ღია სტუდია - მძღოლი, რომლის ავტომობილსაც ტექნიკური ინსპექტიერება გავლილი არ აქვს, დაჯარიმდება
„გუშინ დაიწყო ტექდათვალიერება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა დაჯარიმების პროცესი. ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ აფიქსირებენ ავტომანქანებს, რომლებსაც ეკუთვნით, მაგრამ არ გაუვლიათ ტექდათვალიერება და ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოიწერება ჯარიმა. შეტყობინებას ავტომფლობელი მიიღებს SMS -ის საშუალებით, აგრეთვე საფოსტო გზავნილის სახით და ეს ინფორმაცია აიტვირთება აგრეთვე ჩვენს ვებგვერდზე“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
„ადმინისტრირების პროცესში „ჭკვიანი კამერების“ ჩართვა ძალიან საჭირო და საშური საქმეა. ვინაიდან ტექდათვალიერება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟები აწარმოებდნენ და იმის გამო, რომ ამ მასშტაბური საქმის შესრულებისთვის ათასობით ეკიპაჟია საჭირო, შსს-ს კი ამდენი საშუალება არ აქვს, გამოვლენა იყო ძალიან მცირე. კამერების საშუალებით ეს პროცესი გაადვილდება. სახელმწიფოს მიზანი ქვეყნის ავტოპარკის გაჯანსაღებაა და ამ პროცესს ყველამ უნდა შეუწყოს ხელი“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.