ფოტო გარეკანზე: Flickr.com
გასულ მაისს ევროკომისიამ ცენტრალური ევროპის სამ ქვეყანას – უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი – ერთთვიანი ვადა მისცა საბოლოოდ დათანხმებულიყვნენ ამჟამად იტალიაში და საბერძნეთში ჭარბად განლაგებული სირიელი, ერაყელი და ერითრეელი მიგრანტთა გარკვეული კვოტის მიღებას. ვადა ივნისში ამოიწურა, მაგრამ ქვეყნების ლიდერებისგან მოთხოვნას დადებითი პასუხი არ მოჰყოლია. შესაბამისად, ევროკომისიამ დარღვევაზე ქვეყნების მიმართ სამართლებრივი პროცესი წამოიწყო. სანამ საქმე ევროპული სამართლის სასამართლოს გადაეცემა ოფიციალურმა ბრიუსელმა სამივე ქვეყნის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა, სადაც ქვეყნებისგან მათი უარის ახსნა იყო მოთხოვნილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქვეყნებს ფინანსური ჯარიმები ან ევროკავშირის დაფინანსების შეზღუდვა ელით.
ჩეხეთის და პოლონეთის ლიდერები თვლიან, რომ კვოტის სისტემა არაეფექტურია და მიგრანტთა ევროპაში გადანაწილების ნაცვლად, ევროპის კავშირმა მათი სამშობლოში დაბრუნებას და იქ ცხოვრებას უნდა შეუწყოს ხელი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიტორ ორბანი ბრიუსელი მოთხოვნას საკუთარი ნეიტივისტური (nativism) პოლიტიკით პასუხობს. მან საკუთარი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის გასული წლის ოქტომბერში, ქვეყანაში რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც მოსახლეობისთვის დასმული იყო კითხვა, სურდათ თუ არა მათ ევროპის კავშირის მიერ გათვალისწინებული მიგრანტთა კვოტის მიღება. რეფერენდუმზე მისულ ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (98%) მიგრნატთა მიღებაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, რეფერენდუმი ვალიდური არ აღმოჩნდა, რადგან მასში ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა, მხოლოდ 44% მიიღო მონაწილეობა.
ორბანოკრატია
ჯერ კიდევ 2015 წელს, ვიქტორ ორბანმა მის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა: „ჩვენ თავს ვანებებთ მულტიკულტურალიზმზე ბოდვას, სანამ უნგრეთი ლტოლვილთა ბანაკად არ გადაქცეულა.“ მაგრამ უნგრეთის პრემიერის სიხისტე მხოლოდ მისი ანტიმიგრაციული რიტორიკით არ გამოირჩევა. დასავლეთი მას არალიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს და მათი შფოთვაც უსაფუძვლო არ არის. ორბანი და მისი პარტია ფიდეში წლების განმავლობაში ებრძვიან იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ნაყოფია.
ორბანის სამიზნეში პირველად მედია საშუალებები მოხვდნენ. 2010 წელს, ფიდეშმა გააუქმა მედია მონოპოლიის საწინააღმდეგო რეგულაცია და შექმნა ახალი ორგანო – მედია საბჭო – რომელსაც მნიშვნელოვანი ძალაუფლება მიეცა. საბჭოს უფლება მიეცა გაეკონტროლებინა როგორც საზოგადოებრივი, ასევე კერძო მედიასაშუალებები. საბჭოს თავჯდომარეს თავად პრემიერი ირჩევდა, ხოლო წევრებს საპარლამანეტო უმრავლესობა. ორბანის მსგავს რეპრესიულ პოლიტიკას შედეგად რამდენიმე ბეჭდური გამოცემის დახურვაც კი მოჰყვა.
2011 წელს, ფიდეშმა რელიგიურ უმცირესობებზე მიიტანა იერიში. სინდისისა და რელიგიის თავისუფლების ახალი კანონი იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც რელიგიური დენომინაცია, რომელსაც პარლამენტის 2/3 არ დაუჭერდა მხარს, მათ საგადასახადო შეღავათები გაუუქმნდებოდათ. ინდუსებმა, ბუდისტებმა, რეფორმისტმა ებრაელებმა, მეთოდისტებმა და სხვა რელიგიურმა მიმდინარეობებმა აღნიშნული ზღვარი ვერ გადალახეს. მოგვიანებით, უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეგულაცია არაკონსტიტუციურად სცნო და რელიგიური ჯგუფების რეაბილიტაცია მოახდინა. ამ სვლით, ვიქტორ ორბანის მიზანი უნგრეთის ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადება იყო.
2014 წელს წლის გაზაფხულზე ორბანის მთავრობამ საფრთხე შეუქმნა უცხოური ფინანსებით უნგრეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ორბანმა ნორვეგიის სახელმწიფო გააკრიტიკა, მის მიერ უნგერთში მოქმედი მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის, რომლებიც უნგრულ პოლიტიკაში უხეშად ერეოდნენ. მიმდინარე წელს კი, პარლამენტმა ახალი კანონის მიღებაა დაანონსა, რომლის მიხედვითაც ყველა არასამთავრობო ორგანიზაციეას საკუთარი ფინანსები საჯარო უნდა გაეხადა. ორბანი თვლიდა, რომ ამგვარი ჯგუფები ქვეყანაში მეხუთე კოლონას წარმოადგენენ და მსგავსი რეგულაცია ნათელს გახდის სხვა ქვეყნის ჩარევის ხარისხს უნგრეთის შიდა პოლიტიკაში.
ბოლოს ვიქტორ ორბანი უნგრული წარმოშობის ამერიკელ მილიარდელ ფილანტროპს, ჯორჯ სოროსს და ბუდაპეშტში მოქმედ მის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს დაუპირსპირდა.
მიმდინარე წლის მარტის ბოლოს, უნგრეთის პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატიცის მიხედვით, ევროკავშირის გარეთ რეგისტრირებულ უნივერსიტეტებს, რომლებიც უნგრეთში დიპლომს გასცემენ, საკუთარ ქვეყანაში საუნივერსიტეტო კამპუსის უნდა ჰქონდათ. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც 1991 წელს ჯორჯ სოროსმა ამერიკაში დააფუძნა, ნიუ-იორკშია რეგისტრირებული მაგრამ იქ საკუთარი კამპუსი არ გააჩნია. კანონპროექტის მიხედვით, თუკი უნივერსიტეტს უნგრეთში მუშაობის გაგრძლება სურდა, 2018 წლის 15 თებერვლამდე აშშ-ში სასწავლო კამპუსი უნდა გაეხსნა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. უნგრეთის ლიდერსა და ჯორჯ სოროსს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. უკვე წლებია, რაც სოროსი ქვეყნის ლიდერს და მის მმართველობას მკაცრად აკრიტიკებს. უკანასკნელ ხანებში, მან ორბანი ქვეყნის საკუთარ‘მაფიად’ ქცევაში დაადანაშაულა და მისი ანტიიმიგრაციული პოლიტიკა – უნგრეთის სამხრეთ საზღვრებზე ლტოლვილების დასაბრკოლებლად მავთულხლართების გავლება დაგმო.
ვიქტორ ორბანის ბოლო დროს გახშირებული ქმედებები, რომელთაც უნგრეთი ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს, დასავლელ ლიდერებში შეშფოთების საკითხი გახდა. ბევრი თვლიდა, რომ მინიმუმ ევროპარლამენტში მემრაჯვენე ფრთის ‘სახალხო პარტიას’ ორბანის ფიდეშთან თანამშრომლობა უნდა შეეწყვიტა და ამით ოფიციალურ ბრიუსელს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია დაეფიქსირებინა. მაგრამ ფიდეშს ‘სახალხო პარტია’ ჯერ არ დაუტოვებია.
ორბანის ‘დაუმორჩილებლობის’ მიუხედავად, ბრიუსელი უნგრეთის მიმართ მის ჩვეულ, დახმარების პოლიტიკას ატარებს. უნგრეთის მთავრობის მონაცემებით, ევროპის კავშირის დახმარებით ქვეყანაში 150 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. 2007-13 წლებში გაერთიანებამ უნგრეთს 21 მილიარდი ევრო რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოუყო და სახელმწიფოს კაპიტალდაბანდების 57% დააფინანსა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია კავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
იუნკერის გეგმის მიხედვით, უნგრეთი წელს დამატებით 26 მილიონ ევროს მიიღებს, რამაც 600 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციების მოზიდვა უნდა გამოიწვიოს. 2014-20 წლებში, უნგრეთისთვის ჯამში 25 მილიარდი ევროს გაცემა იგეგმება, რაც ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე 368 ევროს შეადგენს.
ორბანის პოლიტიკური ფილოსოფია
თუკი საშუალო ევროპელი პოლიტიკოსი საკუთარ დისკურსში აქტიურად იყენებს თავისუფალი ვაჭრობის, მშპ-ის ზრდის, ევროპული ინტეგრაციის, კონკურენციის, გენდერისა თუ რასობრივი თანასწორობის საკითხებს, უნგრეთის პრემიერი მსგავსს გზას არ მიჰყვება. მისი ხედვები კარდინალურად განსხვავებულია მეინსტრიმული პოლიტიკური ხედვებისგან. ორბანი აკრიტიკებს ნეოლიბერალურ ეკონომიკას, გლობალიზმის საპირისპიროდ, ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერების ინიციატივით გამოდის, უარყოფს მულტიკულტურალიზმის იდეას და ბიოლოგიური გადარჩენის მიზნით მოსახლეობას შობადობის გაზრდისკენ მოუწოდებს. მისი სურვილია, უნგრეთი ქრისტიან-დემოკრატიულ, ღრმა კონსერვატიულ ქვეყნად აქციოს.
გარდა შიდა და ევროპის კავშირის მასშტაბით საკუთარი ორდინალური პოლიტიკისა, ორბანი საგარეო მიმართულებითაც განსხვავებულია. ევროპასა და რუსეთს, ასევე თურქეთს შორის სხვადასხვა მიზეზებით – პირველის შემთხვევაში ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა, ხოლო მეორეს შემთხვევაში გაძლიერებული შიდა პოლიტიკური რეპრესიები – გაუარესებული ურთიერთობების მიუხედავად, ორბანი დამოუკიდებლად თანამშრობლობს და პოზიტიურ სიგნალებს უშვებს, როგორც ვლადიმერ პუტინის, ასევე რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიმართ.
ევროპის მასშტაბით არსებული სხვადასხვა ტიპის კრიზისების დასაძლევად ორბანს მიაჩნია, რომ ლიბერალური მულტიკულტურალიზმი არასწორი მიდგომაა, რომელიც ევროპულ ცივილიზაციას საფრთხეს უქმნის და მის აფრიკული თუ არაბული ისლამური კულტურებით ჩანაცვლებას იწვევს. შესაბამისად, იგი ევროპელ ლიდერებს ანტიმიგრაციული პოლიტიკის გაძლიერებისკენ და საზღვრების კონტროლი გამკაცრებისკენ მოუწოდებს, და არგუმენტად მოჰყავს ევროპაში უკვე დიდი ხნის არსებული შობადობის კლების ტენდენცია.
ლიბერალიზმის წინააღმდეგ მისი მეორე არგუმენტი ეკონომიკურია. მას მიაჩნია, რომ მშპ-ის ზრდა ამოსავალი წერტილი არ არის, რადგან ამით შეიძლება მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა იხეიროს, ხოლო დანარჩენი ერი გადაშენების გზას დაადგეს. იგი თვლის, რომ ამგვარი ეკონომიკა ინდივიდების ატომიზაციას ახდენს და ერის, როგორც ერთობის არსებობას საფრთხეს უქმნის.
ვიქტორ ორბანის სახელმწიფო მართვის მსგავს მოდელს მხარდამჭერები მის სამეზობლოში კერძოდ კი, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებში უკვე გამოუჩდნენ. ორბანისეული პოლიტიკის გამტარებელი პოლონეთის ამჟამინდელი ხელისუფლება და მისი არაფორმალური ლიდერი იაროსლავ კაჩინსკია. სხვადსხვა ხარისხით ორბანს გვერდს უბამენ ჩეხეთი და სლოვაკეთიც.
დასკვნის მაგიერ
ერთი შეხედვით ვიქტორ ორბანის მიდგომები არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ პრაგმატული და ეფექტური შეიძლება იყოს, მაგრამ მის სუვერენულ ერი-სახელმწიფოს კონცეფციაზე ევროპაში უკვე ათწლეულებია ნელ-ნელა უარს ამბობენ. მიზეზი ნათელია – სახელმწიფოს ამგვარმა მოდელმა ბებერ კონტინენტს ნეგატიური შედეგი – ომები და სხვა სოციალური კატაკლიზმები მოუტანა. თავის დროზე სწორედ ამგვარი ხედვების საპასუხოდ შეიქმნა ევროპული გაერთიანებაც, რომელსაც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობით, კაპიტალის, მომსახურებისა თუ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებით ინკლუზიური სივრცე უნდა შეექმნა, და ამით სუვერენული ერი-სახელმწიფოების აგრესია თანმიმდევრულად გაენელებინა.
ევროპული ფედერაციის საბოლოო მიზნისკენ მიმავალ ევროგაერთიანებისთვის ორბანოკრატია უჩვეულო და გამონაკლისია. მაგრამ საგანგაშო ტენდეცია ის არის, რომ მსგავსი ტიპის მმართველობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება უნგრეთის სამეზობლოში იზრდება და შეიძლება აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნებშიც ეს პროცესი გადადინდეს. თუკი ევროპის კავშირმა პრევენციული პოლიტიკა არ გაატარა და ქვეყნების მიერ სამართლებრივ თუ ღირებულებით გადაცდომებზე ეფექტური სანქციები არ დააწესა, მაშინ ზემოთ აღნიშნული ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს და ისედაც მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი გაერთიანების მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდეს.