იანვარში ქალთა ანსამბლი „სათანაო“, ორგანიზაცია „ასოციაცია დრაჰიმის“ მიწვევით იმყოფებოდა ისრაელში. ათდღიანი ტურნეს ფარგლებში განხორციელდა ორი ძირითადი მუსიკალური პროექტი: ოთხი ვორქშოფი გალილეაში და თითო კონცერტი ხაიფასა და თელ-ავივში. აღსანიშნავია, რომ თელ-ავივში კონცერტი ჩატარდა ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში, „თცავთას“ კულტურულ ცენტრში.
გადაცემის სტუმრები: ტატიანა მეგრელიძე და თამუნა თოლორდავა.
„შენი ფოლკლორული იდეა“
გასულ წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და საქველმოქმედო ფონდის „ქართული გალობა“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ზემო აჭარაში – ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში კომპლექსური ექსპედიცია ჩატარდა.
პროექტი „ინეგოლსა (თურქეთი) და აჭარაში მცხოვრები აჭარლების ტრადიციული ცეკვისა და საცეკვაო დასაკრავების შედარებითი შესწავლა (კომპლექსური ექსპედიცია აჭარაში)“ ფოლკლორის ცენტრის მიერ გამოცხადებული 2019 წლის კონკურსის „შენი ფოკლორული იდეა“ გამარჯვებულია.
ექსპედიციაში ეთნომუსიკოლოგებმა და ქორეოლოგებმა იმუშავეს თურქეთელ ქართველებსა და ზემო აჭარის უხუცეს მოცეკვავეებთან და ინსტრუმენტებზე შემსრულებლებთან (ანსამბლები „ბერმუხა“, „ხიხაძირი“, „ფესვები“, „ჭვანა“, ცხმორისელი და დანდალოელი მეხორუმეები და სხვ.) და ჩაატარეს კვლევა აჭარისა და ინეგოლის ტრადიციულ აჭარულ ცეკვებსა და საცეკვაო დასაკრავებში მსგავსი-განსხვავებული ელემენტების დასაფიქსირებლად.
ინეგოლი ეთნიკური ქართველებით დასახლებული ოაზისია, სადაც ქართული (აჭარული) ტრადიციული ცეკვა და სიმღერა დღემდეა შემორჩენილი. აქ მე-19 საუკუნის დასასრულს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს აჭარიდან გადასახლებულმა ქართველებმა 18-მდე სოფელი შექმნეს.
ამჟამად, ქალაქ ინეგოლში მცხოვრები ჩვენებურების ძირითადი ნაწილი დიდი ენთუზიაზმით ასრულებს ტრადიციულ ცეკვებს სახალხო შეკრებებსა და დღესასწაულებზე. ასევე კარგად არის შემონახული გარმონზე დასაკრავები. აქ გვხვდება ძველებური ყოლსამები და ხორუმები გადაქცეულებით, აფხაზური ცეკვა. ქალთა ცეკვა „ნარდანინა“ და სხვ. ექსპედიციის მიზანი გახლდათ გაგვერკვია, თუ რა ტრადიციული ელემენტები შენარჩუნდა თურქეთში გადასახლებული აჭარლების ყოფაში და – რა ფორმით.
პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე. პროექტზე მიშაობდნენ ქორეოლოგები უჩა დვალიშვილი და ალეკო გელაშვილი, მოცეკვავეები და ინსტრუმენტებზე შემსრულებლები ნურულლაჰ ილდირიმი, ქადირ ქანდემირი და ჰასან გენჩი, თურქი ქორეოლოგი იდრის ქუჩუქი და ტექნიკური სამუშაო ჯგუფი.
პროექტის პარტნიორები: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერია და კულტურის ცენტრები.
გადაცემის სტუმრები: ქორეოლოგები – უჩა დვალიშვილი და ალეკო გელაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: