დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ჯერ ადრეა საუბარი, თუ როდიდან დაიწყება ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების შემცირება. ის ამბობს, რომ სავარაუდოდ, კლება მომავალი კვირიდან დაიწყება, ოღონდ იქნება ძალიან ნელი.
პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო სისტემა უმკლავდება დაავადებულთა გაზრდილ რაოდენობას. „იყო შექმნილი პრობლემა კოვიდსასტუმროებთან დაკავშირებით – დელტა შტამის დროს, აუცილებელია დაავადებულის ოჯახის წევრებისგან იზოლირება, რადგან წინა შტამებისგან განსხვავებით, დელტა შტამი ერთ სივრცეში მაცხოვრებელ ყველა ადამიანს ემართება. ამ ეტაპზე, კოვიდსასტუმროების პრობლემა მოგვარებულია“ – ამბობს ის.
მისივე განმარტებით, აუცილებელია ვაქცინაციის პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა. ამავე დროს, იმ დაწესებული მინიმალური წესების დაცვა. პაატა იმნაძის თქმით,ბევრ სასტუმროში მომსახურე პერსონალს ერიდება უცხოელი სტუმრებისთვის ნიღბის ტარების მოთხოვნა. ამის შედეგად, მხოლოდ არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან საქართველოში ტურისტად მყოფ 60 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.
„სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს კოვიდპანდემიის ბოლო ტალღა იქნება. კოვიდის ხასიათიდან გამომდინარე, ტალღები კიდევ გველის, ოღონდ ეს განსაკუთრებულ საფრთხეს არავაქცინირებულ ადამიანებს შეუქმნის. და მათ, ვინც არსებულ ელემენტარულ წესებს არ დაიცავს „ – ამბობს პაატა იმნაძე.
რესპონდენტი: პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: