#ჩაკრულო - ალექსანდრე ყაზბეგი - ეთნოგრაფი, ხალხური სიტყვიერების ამაგდარი და შემკრები
#ჩაკრულო - ალექსანდრე ყაზბეგი - ეთნოგრაფი, ხალხური სიტყვიერების ამაგდარი და შემკრები

განუზომელია ყაზბეგის ღვაწლი იმდროინდელი ხევის ეთნოგრაფიული ყოფისა და ტრადიციების შეკრების თვალსაზრისით. მის მხატვრულ ნაწარმოებებსა და ეთნოგრაფიულ წერილში „მოხევეები და იმათი ცხოვრება“, უხვადაა დაცული ცნობები მოხევეთა მუსიკალურ-ეთნოგრაფიული ყოფის შესახებ. აღწერილია: საკულტო, საქორწილო, სამგლოვიარო, შრომის, ლხინისა და სხვა ყოფითი რიტუალები მუსიკის თანხლებით. უმეტესობა მათგანი დღეისათვის სახეცვლილი ან დაკარგულია.

მწერალმა-ეთნოგრაფმა შემოგვინახა უნიკალური ცნობები ხევში „მათრახებით გლოვისა“ და მიცვალებულის ფანდურით დატირების შესახებ; მგზავრულ-მაყრული სიმღერის, პატარძლის გამოსათხოვარი სიმღერა-ტირილისა და ახალი პატარძლის წყაროზე პირველად გაყვანის სიმღერის შესახებ. განმარტა საქორწილო-სარიტუალო სიმღერის – „ჯვარულის“ – სოციალური ფუნქცია და ხატოვნად აღწერა მისი მხატვრულ-ემოციური მხარე; გადმოსცა საკულტო სიმღერების „დიდებისა“ და „გერგეტულას“ (მოხეური „ფერხისულის“) შესრულების ფორმა და წესი. ასევე უნიკალურია ყაზბეგისეული ცნობა ხევში ორსართულიანი საფერხულო სიმღერის „ბარბარეს“ არსებობის შესახებ, რომლის აღარც ჰანგი და აღარც რიტუალი შემორჩა მოხეურ ყოფას. ეთნოგრაფისა და მწერლის ყურადღების მიღმა არც სუფრული და სალხინო სიმღერები რჩება. მწერალი ხშირად ახსენებს სიმღერებს: „სმური“, „ტაშ-ფანდურა“ და „გოგონა“.

ყაზბეგი აღწერს მოხეურ შრომის სიმღერას – „ნამგლური“, რომლის ერთადერთი ვარიანტი ერთი საუკუნის წინაა ჩაწერილი. მის მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ ეთნოგრაფიულ წერილში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საგმირო-ისტორიული ჟანრის სიმღერას – „ფანდურზე დაძახილი“. იგი ამ სიმღერის ესთეტიკურ მხარესა და ზნეობრივ-აღმზრდელობით მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ალექსანდრე ყაზბეგის მხატვრული და პუბლიცისტური მემკვიდრეობა უტყუარი საყრდენია ხევის ფოლკლორული ტრადიციების ევოლუციისა და სოციალურ-ისტორიული ტრანსფორმაციის პროცესების კვლევისას.

გადაცემის სტუმარია ნანა ვალიშვილი – ეთნომუსიკოლიგი;
ბავშვთა ფოლკლორულ – ეთნოგრაფიული სტუდია „ამერ – იმერი“.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: