მწუხარებას და სინანულს მომხდარი ტრაგედიის გამო, და არანაკლებ ვწუხვარ, რომ განვითარებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე მდგარ ჩვენს ქვეყანას არა და არ ეღირსა კულტურა. დიახ, კულტურა – ყველაზე ფართო გაგებით. კულტურა, უპირველესად სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების შექმნისა, კულტურა ადამიანების უფლებების დაცვისა, კულტურა მოქალაქეების სიცოცხლის გაფრთხილებისა, კულტურა ადამიანურად, ცივილიზებულად მომსახურებისა, კულტურა სტანდარტების დაცვისა მშენებლობაში, კულტურა მომსახურების ინფრასტრუქტურის გამართვისა, დაწესებული ფასების შესაბამისი პროდუქტის თუ სერვისის შემოთავაზებისა, და კულტურა ცხოვრებისა, სადაც ყველა თანასწორი უნდა იყოს, ყველას სიცოცხლე თანაბრად ფასეული უნდა იყოს და ყველას უფლების დასაცავად ყველა იბრძოდეს. რასაკვირველია, ყოველივე ამის 100%-ით განხორციელება უტოპიაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პირველი ნაბიჯები ამ სინათლისკენ, ამ განვითარებისკენ უკვე დიდი ხანია უნდა გადადგმულიყო, თუმცა დღემდე ერთ ადგილზე ვდგავართ. ერთ ადგილზე დგომით კი, ან „ლეოგრანდის“ ცეცხლმოკიდებული გათბობის სისტემის კვამლი დაგვახრჩობს, ან ჩეჩენი ტერორისტის ტყვია გაგვაფრთხობინებს სულს, ან ზებრაზე გადასვლისას, მწვანე შუქზე მომავალი მანქანა გაგვიტანს, ან სულაც –უკიდურესად დუხჭირი ცხოვრება მოგვიღებს ბოლოს!
დრო გადის, ნაბიჯები კი გადასადგმელია…
ავტორი - ბაჩო კვირტია