წიგნის მიმოხილვა: "ლიბერალიზმი: კონტრისტორია"

Liberalism: A Counter-History. Domenico Losurdo, trans. Gregory Elliott. London & New York: Verso, 2011. 384 pp.

შეიძლება ითქვას, რომ იტალიელი ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის, ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორის, დომენიკო ლოსურდოს წიგნი “ლიბერალიზმი: კონტრისტორია”, ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული და ინსპირაციული ნაშრომია ლიბერალიზმის კრიტიკოსებისა თუ მკვლევარებისათვის, რაც კი ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაწერილა. წიგნი პირველად იტალიურ ენაზე 2011 წელს გამოვიდა, ხოლო ინგლისურ ენაზე კი 2014 წელს გამოიცა გამომცემლობა Verso-ს მიერ.

რაში მდგომარეობს ლოსურდოსეული ლიბერალიზმის კრიტიკა? პროფესორი ლოსურდო ცდილობს თანმიმდევრულად აგვიხსნას ლიბერალიზმის, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიისა და პოლიტიკური პროცესის ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპები. ის დაბეჯითებით არის მოწადინებული დაგვარწმუნოს ლიბერალიზმის ნეგატიურ ისტორიულ გამოცდილებაში და გვიამბობს ამ გამოცდილების დრამატულ ასპექტებზე. დომენიკო ლოსურდოს მიზანი მარტივია – მას სურს დაანგრიოს აქამდე არსებული დომინანტური წარმოდგენები ლიბერალიზმის შესახებ და მოგვითხრობს მის ალტერნატიულ ისტორიაზე, რომელმაც მკითხველს უნდა დაანახოს ლიბერალიზმის ნამდვილი ამბავი, თუ გნებავთ იდეა.

იტალიელი ფილოსოფოსი ლიბერალიზმს განიხილავს როგორც მჩაგვრელ იდეოლოგიურ კატეგორიას, რომელმაც, მისი აზრით, ჩაგვრის გაცილებით არნახული მექანიზმები და პრაქტიკა ჩამოაყალიბა, ვიდრე ამას ევროპის შუა საუკუნეების დესპოტური სახელმწიფოები აკეთებდნენ. ის არ ინდობს ასევე იმ ცნობილ ლიბერალ ფილოსოფოსებს, რომელთა შრომები პოლიტიკური აზრის ისტორიაში საკმაოდ პატივსაცემ ადგილს იკავებენ. მაგალითად, ლოსურდო განსაკუთრებით უჯავრდება ბრიტანულ განმანათლებლობასა და ანგლო-ამერიკულ პოლიტიკური აზროვნების ტრადიციების, აქედან კი განსაკუთრებით შეიძლება გამოვარჩიოთ მისი დამოკიდებულება ჯონ ლოკისადმი, როგორც მონებით მოვაჭრე ლიბერალი ფილოსოფოსისადმი.

ლოსურდო ხედავს ჯაჭვურ ბმას ლიბერალიზმსა და ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებებს შორის, იქნება ეს მონობა, რასიზმი თუ ომები. ის ამტკიცებს, რომ ისეთი ცნობილი ლიბერალი მოაზროვნენი, როგორებიც იყვნენ ჯონ ლოკი და ჯონ კალჰუნი, წარმოადგენდნენ მონობის უპირობო დამცველებსა და რასისტულ შეხედულებათა პროპაგანდისტებს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, ის ნაკლებად პრეტენზიულია ადამ სმიტის მიმართ, რომელიც განსხვავებით ლოკისა და კალჰუნისგან თვლიდა, რომ მონობის გაუქმება დესპოტური მმართველობის პირობებში უფრო მეტად იყო შესაძლებელი, ვიდრე თავისუფალი, ანუ ამ შემთხვევაში ლიბერალური მმართველობის პირობებში (გვ.1-7). განსაკუთრებით თვალშისაცემია ლოსურდოს გულისწყრომა ჰოლანდიის, როგორც ლიბერალური კოლონიზატორის მიმართ, რომელმაც მონობით ვაჭრობა სრულიად ახალ სტანდარტში აიყვანა მისი ლიბერალური აღორძნების ხანაში. თუმცა, ცხადია ამ  მხრივ იტალიელი ისტორიკოსი არც ინგლისსა და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ინდობს, განსაკუთრებით კი ამერიკის დამფუძნებელ მამებს, როგორც მონარქიაზე გაბრაზებულ მერკანტილისტ და რასისტ სახელმწიფო მოღვაწეებს. ამ მხრივ, საინტერესოა ჯონ ადამსის სიტყვები, რომელმაც ის ლონდონში ინგლისელ მმართველთა მიმართ გამოიყენა “ჩვენ არ ვიქნებით მათი ზანგები”! (გვ.49).

ნაშრომის მთელი ერთგვარი “ეთოსი” აგებულია იმაზე, თუ რაში მდგომარეობს “დასავლური რასის” უპირატესობა, თუ როგორ მოქმედებდნენ დასავლური ლიბერალური იმპერიები მის კოლონიებში და როგორ ახდენდა დასავლეთი სოციო-ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ჩაგვრის კვლავწარმოებას. ამ მხრივ საინტერესოა, ლოსურდოს მიერ მოყვანილი წერილი, რომელიც 1846 წლის ზაფხულში მისწერა ალექსის დე ტოკვილმა ფრანსის ლიბერს, სადაც ტოკვილი არაფრად აგდებს საფრანგეთის მიერ ალჟირის დაპყრობას და ზოგადად ალჟირელების ბედს ფრანგული კოლონიალიზმის ქვეშ: მისი აზრით, ბოლოს და ბოლოს ეს არ არის „ბრძოლა ევროპელებს შორის“ (გვ.233). ტოკვილი წერილში გამოხატავს მის წუხილს იმაზედ, რომ მართალია ევროპელებმა აითვისეს აფრიკის რესურსები, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. საინტერესოა წერილის ადრესატიც, ფრენსის ლიბერი, გერმანელი არისტოკრატი კაცი, რომელმაც მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა და იქ სოლიდური რაოდენობის მონებსაც მოუყარა თავი, როგორც მის მოსამსახურეებს. ლოსურდო ნაშრომში ასევე არჩევს ლიბერის დღიურებს, სადაც კარგად ჩანს ლიბერის რასისტული და უკიდურესად მჩაგვრელი ენა, პათოსი და რიტორიკა (4).

ლოსურდო ამბობს, რომ ზოგადად ტერმინ “ლიბერალის” წარმოშობა პოლიტიკურ ბრძოლებს უკავშირდება. კონკრეტულად, აქ საუბარია 1812 წლის რევოლუციაზე ესპანეთში, სადაც კონსტიტუციის დამცველებს “ლიბერალებად” მოიხსენებდნენ, ხოლო მათ ოპონენტებს კი “მორჩილებად” (გვ.240). თუმცა, ცხადია ლოსურდო ლიბერალური მოძრაობისა და ლიბერალური რევოლუციების ისტორიას მაინც ინგლისის სახელოვან რევოლუციას უკავშირებს, ამის პარალელურად კი ის ლიბერალიზმის და ლიბერალური ნარატივების ნაკვალევს როგორც მე-18 საუკუნის ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში, ასევე ფრანგულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ეძებს. პროფესორი ლოსურდო ლიბერალიზმს ომის იდეოლოგიას უწოდებს და გვარწმუნებს იმაში, რომ დასავლეთის მიერ მის კოლონიებსა თუ ზოგადად არადასავლურ სივრცეში წარმოებულ ომებსა თუ ინტერვენციებს, საფუძვლად სწორედ ლიბერალური ლეგიტიმაცია ედო.

იტალიელი სწავლული მე-20 საუკუნის ევროპაში აღმოცენებულ დიდ კატასტროფებსაც ლიბერალური სამყაროს ერთგვარ პოლიტიკურ თუ სოციალურ იდენტობას და ზოგადად ლიბერალიზმს უკავშირებს. მაგალითად, ის ბრალს სდებს ლიბერალებს იმაში, რომ მათ მხარი დაუჭირეს 1922 წელს ფაშისტურ შეთქმულებას იტალიაში, ამის დასტურად კი ლოსურდოს განთქმული იტალიელი პოლიტიკოსი და იტალიის ყოფილი პრეზიდენტი ლუიჯი ეინაუდი მოჰყავს, რომელიც იმ დროს მიესალმა “კლასიკური ლიბერალიზმის” დაბრუნებას იტალიაში. თუმცა, გარდა ეინაუდისა ლოსურდო ასევე გვესაუბრება ბენედეტო კროჩეს, ანტონიო სალანდრასა და ვილფრედო პარეტოზე, როგორც ლიბერალური ყაიდის პოლიტიკოსებსა და ინტელექტუალებზე, რომლებმაც ასევე მხარი დაუჭირეს ფაშისტურ რეჟიმს იტალიაში (გვ.327). ლოსურდო ამტკიცებს, რომ იტალიელი ლიბერალებს განსაკუთრებით სძულდათ სოციალური სახელმწიფოს იდეა, ისინი აღმერთებდნენ კერძო საკუთრების იდეას, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მათი სიმპათიები მუსოლონის რეჟიმის მიმართ.

დავუბრუნდეთ ისევ რასიზმის, გენოციდისა და ლიბერალიზმის კორელაციას. ლოსურდო ლიბერალური სამყაროს რასისტული პრაქტიკის ერთ საინტერესო მაგალითზე მოგვითხრობს:

1911 წლის ზაფხულში, კალიფორნიის ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილას, აღმოაჩინეს ინდიელი, რომელიც ვერ საუბრობდა ვერც ინგლისურ და ვერც ესპანურ ენებზე. ეთნოლოგებმა დაადგინეს, რომ ის იაჰის ტომისა იყო, რომლებიც თავის დროზე მთლიანად ამოჟლიტეს. უცნობი, რომელმაც უარი თქვა მისი ვინაობის გამხელასა და მისი ოჯახის დანგრევის ისტორიის მოყოლაზე, მოათავსეს მუზეუმში სადაც ის ზრდასრულთა და ბავშთა გასართობ ობიექტად იქცა, ადგილობრივი პრესა კი ამ მოვლენას ისეთი სათაურებით ეხმიანებოდა როგორებიცაა “უკანასკნელი აბორიგენი”, “კალიფორნიას ტყიური”, “ბარბაროსთა ქვის ხანის ნამდვილი გადმონაშთი”. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი ტვინი შესწავლის საგანი გახდა. დიდი ფილოსოფოსი ედმუნდ ჰუსერლი, რომელიც იყო ნამდვილი ლიბერალი და დემოკრატი, 20 წლის შემდეგ სრული სიმშვიდით ამბობდა იმას, რომ ყველგან ევროპასა და დასავლეთში, ინდიელები (უფრო სწორად გადარჩენილი ინდიელები) “ბაზრის ჯიხურებში  ექსპონანტებად არიან წარმოდგენილნი” (გვ.335-336).

აღსანიშნავია, რომ წიგნში ზოგადად მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რასისტულ ძალადობასა და პრაქტიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც შავკანიანების, ასევე ამერიკის ინდიელების მიმართ. ამ კონტექსტში, დომენიკო ლოსურდო ციტირებს ცნობილ ფრანგ ფილოსოფოსს ცვეტან ტოდოროვს, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა განადგურებას “კაცობრიობის ისტორიაში ყველა დიდი გენოციდი” უწოდა (გვ.339).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ იტალიელი თეორეტიკოსი ლიბერალიზმს უყენებს მძიმე ბრალდებას ჩაგვრის იმ მექანიზმებისა და პრაქტიკებისათვის რომლემსაც ლიბერალები და ლიბერალური იდეოლოგია იყენებდა, როგორც ლოკალურ ასევე გლობალურ დონეზე. ლოსურდოსეული ისტორია არის გენოციდის, მონობისა და კაცობრიობის ძარცვის ისტორია, რომელსაც ის თანამედროვეობის ყველაზე დომინანტურ იდეოლოგიას, ლიბერალიზმს მიაწერს. და ბოლოს, ლოსურდო არ ჰგავს ღირებულებებისგან დაცლილ ეთიკური ნეიტრალიტეტის მქონე მეცნიერს, რაც მის ნაშრომებს გაცილებით მიმზიდველს და პროვოკაციულს ხდის, რისი ნაკლებობაც თანამედროვე აკადემიაში ნამდვილად შეინიშნება. პროფესორ ლოსურდოს წიგნი ფასდაუდებელ როლს ასრულებს ლიბერალიზმისა, იდეოლოგიებისა თუ ზოგადად დასავლური სამყაროს ფილოსოფიური, ისტორიული და პოლიტიკური შესწავლის დარგში.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი