აბისალის თევზები
აბისალის თევზები

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა რომელიღაც უცხოელი ფოტოგრაფის მთელი სერია, რომელიც თბილისში, ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ მცხოვრებ უსახლკარო ადამიანთა ყოფას ეხებოდა. ფოტოები იმდენად შემზარავი, გულისმომკვლელი და ამავე დროს შეურაცხმყოფელი იყო, რომ მტკიცედ გადავწყვიტე ამ თემაზე ბლოგი დამეწერა, საკუთარი დამოკიდებულება გამომეხატა ამ მოვლენის შესახებ, ჩემი ბრაზი და სინანული გამეზიარებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „რადიობლოგერს“ უსმენენ და რომლებისთვისაც სულაც არაა სულერთი, რა ხდება ღამღამობით ვაგზლის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ კი გაუგონარ, მართლაც სამწუხარო და ძალიან არასასიამოვნო სურათს იხილავთ – თუკი რა თქმა უნდა გაგიჩნდებათ სურვილი, გეყოფათ გამბედაობა, ნერვები, და ღამით გაივლით ამ ადგილებში, მაგრამ თუ არა, მე მოგიყვებით ღამის ვაგზლის მოედნის ამბებს.

ცნობისთვის, ვინც კარგად არ იცის: ვაგზლის მოედანი დღეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო, სამედიცინო, სატრანსპორტო, მომსახურების და სხვა საქმიანობის საკვანძო ადგილი დედაქალაქში. ვაგზლის მოედანი მუდამ ხალხმრავალია, სადაც ძირითადად მთელი ქვეყნის მოსახლეობის საშუალო, დაბალი, ღარიბი და სიღატაკის ზღვართან მყოფი ფენების წარმომადგენლები იყრიან თავს. ქვეყნისა და ქალაქის მაღალი სოციალური და ე.წ. ნაღები ფენა თბილისის ამ ტერიტორიას ან საერთოდ არ ეკარება, ან ძალიან იშვიათად თუ გაივლის ამ მიდამოებში, ისიც – უკიდურესი აუცილებლობის გამო. ერთი სიტყვით, ვაგზლის მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები ჩვეულებრივ მოკვდავთა ასპარეზია, სადაც ადამიანები ვაჭრობენ – ყიდიან და ყიდულობენ, მოწყალებას ითხოვენ, ქეიფობენ იაფფასიან დუქნებში, ეწევიან პროსტიტუციას, ქურდობენ, ჩხუბობენ, მიემგზავრებიან დასავლეთ საქართველოში, ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში და კიდევ სხვა მიმართულებებით, და – ცხოვრობენ. დიახ, ცხოვრობენ ქუჩაში. სწორედ ვაგზლის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებია ყველაზე ხელსაყრელი და მოხერხებული უსახლკარო, მიუსაფარი ადამიანებისთვის, რათა ღამე გაათენონ, დაისვენონ, დაიძინონ. მართალია ქუჩაში, ცივ ბეტონზე, ასფალტზე ან სულაც მიწაზე, სიცივეში, წვიმასა და ქარში, მაგრამ სამაგიეროდ – უფასოდ.

საოცრად საინტერესო სანახავია ვაგზლის მოედნისა და ახლომახლო ტერიტორიების ხილვა შეღამებისას, როცა ბაზარი იშლება, მაღაზიები, საცხობები და სხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტები იხურება. ხალხიც თანდათანობით მცირდება, თხელდება. ნელ-ნელა უკაცრიელდება ვაგზლის მოედნის ტერიტორია, და მათ ადგილს იკავებენ მანამდეც მდგარი საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები, ტაქსისტები, უსახლკარო ლოთები, მოწყალების მთხოვნელი სხვადასხვა ეროვნების, სქესისა და ასაკის ადამიანები, მეძავები და კიდევ ვინ იცის რა ჯურისა და ზნეობის სუბიექტები. სწორედ შეღამებისას იწყებენ უსახლკაროები მზადებას – აკითხავენ წინასწარ შერჩეულ, მათთვის მეტნაკლებად კომფორტულ და უსაფრთხო ადგილებს, სადაც იმზადებენ ქვეშაგებს, ხოლო ვისაც ეს ბედნიერებაც არ გააჩნია, მუყაოს დაშლილ ყუთებზე წვებიან… და იძინებენ უკვე მთვლემარე ქალაქთან ერთად, რომ ხვალ ისევ ადგნენ, ზოგი მოწყალების სათხოვნელად წავიდეს, ზოგიც შავი მუშაა, ზოგი საერთოდ არაფრის მაქნისია და 100 გრამი არყის შოვნის გარდა, სხვა არაფერი ადარდებს. თუმცა ახლა ყველას სძინავს. თითქმის ყველას. ზოგი შფოთავს. ზოგი საშინელ ხმაზე ხვრინავს. ზოგს არც სძინავს და უბრალოდ წევს, ისვენებს – ცივ ბეტონზე, ტანქვეშ ამოდებულ ტელევიზორის მუყაოს ყუთზე. ყოველივე ამის ნახვა თუ გაინტერესებთ, აი იმ ძალიან მაგარი უცხოელი ფოტოგრაფივით უნდა მოინდომოთ და ღამით უნდა ესტუმროთ ჩვენს სახელგანთქმულ და ათასი ამბის მომსწრე, დიდი წარსულის მქონე ვაგზლის მოედანს.

შეგნებულად არ მოვყვები რიტორიკას იმაზე, თუ რას არ აკეთებს და რა უნდა გააკეთოს ქვეყნის ხელისუფლებამ, დედაქალაქის მერიამ, რომ ასეთი სამარცხვინო, უზომოდ გულისმომწურავი რამ არ ხდებოდეს თბილისის ქუჩებში, რომ არ იყოს ამდენი უსახლკარო, ღატაკი, მიუსაფარი და გაუბედურებული ადამიანი; რომ აბსოლუტურად ადეკვატურად, ადამიანურად ესმოდეს „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეთა გასაჭირი, რომ იაზრებდეს ერთ სრულიად ლოგიკურ და ლეგიტიმურ შეკითხვას: გარე ვაჭრობა რომ აიკრძალა, მოვაჭრეთა უსახური ხუხულები და თვითნაკეთი ჯიხურები რომ მოშორდა ქალაქის უამრავ უბანსა და ქუჩას, ეს შესანიშნავია და მისასალმებელია, მაგრამ ვინც იქ იდგა და ვაჭრობით ლუკმაპურს შოულობდა, ახლა რა უნდა იღონონ, სად წავიდნენ, რა გააკეთონ? ამაზე აქვს ვინმეს პასუხი? თუ უხაროდათ და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ, თითოეული მათგანის ცხოვრება ქუჩაში დგომით რომ იწყებოდა და მთავრდებოდა? თუ მხოლოდ გარე ვაჭრობის აკრძალვითა და ქუჩების მორეცხვა-მოსუფთავებით სრულდება საქმე? თუ ეს ხალხი ამიერიდან ჰაერით გააგრძელებს არსებობას და თქვენი უდრტვინველი ცხოვრების ცქერით ისაზრდოებს? იქნებ არც იყო ხალხის მომავალი ბედი გათვალისწინებული, როცა ეს პროექტი მუშავდებოდა და იწერებოდა? ვინ იცის?

სხვათა შორის, მსოფლიო ოკეანოლოგიაში არის ასეთი ფენომენი – აბისალი, რომელიც ეწოდება ზღვებსა და ოკეანეებში 2000 მეტრზე ღრმა ზონას; სადაც წყლის დინება ძალიან ნელია, მუდმივად დაბალი ტემპერატურაა და სრული წყვდიადია. რაც შეეხება ცოცხალ ორგანიზმებს, არსებობენ წყალმცენარეები, ბაქტერიული ფორმები და თქვენ წარმოიდგინეთ – თევზებიც, რომლებიც ზღვებისა თუ ოკეანეების ზედა ფენებიდან ჩამოცვენილი მკვდარი თევზების, მოლუსკების და სხვა ორგანული თუ არაორგანული ნარჩენებით იკვებებიან.
ეს ისე, ცნობისთვის და შედარებისთვის – გამგებმა რომ გაიგოს და დაფიქრდეს. ჰო, ზუსტად – აბისალის თევზები.