უნივერსალური საბაზისო ჯანდაცვა გლობალური მასშტაბით

ბოლო წლებში, პოლიტიკურ შკალაზე, ჯანდაცვის სექტორის შესახებ დისკუსიები სულ უფრო და უფრო მარცხნივ ინაცვლებს და უნივერსალური ჯანდაცვის გლობალური მასშტაბით დამკვიდრებაზე საუბარი კიდევ უფრო აქტუალური ხდება: გამოცემა “ეკონომისტიც” კი, რომელიც როგორც წესი, საჯარო პოლიტიკების ადვოკატირებისას ეკონომიკური რაციონალისა და ლოგიკის უპირატესობით ხელმძღვანელობს ხოლმე, მხარს უჭერს უნივერსალური საბაზისო ჯანდაცვის იდეას მთელი კაცობრიობისათვის. გამოცემა იმ ლიბერალურ და გარკვეულწილად ტრივიალურ არგუმენტს ეყრდნობა, რომ კარგი ჯანმრთელობა აუცილებელია ინდივიდის პოტენციალის სრულფასოვანი განვითარებისათვის, ხოლო ჯანმრთელობის საკითხში თავდაჯერება ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს განავითაროს საკუთარი სამეწარმეო სულისკვეთება და ბიზნესი. აქვე, გამოცემა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ უნივერსალური ჯანდაცვის სქემის ხარჯები დაიფაროს, მნიშვნელოვანია ადამიანები რაღაცნაირად ვაიძულოთ გადაიხადონ ხარჯები გადასახადების სახით.  

ჯანდაცვის სისტემაში არსებული უთანასწორობების საკითხის გააქტიურება გარკვეულწილად იმით არის განპირობებული, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარჯიანობა მსოფლიოს მოსახლეობას დღეს უფრო ძვირი უჯდება ვიდრე ოდესმე. ეს კი მიუხედავად იმ მოცემულობებისა, რომ ჯანდაცვის სერვისები არასდროს ისე დახვეწილი არ ყოფილა როგორიც დღეს არის, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა დღეისათვის უფრო მაღალია, ვიდრე ადრე იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვის იმ სერვისებზე, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია ჯანდაცვის საბაზისო სერვისებად. ამასთან, ჯანდაცვაში გადახდილი კოლოსალური თანხები ხშირად არც კი პასუხობს მიღებული სერვისების ხარისხს.

ჯანდაცვის სექტორში არსებულ უთანასწორობებში ამგვარად სწორედ ის იგულისხმება, რომ  ამ სფეროში განხორციელებული ნეოლიბერალური რეფორმების ფონზე, რომლებიც კონცენტრირდებიან სფეროს დერეგულაციაზე და ლიბერალიზაციაზე, და უპირველესად ბაზრის მისწრაფებებს აკმაყოფილებენ, ჯანდაცვის ბუნება მკვეთრად და ფუნდამენტურად შეიცვალა: ის უკვე  უფლებას კი არ წარმოადგენს, არამედ იმგვარ საჭიროებას, რომლის შესაბამის ბაზარზე შესყიდვა საკუთარ თავს ინდივიდუალური ძალისხმევებით თავადვე უნდა მოვუგვაროთ – მსყიდველობის უნარს მოკლებულნი კი ამ საჭიროებას ნაკლებად, ან ვეღარ დაიკმაყოფილებენ. უფლება ჯანდაცვაზე ამგვარად დაუკავშირდა ინდივიდთა მსყიდველობითუნარიანობას. შესაბამისად, გაჩნდა მკაფიო უთანასწორობა იმ სოციალურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ერთის მხრივ ახერხებენ და მეორეს მხრივ ვერ ახერხებენ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას. ჯანდაცვის სფეროში არსებული უთანასწორობა სწორედ ამ ფენომენს აღნიშნავს და იმგვარი ნეოლიბერალური რეფორმების მატერიალური შედეგია, რომელთაც ხშირად წარმოგვიდგენენ ხოლმე როგორც მოძველებული, არაეფექტური და ხარჯიანი ჯანდაცვის სისტემების ეფექტურ ალტერნატივას.

ყველაფერი ამის შედეგად, გაიზარდა სოციალური უკმაყოფილება და პროტესტი: მაგალითად, მიმდინარე წლის თებერვალში, ბრიტანეთში ათიათასობით აქტივისტი და ჯანდაცვის მუშაკი გამოვიდა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის (NHS) არსებობის 70 წლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისის წინააღმდეგ და უკეთესი დაფინანსებისა და “კრიზისის” დასრულების მოთხოვნით. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი 1948 წელს შეიქმნა როგორც დასავლეთის ქვეყნებში პირველი ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც მოსახლეობას შესთავაზა სახელმწიფოს მიერ მოწოდებული უფასო და საყოველთაო ჯანდაცვის სერვისი, და ამით კოლექტივისტური სერვისის მოწოდების უნიკალური ნიმუში შექმნა საბაზრო ტიპის საზოგადოებაში. ამ ისტორიულ რეფორმას “ლეიბორისტული მთავრობის სოციალისტურ მიღწევასაც” უწოდებენ და ეს დაკავშირებულია იმდროინდელი ბრიტანეთის ჯანდაცვის ლეიბორისტ მინისტრ ენაირინ (ნაი) ბევანის (Aneurin Bevan) სახელთან, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც მშრომელი ხალხის უფლებების დამცველი, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიული სოციალიზმის გულმხურვალე მხარდამჭერი და ბრიტანეთის, როგორც კეთილდღეობის სახელმწიფოს სულისჩამდგმელი. 80-იანი წლებიდან, მარგარეტ ტეტჩერის მთავრობის მიერ განხორციელებულმა ნაბიჯებმა – ჯანდაცვის სივრცის ნაწილობრივმა პრივატიზებამ და ლიბერალიზაციამ, ბევანისეული ჯანდაცვის პრინციპები საფრთხის ქვეშ დააყენა. ტეტჩერის გზა გააგრძელეს მისმა თანამორბედებმა ტონი ბლერმა და დავიდ კამერონმაც, დღეისათვის კი საყოველთაო უფასო ჯანდაცვის დაარსებიდან 70 წლის შემდეგ, ბრიტანეთის ჯანდაცვამ ბენანის მიერ დამკვიდრებული უფლებისა და საჭიროების სფეროდან, საბაზრო საქონლის სფეროში გადაინაცვლა და მოსახლეობის მასიური უკმაუყოფილება გამოიწვია.

 

უნივერსალური ჯანდაცვა მთელი კაცობრიობისათვის

 

“ჯანდაცვა” ლეონ ცერნიცკი

“უნივერსალური ჯანდაცვა მთელი კაცობრიობისათვის – ყველასთვის და ყველგან” – (Universal Health Coverage: everyone, everywhere) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალი ისტორიული მოწოდებაა, რომელიც უნივერსალურ ჯანდაცვის სერვისებს მთელი კაცობრიობისათვის ლობირებს. გლობალურად უნივერსალური ჯანდაცვის მიღწევა ინოვაციური და ამბიციური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც “პროგრესული უნივერსალიზმის” სახელით მოიხსენიება და რომლის განხორციელების შედეგადაც, ნებისმიერ ადგილზე მცხოვრებ ადამიანს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ისარგებლოს საჭირო უნივერსალური ჯანდაცვის სერვისებით ისე, რომ ამ სერვისებით სარგებლობამ იგი არ გააღარიბოს   – ამ სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს შემოსავლებითა თუ ე.წ. “შესაძლებლობებით განსაზღვრული” (means-tested) კეთილდღეობის პროგრამები, და თავიდან უნდა აიცილოს მილიონობით ადამიანის სიკვდილი და ამასთან, ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას გლობალური მასშტაბით.

ამ პოლიტიკას ხშირად იმ გლობალისტური პოლიტიკის ნაწილად განიხილავენ, რომელსაც გლობალურ დონეზე პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, თუმცა უნივერსალური ჯანდაცვის მიღება უპირველესად ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ ნებისა და არჩევანის საკითხია: მაგალითად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მენეჯმენტი მას ეროვნული მთავრობების მისაღებ გადაწყვეტილებად განიხილავს, რომლის განხორციელებაც ყველა ქვეყანისა და ეროვნული მთავრობის პასუხისმგებლობაა.

არსებული კვლევებით, მსგავსი “პროგრესული უნივერსალიზმის” პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების მობილიზაცია და ინვესტიციების განხორციელება ქვეყანათა უმრავლესობას საკუთარი სახსრებით შეუძლიათ, ყველაზე ღარიბ ქვეყნებს კი (დაალოებით 32 პროცენტი) დახმარება დასჭირდებათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით, უნივერსალური ჯანდაცვა განსაკუთრებით იმ განვითარებადი ქვეყნებისათვის არის მნიშვნელოვანი, რომელთა მოსახლეობაც უფრო მოწყვლადია ჯანდაცვის კატასტროფული ხარჯების მიმართ და რომელთა მოსახლეობისათვისაც უფრო რთულია ჯანდაცვის ხარჯების დაფარვა. განვითარებად ქვეყნებში არასაკმარისი საჯარო დანახარჯების პრობლემა ჯანდაცვის სექტორში უფრო მძიმედ დგას, თუმცა ზემოთხსენებული ბრიტანეთის მაგალითზე დაყრნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ განვითარებული ქვეყნებიც არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში.

ჯანმრთელობის უთანასწორობებთან გამკლავებისთვის ერთ-ერთ გამოსავლად უნივერსალური საბაზისო შემოსავალი მიიჩნევა, რომელიც გულისხმობს უპირობო შემოსავალს ყველა  მოქალაქისათვის მიუხედავად მისი სამსახურეობრივი თუ შემოსავლების სტატუსისა. უნივერსალური საბაზისო შემოსავლის იდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც დასაქმების მხრივ, აღარ არსებობს მყარი გარანტიები, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შეგრძნება, ხოლო გლობალური მასშტაბით, უმუშევრობის დონემ, 2015 წლისათვის, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – თითქმის 200 მილიონ ადამიანს მიაღწია. ამასთან, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ე.წ. “ჭკვიანი მანქანებისა” და რობოტების განვითარებასთან ერთად, უმუშევრობის დონის მხოლოდ ზრდაა ნავარაუდევი. ამ ყველაფრის ფონზე კი, საჯარო პოლიტიკის დონეზე უფრო და უფრო ცხადი ხდება იმის საჭიროება, რომ გარკვეული ახალი მექანიზმების შემუშავებით, ადამიანებს შეუნარჩუნდეთ სოციალური და ჯანდაცვის უსაფრთხოების, და კეთილდღეობის განცდა. აქვე აღსანიშნავია, რომ უნივერსალური საბაზისო შემოსავლის იდეის პროგრესულობის პოტენციალი იკარგება, ანუ ის ვერ ჩაითვლება სიღარიბის შემცირების მექანიზმად იმ შემთხვევაში, თუ ის არ დაეფუძნება და კომბინირდება უნივერსალურ სოციალური უსაფრთხოების და მათ შორის ჯანდაცვის სერვისებთან.

უნივერსალური ჯანდაცვისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოზიდვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროგრესული გადასახადების შემოღებით და ამ გზით საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდაში ხედავს, რის საფუძველზეც  შეიძლება შეიქმნას ჯანდაცვის თანასწორობის პრინციპზე აგებული სისტემა: ქვეყნები, რომელთაც თანასწორობის პრინციპზე აგებული უნივერსალურად ხელმისაწვდომი სისტემა აქვთ, ყოველთვის ეყრდნობიან ე.წ. ჯვარედინ სუბსიდირებას მდიდრიდან ღარიბზე, და ჯანმრთელიდან ავადმყოფზე. თუმცა დაფინანსების ტვირთს ის საკითხი ართულებს, რომ განვითარებული კაპიტალიზმის ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა უკვე თითქმის მთლიანად პრივატიზებულია, კერძო ჯანდაცვის ხარჯებს, რომელიც როგორც წესი უფრო ხარჯიანია ხოლმე და ამასთან, ხშირად ხელოვნურად არის გაზრდილი ექიმისა თუ კერძო კლინიკის ფინანსური სარგებლის ინტერესით – იხდის სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში, ფინანსური მოგებისა და სარგებლის ინტერესის გამოცლა ჯანდაცვის პროვაიდერებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება მივიჩიოთ სახელმწიფო ხარჯების შემცირებისა და ეფექტურობისათვის.

რაც შეეხება თანასწორობაზე დაფუძნებულ სისტემას, უნივერსალური ჯანდაცვაში თანასწორობის იდეა იმაშიც მდგომარეობს, რომ ერთნაირად მაღალი ხარისხის სერვისები მიეწოდებოდეთ როგორც დაბალ, ისე მაღალშემოსავლიან მოსახლეობას. ამის მიღწევის საკითხი კი როგორც წესი პოლიტიკური ნებისა და პრიორიტეტების საკითხია. პოლიტიკური იდეოლოგიის საკითხია იმის გადაწყვეტაც, თუ უპირველესად ვისი პასუხისმგებლობაა იმგვარი სოციალური სერვისების მოწოდება როგორიც არის არის ჯანდაცვა და განათლება – ცალკეული ინდივიდის, კერძო ინსტიტუციების, თუ სახელმწიფოსი.

ჯანდაცვის სისტემაში გლობალურად განვითარებული დისკუსია, ამგვარად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიტიკური ეკონომიკის პრაქტიკის იმ აქამდე დამკვიდრებულ თეორიულ დაშვებას, რომ ადამიანთა კეთილდღეობა და კარგი ცხოვრება შესაძლებელია მიღწეულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური სამეწარმეო თავისუფლებისა და უნარების განვითარების ხარჯზე, კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ბაზრისა და ვაჭრობის პირობებში. 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.
ფოტო:  Laënnec, at the Hopital NeckerExamining a Consumptive Patient by Auscultation. 
             Théobald Chartran-ის ნახატი.