2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. არჩევნებისას, საქართველოს მოქალაქეები 64 მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოების 2068 წევრს ავირჩევთ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ცნობით, ყველაფერი მზადაა არჩევნების ღიად და უსაფრთხოდ ჩასატარებლად. საარჩევნო უბნებზე დაცული იქნება პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესი, რომ ამომრჩეველმა უსაფრთხოდ გააკეთოს არჩევანი.
ამ არჩევნებზე რამდენიმე სიახლე იქნება – თბილისში, ყველა უბანზე შეიცვალა საარჩევნო კაბინის დიზაინი, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ამომრჩეველმა არ ჩაიდინოს უკანონო საქციელი – იქნება ეს ბიულეტენის გამოტანის მცდელობა თუ ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღება.
ამავე დროს, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ხელახლა გადათვლილი იქნება უბნების 10 პროცენტი – ნათია იოსელიანის განმარტებით, ეს უბნები შემთხვევითი შერჩევის წესით იქნება შერჩეული.
ასევე, თავიდან გადაითვლება ყველა ის უბანი, რომლის შემაჯამებელ ოქმში ცვლილებები იქნება შეტანილი, მაგრამ არ ექნება შესწორების ოქმი.
და კიდევ ერთი სიახლე – ყველა უბანზე, სადაც ამომრჩევლის რაოდენობა 300 აღემატება, მოხდება საარჩევნო ყუთების გახსნისა და ბიულეტენების დათვლის ვიდეო ფიქსაცია.
ნათია იოსელიანის ცნობით, არჩევნების შედეგების პირველადი შედეგები უკვე 3 ოქტომბერს, გამთენიისას იქნება ცნობილი.
- სტუმარი: ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: