ფოტო გარეკანზე: flickr.com, ფილმი “მე, დენიელ ბლეიქი”.
“უმუშევრად ყოფნა, სიცოცხლის უფრო დიდი უარყოფაა, ვიდრე თავად სიკვდილი.”
ხოსე ორტეგა ი’გასეტი
საქართველოში უმუშევრობა ნომერ პირველი პრობლემაა. ეს დასტურდება სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით. თუმცა, ამ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსია და მისი გაშუქება მედიაში, პრობლემის სიმწვავის ექვივალენტური არ არის. დისკუსიის ნაკლებობას, თავისი შინაგანი მიზეზები აქვს, რაც კავშირშია იდეოლოგიურ კარ-ჩაკეტილობასთან. გაბატონებული ნეოლიბერალური იდეოლოგია გვეუბნება, რომ სამუშაო ძალა შეზღუდული რესურსია და საბაზრო ძალების სამთავრობო წნეხისგან განთავისუფლების შემთხვევაში, სრული დასაქმება გარანტირებულია.
უფრო ნათლად რომ ავხსნათ, შემდეგი მაგალითი შეიძლება მოვიშველიოთ: მაგალითად, თუ ფერმერს მოჰყავს პომიდორი, ნეოლიბერალური პერსპექტივით, მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი არ შეიძლება გაუსაღებელი დარჩეს, რადგან ფერმერი მოიყვანს იმდენ პომიდორს, რამდენზეც არის მოთხოვნა ბაზარზე. თუ მას რეალიზაციის პრობლემა შეექმნა, იგი ფასს დაწევს, რაც მოხსნის პომიდორის გაყიდვის პრობლემას. ფასი არის ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საბაზრო წონასწორობის მიღწევას. გაბატონებული იდეოლოგიის მიხედვით, ადამიანის შრომაც ისეთივე საბაზრო პროდუქტია, როგორც პომიდორი და კარტოფილი. ფერმერი აწარმოებს ჭარბ პომიდორს იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ფასები დამახინჯებულია, მაგალითად – სუბსიდიებით ან საბაჟო ტარიფებით. იგივე მოსაზრება ვრცელდება შრომაზეც. მაგალითად, როცა სახელმწიფო ქმნის სამუშაო ადგილებს, ამ მოსაზრებით საბაზრო ძალები (შრომის შემთხვევაში – მოთხოვნა-მიწოდება) მახინჯდება და ფასები შრომაზე ხელოვნურად იბერება. შესაბამისად, თუ სახელმწფო მინიმუმამდე დაიყვანს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვს, ამ ლოგიკის მიხედვით, უმუშევრობა კი არ გაიზრდება, არამედ პირიქით შემცირდება.
ამგვარი “სოფისტური” ლოგიკა ბუნებრივია მოიცავს უამრავ ნაკლს, ემპირიულად კი რეალობისგან არის აცდენილი. სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში, როგორც პერიფერიულ სივრცეში, ჯერ კიდევ ვერ შემოაღწია ეკონომიკურ აზროვნებაში მომხდარმა ცვლილებებმა და ჩვენში ისევ 80-იან წლებში არსებული თეორიული აპარატი დომინირებს. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშები, სადაც საუბარია ნეოლიბერალური პოლიტიკის არცთუ ისე სახარბიელო შედეგებზე.
თეორიულ ნაწილზე მსჯელობისას შეგვიძლია გამოვყოთ სამი უთავრესი პრობლემა, რომელიც ახასიათებს ნეოლიბერალურ ეკონომიკურ აზროვნებას შრომასთან მიმართებაში. პირველი, არსებობს ინფორმაციის ასიმეტრიის პრობლემა, ადამიანებს არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია გადაწყვეტილებების მიღების დროს. მაგალითად, როცა ადამიანი გადაწყვეტს პროფესიის არჩევას, შესაძლოა იმ პროფესიაზე მართლაც იყოს დიდი მოთხოვნა, რაც ფასში (ხელფასში გამოიხატება). თუმცა, 4 წლიანი განათლების მერე იმ პროფესიაზე მოთხოვნა შეიძლება აღარ ან ნაკლები იყოს, რაც გამოიწვევს მოთხოვნა-მიწოდების აცდენას, ანუ საბაზრო ჩავარდნას. ადამიანის რაციონალურობა შეზღუდულია ინფორმაციის ნაკლებობით და ასევე თავად ადამიანური ხასიათიდან გამომდინარე. ადამიანი არ არის homo economicus-ი, რომელიც გადაწყვეტილებებს მუდმივად რაციონალურად იღებს. ირაციონალურ ქცევაზე ბევრს წერენ ნობელის პრემიის ლაურეატები დანიელ კანემანი და რიჩარდ ტალერი. ამ უკანასკნელმა ეს პრემია წელს მიიღო, მათ შორის ბიჰევიორისტული ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რაც თავდაყირა აყენებს რაციონალური არჩევანის თეორიას.
მეორე, შრომა არ არის ისეთივე პროდუქტი, როგორც კარტოფილი ან ვაშლი. როცა ჩვენ ვაშლს ვყიდულობთ მაღაზიაში, თუ ფასი არ მოგვეწონება, შეგვიძლია გავიდეთ სხვა მაღაზიაში ვიყიდოთ. როცა შრომას ეხება საქმე, რეალობა განსხვავებულია. ადამიანი ვერ იტყვის სამსახურზე უარს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი დაბალკვალიფიციურია და ქვეყანაში უმუშევრობა მაღალია. განსახვავებით, ვაშლის მყიდველისგან, დასაქმებულის საბაზრო ძალაუფლება, პროდუქტის მიმწოდებელთან (დამსაქმებელთან) შედარებით ყოველთვის სუსტია. ამიტომაც, სახელმწიფო, პროფკავშირებთან ერთად ქმნის შესაბამის შრომის გარემოს, რომელშიც ადამიანები დაცულნი არიან მტაცებლური და მოკლე ჭკუის კაპიტალისტური მიდგომებისგან.
მესამე საკითხი ეხება კრიზისებს. არავისთვის დასამალი არ არის, რომ კაპიტალიზმს ახასიათებს ციკლური კრიზისები, რომელიც იწვევს უმუშევრობის სწრაფ ზრდას. ამგვარ შემთხვევაში, სახელმწიფო დგას ორი ალტერნატივის წინაშე. პირველი, დაელოდოს როცა ბაზრები თავად დააკორექტირებენ რეალობას და შეიქმნება ახალი საბაზრო წონასწორობა შრომის ბაზარზე. და მეორე, სახელმწიფო ერევა დასაქმების პოლიტიკაში, თავად ქმნის საზოგადოებრივ სამუშაოებს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მიმართულია საერთო მოთხოვნის სტიმულირებისკენ. ეკონომისტებმა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, “დიდი დეპრესიის” დროს გააცნობიერეს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს აქტიურობა ამგვარი კრიზისების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ უმუშევრობის “დაღმავალ სპირალს”, რომელიც წლობით შეიძლება გაგრძელდეს და უამრავი ადამიანის ქონება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწიროს.
სწორედ ამ სამი უმთავრესი მიზეზის გამო, სახელმწიფო ქმნის დასაქმების პოლიტიკას, რომლის მიზანია ზემოთ ჩამოთვლილი “საბაზრო ჩავარდნების” აღმოფხვრა. თუმცა, როგორც ბევრი თანამედროვე ეკონომისტი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ “საბაზრო ჩავარდნების” აღმოფხვრით, არამედ თავად უნდა გახდეს ახალი ბაზრების მაფორმირებელი ინსტრუმენტი. მაგალითად, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი მარიანა მაცუკატო ამბობს (ეს თავის მხრივ ამერიკელი მეცნიერის ჯოან რობინსონის მოსაზრებებს ეყრდნობა), რომ სახელმწიფოები ხშირად გვევლინებიან ახალი ბაზრების და სექტორების შემქმნელებად. ამის მაგალითებია, მაღალ-ტექნოლოგიური წარმოებები ამერიკაში, სამხრეთ კორეისა და ტაივანის “ეკონომიკური სასწაული”, ფინეთი – სადაც სტრუქტურული ტრანსფორმაციის 40 წლიან პერიოდში სახელმწიფო საწარმოები და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კომპანიები გვევლინებოდნენ მთავარი დამსაქმებლების როლში.
ქართული რეალობა, ყოველივე ზემოთ განხილულისგან რადიკალურად განსხვავდება. სავსებით დამაჯერებლად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს არა აქვს არც ინდუსტრიული პოლიტიკა და არც დასაქმების პოლიტიკა, რამაც რეალურად უნდა შექმნას სრული დასაქმება ქვეყანაში. არათუ დასაქმების პოლიტიკა, საქართველოს არა აქვს დასაქმებულთა და უმუშევრობის აღრიცხვის გამართული სისტემა. შედეგი კრიტიკულია. ეკონომიკა იზრდება მცირედით და ეს მცირე ზრდაც ნაწილდება ძირითადად ელიტურ ჯგუფებზე. ქვეყნის მოსახლეოაბა კი ბოლო წლებში განუხრელად მცირდება შრომითი მიგრაციის შედეგად. სამწუხაროდ, ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ, “ნაცონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი ნეოლიბერალური ეკონომიკური დოქტრინა ინერციით დღესაც განაგრძობს მუშაობას.
დღემდე ჭეშმარიტებად არის მიჩნეული, რომ თუ სახელმწიფო არ ჩაერევა ეკონომიკაში, შექმნის კარგ ბიზნეს გარემოს და არ დაამახინჯებს საბაზრო ძალებს, ამ შემთხვევაში სრული დასაქმება თავისთავად მიიღწევა. საქართველო მაქსიმალურად ასრულებს ეკონომიკური განვითარების ამ მოდელს, სამწუხაროდ უმუშევრობა კი კვლავ მაღალია და დღესდღეობით 12%-ს აღწევს. თუმცა, რეალობა კიდევ უფრო რთულია, თუ დასაქმების სტრუქტურას უფრო სიღრმისეულად დავაკვირდებით. საქართველოში თვით-დასაქმების დონე მაღალია, დასაქმებულთა 60%-ი თვით-დასაქმებულია. ზოგადად რომ შევაფასოთ, საქართველოში დასაქმების დონე დაბალია, არსებული სამსახურები კი მეტწილად – დაბალ-ანაზღაურებადი და არასტაბილური. სამუშაოთა დიდი ნაწილი მაღალ კვალიფიკაციას არ მოითხოვს.
ჩნდება კითხვა, ამ პირობებში რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? მოსახლეობა მთავრობას ირჩევს იმისთვის, რომ მან მოაგვაროს მოქალაქეთა წინაშე არსებული საზოგადოებრივი პრობლემები. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს მთავრობები უარს ამბობენ ევროპული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი, მნიშვნელოვანი დასაქმების პოლიტიკის განხორციელებაზე. არსებული დასაქმების პოლიტიკა მხოლოდ ფასადურ როლს ასრულებს და მის ზეგავლენაზე თავისუფლად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ პროგრამების ბიუჯეტებიდან გამომდინარე.
დასაქმების სტრუქტურა და უმუშევრობის პრობლემის შეფასების მეთოდოლოგიური “სოფიზმები”
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის დონის შესაფასებლად იყენებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას. ამ მხრივ, სტატისტიკის სამსახური ზედმიწევნით ასრულებს და იგი ჩაშლილად გვიჩვენებს იმ რეალობას, რომელიც ზემოთ აღწერილი მეთოდოლოგიიდან იკვეთება. ხურო ჩაქუჩს იყენებს ლურსმნის ჩასაჭედებლად, ამ ინსტრუმენტს შეიძლება ბევრი სხვა დანიშნულება მოვუძებნოთ, მაგალითად ჩაქუჩით შეიძლება გავაღოთ კარები და ეს ყოველდღიურ პრაქტიკად ვაქციოთ. საქართველოს მთავრობა ჰგავს იმ ხუროს, რომელიც ჩაქუჩს არასწორი დანიშნულებით იყენებს როცა საქმე მიდგება უმუშევრობის პრობლემის მოგვარებასთან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მეშვეობით, შეიძლება დაადგინო ზოგადი ტენდენციები უმუშევრობასთან და აქტიური მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში, თუმცა ამ მეთოდოლოგიით არ შეიძლება დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახური დასაქმებულს განმარტავს შემდეგნაირად:
“15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, ერთი საათი მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ”.
თავის მხრივ დასაქმებულები იყოფა ორ ჯგუფად: დაქირავებულებად და უმუშევრებად. დაქირავებულად ითვლება ის დასაქმებული ადამიანი, რომელიც საანგარიშო პერიოდში გარკვეული სამუშაოს ნაცვლად იღებდა ანაზღაურებას. ხოლო თვითდასაქმებულია პირი, რომელიც მოგების ან ოჯახური შემოსავლის მიზნით ახორციელებდა გარკვეული ტიპის სამუშაოს.
საქართველოში დასაქმების სტრუქტურა შემდეგი სახისაა. სულ საქართველოში 2016 წლის მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (ანუ იგივე სამუშაო ძალა) 1 998 300 ადამიანია. აქედან, დასაქმებულია 1 763 300 ადამიანი, ხოლო უმუშევარია 235 100 მოქალაქე. პროცენტულ მაჩვენებლით გამოდის რომ უმუშევრობის დონე 11.8%-ია.
თუმცა, თუ სტატისტიკაში უფრო ღრმად ჩავიხედავთ დავინახავთ, რომ უმუშევრობის დონე გაცილებით უფრო მაღალია. დასაქმებულთაგან, დაქირავებით დასაქმებულად ითვლება 42.4%-ი, ხოლო დარჩენილი 57.6%-ი თვით-დასაქმებულია. განვითარებულ ქვეყნებში თვით-დასაქმება აპრიორი არ ითვლება დაბალ-ანაზღაურებად და არაპრესტიჟულ სამსახურად. თვით-დასაქმებულები შეიძლება იყვნენ: ინდივიდუალური მეწარმეები, კონსულტანტები, პროგრამისტები, არქიტექტორები და ა.შ. ამ პროფესიების წარმომადგენლებს შესაძლოა მეტწილად აქვთ მაღალი ანაზღაურება მიუხედავად იმისა, რომ თვით-დასაქმებულებად ითვლებიან. თუმცა, შრომის ბაზრის დერეგულაციამ და თავად შრომის ორგანიზების სტრუქტურულმა ცვლილებამ, გარკვეული ტრანსფორმაცია გამოიწვია თვით განვითარებულ ქვეყნებშიც კი. კერძოდ, თვით-დასაქმებულებს ამჟამად მიეკუთვნებიან არამხოლოდ მაღალ-ანაზღაურებადი ფინანსური კონსულტანტები და პროგრამისტები, არამედ დამლაგებლები, ტაქსისტები, მანქანის მრეცხავები და ა.შ. ამ პროფესიებს განვითარებულ სახელმწიფოებში მეტწილად მიგრანტები იკავებენ, რადგან ისინი ნაკლებ ანაზღაურებადი და ასევე არც თუ ისე პრესტიჟულია. საქართველოში ამ მხრივ ვითარება ბევრად უფრო მწვავეა.
დიაგრამა 2: თვითდასაქმებულების წილი მთლიან დასაქმებულებში,EUROSTAT-ის და GEOSTAT-ის ინტეგრირებული მონაცემები.
ქართველ თვით-დასაქმებულთა სექტორულ განაწილებას, ქვემოთ მოცემული დიაგრამა კარგად გამოხატავს. როგორც დიაგრამაზე ჩანს, თვით-დასაქმებულთა 83%-ი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რას ნიშნავს სოფლის მეურნეობაში დასაქმება? როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სტატისტიკის სამსახური ხელმძღვანელობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, რომლის მიხედვითაც, ადამიანი ითვლება დასაქმებულად თუ გამოკითხვიდან წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიზნით. სტატისტიკის სამსახურისთვის არა აქვს მნიშვნელობა შემოსავლის ოდენობას, იქნება ეს 50 თუ 100 ლარი, თქვენ მაინც ჩაითვლებით დასაქმებულად. მაგალითად, თუ თქვენ ცხოვრობთ სოფლად, გაქვთ მცირე ზომის მიწა, სადაც მოგყავთ სიმინდი და გყავთ საქონელი და ჰყიდით რძეს, თქვენ უკვე დასაქმებულად, უფრო კონკრეტულად კი თვით-დასაქმებულად ითვლებით.
სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი რბილად რომ ვთქვათ, მდიდრულად არ ცხოვრობს. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დარგში შემოსავლები ყველაზე დაბალია. ამას ემატება ისიც, რომ სოფლის მეურნეობა არის ყველაზე ნაკლებად პროდუქტიული დარგი, რომლის წილი მთლიან ეკონომიკაში მხოლოდ 8%-ია. ეს იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულთა დაახლოებით 50% სოფლის მეურნეობაში თვით-დასაქმებულად ითვლება.
რომ შევაჯამოთ, გამოდის რომ დასაქმების ოფიციალური სტატისტიკა, რასაც ჩვენი სახელმწიფო უწყებები გვთავაზობენ, აცდენილია რეალობისგან გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა სახელმწიფომ მოქალაქე დასაქმებულად ჩათვალოს ერთი სული ძროხის ყოლის გამო. და ამგვარი შემთხვევები არ არის გამონაკლისი, დაახლოებით მოსახლეობის მესამედი, სწორედ რომ ნომინალურად არის დასაქმებული. ამას მოწმობს GFSIS-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლიდანაც აღებული დიაგრამა ქვემოთ არის მოცემული. დიაგრამაზე მოცემულია უმუშევრობის აგრერირებული მონაცემები, რომელშიც შეყვანილია არასრულად დასაქმებულები და ფარული უმუშევრები.
მაშ რატომ იყენებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ისეთ მეთოდოლოგიას, რომელიც რეალობის ყალბ სურათს გვიხატავს? რატომ გვთავაზობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ამგვარ ხარვეზიან მეთოდს? პასუხი შეგვიძლია დავიწყოთ მეორე შეკითხვიდან. თავად შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ უმუშევრობის განსაზღვრის ამგვარი მეთოდი, ვერ ასახავს სრულ რეალობას განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. მეტიც, შეიძლება ითქვას რომ შსო-ს მეთოდოლოგია მორგებულია ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელს და მისი გამოყენება განვითარებად ქვეყნებში აპრიორი მოგვცემს დამახინჯებულ სურათს. კერძოდ, ევროპულ ქვეყნებში სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგისტრირდება უმუშევრად, რისთვისაც ის იღებს შესაბამის უმუშევრობის სარგებელს და ასევე იყენებს უმუშევრობის დაზღვევიდან მიღებულ შემოსავალს. ამას ემატება ისიც, რომ ევროპის სახელმწიფოებში გამოიყენებენ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, რაც მოიცავს ადამიანთა მომზადება-გადამზადებას შრომის ბაზრისთვის. ეს პროგრამები ეხება უმუშევრებს და აძლევს მათ საშუალებას დაეუფლონ ახალ პროფესიებს, შეიძინონ ახალი უნარები და შემდგომ სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამუშაოს მაძიებელთა მხარდამჭერი ინსტრუმენტებით მალევე იშოვნონ სამსახური. საქართველოში თვისობრივად სხვა სიტუაცია გვაქვს. ჩვენთან, ისევე როგორც სხვა ბევრ განვითარებად ქვეყნებში, ადამიანებს უწევთ ე.წ. საარსებო საშუალებებითვის საკმაოდ მცირე უკუგების მქონე აქტივობებში ჩართვა. მაგალითად, ისეთში როგორიცაა ბოსტნის დათესვა ეზოში ან მცირე რაოდენობით საქონლის ყოლა ხორცისა და ყველის მიღების მიზნით. რამდენადაც ისინი ეფლობიან ამგვარ სამუშაოებში, ისინი ავტომატურად ირიცხებიან როგორც დასაქმებულები.
რაც შეეხება მეორე კითხვას: ბუნებრივია, ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება იმის აღიარება, რომ რეალური უმუშევრობა ქვეყანაში 50%-ზე მეტია. ეს იქნებოდა ფაქტობრივად პოლიტიკური სუიციდი, თუ ამას არ მოჰყვებოდა სიღრმისეული და ფაქტობრივად რევოლუციური ეკონომიკური ცვლილებები. ამის გაკეთება კი, მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციისა და გრძელვადიანი განვითარების ხედვის გარეშე შეუძლებელია.
ქართული ეკონომიკა “მანკიერ წრეში”: უმუშევრობისთვის განწირულები
რა წამალი უნდა მივიღოთ, რომ უმუშევრობის დაავადებას ვუმკურნალოთ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო? მწარე წამალი, რომელსაც დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე გვთავაზობენ, ძირითადად შემდეგ ინგრედიენტებს მოიცავს: სახელმწიფოს როლის მინიმუმამდე შემცირება, საჯარო ქონების პრივატიზაცია და პირიდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. დღესდღეობით, საქართველოს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე მცირე მთავრობა, როგორც ფუნქციურად, ასევე ზომითაც ევროპის მასშტაბით. ბოლო ათწლეულში, საქართველოში შემოვიდა მილიარდობით აშშ დოლარის ინვესტიცია და ინვესტიციების წილით მშპ-სთან მიმართებაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა რეგიონში. რაც შეეხება პრივატიზაციას, საქართველოში, ისევე როგორც მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცეში, საჯარო ქონების არნახულად დიდი რაოდენობა გასხვისდა. თუმცა, როგორც ვხედავთ, განვითარების ნეოლიბერალურმა მეთოდმა, ვერ უმკურნალა ისეთ სოციალურ დაავადებებს, როგორიცაა ტოტალური უმუშევრობა, სიღარიბე და უთანასწორობა.
მეტიც, ეს მოდელი არამხოლოდ არ მკურნალობს ამ დაავადებებს, პირიქით, ხშირ შემთხვევაში ამწვავებს კიდეც მათ. ამის თვალსაჩინო მაგალითია უმუშევრობის პრობლემა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი ეკონომიკური სისტემა ადამიანებს უბიძგებს უმუშევრობისკენ. როგორც ზემოთ უნდა აღვნიშნეთ, საქართველოში დასაქმებულთა დიდი ნაწილი თვით-დასაქმებულია, რომლებიც ჩართულნი არიან ან სოფლის მეურნეობაში ან დაბალ-კვალიფიციურ ეკონომიკურ აქტივობებში. მომსახურების სფეროს კარგი მაგალითია ტაქსები, რომელთა რაოდენობა მხოლოდ თბილისში 50 000-ს აღწევს. საქართველოში თვით-დასაქმება არის გადარჩენის საშუალება, რომელსაც ხშირად ზურგს უმაგრებს უცხოეთიდან ქართული დიასპორის მიერ გამოგზავნილი თანხები.
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტწილად, დამოკიდებულია უცხოეთში სამუშაოდ წასული ნათესავების მიერ გადმორიცხულ თანხებზე. შედარებისთვის შეიძლება ითქვას, რომ გადმორიცხვების წილი მშპ-ში იმდენივეა, რამდენიც სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში, რომელ დარგშიც თავის მხრივ მოსახლეობის ნახევარია დასაქმებული.
მაგალითი 2: საერთაშორისო გადმორიცხვებზე დამოკიდებული პალიატიური ეკონომიკა
ამ ვითარების სწორად გასააზრებლად მოვიყვანოთ კიდევ ერთი ჰიპოთეტური მაგალითი, რომელიც მრავლად გხვდება ჩვენს რეალობაშიც. პირობითად, ლაშა რომელიც ცხოვრობს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბანში. მას ჰყავს მოხუცი მამა – გიორგი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ეს ორი პირი თავს ირჩენს ლაშას დედის მიერ გამოგზავნილი თანხით, რომელიც იტალიაში სამუშაოდ არის წასული. ლაშა ვერ მუშაობს, რადგან მოხუც მამას სახლში ვერ ტოვებს. მამის პენსია, რომელიც სულ 180 ლარს შეადგენს მეტწილად მედიკამენტებში იხარჯება. მომვლელი რომ აუყვანოს, ყოველთვიურად მას უნდა გადაუხადოს მინიმუმ 200 ლარი. ანაზღაურება კი იმ სამსახურში, რომელიც ლაშამ შეიძლება იშოვოს არ აღემატება 300 ლარს. ბუნებრივია, ლაშას არ უღირს 100 ლარისთვის მუშაობა, რომლის დიდი ნაწილი მგზავრობაზე და საკვებზე დაეხარჯება სამსახურის დაწყების შემთხვევაში. არსებობს, თბილისელი ბახვას მაგალითიც, რომელიც ცხოვრობს ვერაზე. ბახვას, დედა საბერძნეთში მუშაობს, ხოლო მამა ირლანდიაშია წასული სამუშაოდ. ბახვას, ყოველთვიურად უგზავნიან თანხას 1200 ლარის ოდენობით. თანხის ნაწილს, ბახვას უგზავნიან შესაგროვებლად, რომელიც გამიზნულია ბინის შესაძენად, რადგან ვერაზე სახლი ავარიულია. დაახლოებით 700 ლარი ბახვას რჩება მოხმარებისთვის და სწავლის ხარჯების ასანაზღუარებლად. თუმცა, ბახვას შემოსავლიდან 300 ლარი მიდის მიკროსაკრედიტოდან აღებულის სესხის გადაფარვისთვის. იგი პერიოდულად თამაშობს ტოტალიზატორს და ონლაინ-კაზინოებს. ამის გამო იგი ხშირად სესხულობს ფულს მეგობრებიდან და ნათესავებიდან. ბახვა არ გამოირჩევა მაღალი მოსწრებით და არც სამსახურის შოვნას ცდილობს. მშობლების მიერ გამოგზავნილი თანხა საკმარისია იმისთვის, რომ მან თავი გადაირჩინოს. ამას ემატება ისიც, რომ იგი არ აპირებს საქართველოში დარჩენას. სწავლის დამთავრებისთანავე, ბახვა საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს. |
რა უნდა შეიცვალოს: ევროპული გამოცდილების კვალდაკვალ
რეალობის შესაცვლელად პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დიაგნოზის სწორად დასმა. მთავრობამ უნდა დაიწყოს ალტერნატიული მეთოდოლოგიით უმუშევრობის პრობლემის შეფასება. ბუნებრივია, ჩვენს ხელისუფლებას და კონკრეტულად სტატისტიკის სამსახურს არ მოუწევს ახალი ველოსიპედის გამოგონება: ევროკავშირი, საითკენაც საქართველო ასე ბეჯითად მიისწრაფის, იყენებს დასაქმების შეფასების უფრო სიღრმისეულ ალტერნატიულ მოდელებს (Labour Force Survey), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოლოგიის პარალელურად. აუცილებელია, რომ სტატისტიკის სამსახურმა აღრიცხოს არასრულად დასაქმებულთა და ფარულ უმუშევართა რაოდენობაც. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ხანგრძლივი უმუშევრობის სტატისტიკის შეტანა სტატისტიკის სამსახურის კლვევის არეალში.
რაც შეეხება უშუალოდ პრობლების მოგვარებას. საქართველოს მთავრობის პასუხი ამ პრობლემებზე შეიძლება დაიყოს ორ პოლიტიკურ ნაწილად: 1) ინდუსტრიული პოლიტიკა; და 2) დასაქმების პოლიტიკა.
ინდუსტრიული პოლიტიკა გულისხმობს, ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებას სახელმწიფო აქტიური მონაწილეობით ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში. ქართულმა სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ჩანასახოვანი ინდუსტრიების წახალისება, ინდუსტრიული პოლიტიკის ინსტრუმენტების საშუალებით, რომელიც მოიცავს: განვითარების ბანკის შექმნას (ფინანსური ხელმისაწვდომობისთვის), სახელმწიფო შესყიდვების გამოყენებას ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად, ექსპორტის დისციპლინის ინსტრუმენტი გამოყენებას (ფისკილური სტიმულები და არაპირდაპირი სუბსიდირება ექსპორტიორი კომპანიებისთის) და ა.შ.
მეორე, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს დასაქმების რეალური სტრატეგია. ზოგადად დასაქმების პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა:
ა) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა: სამუშაოს ძიების მექანიზმები, ტრეინინგები, დაფინანსენული სტაჟირებები და ა.შ. ამ პოლიტიკის მიზანია, მოქალაქეების გააქტიურება, მათთვის ახალი უნარების მიცემა და უკვე არსებული უნარების ატროფიისგან თავის აცილება.
ბ) შრომის ბაზრის პასიური პოლიტიკა: ეს პოლიტიკა მოიცავს უმუშევრობის შემწეობას (ბენეფიტებს), უმუშევრობის დაზღვევას და სხვა ტიპის ფინანსურ და არაფინანსურ დახმარებას, იმ პერიოდში როდესაც ადამიანები კარგავენ სამსახურებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი ხშირად ვერ არეგულირებს შრომის პროცესს და ხდება ადამიანური რესურსების გაფლანგვა, სახელმწიფოები გეგმავენ შრომის ბაზრის პოლიტიკას. ამ პოლიტიკის მიზანია, თავიდან აირიდოს ადამიანური რესურსების გაფლანგვა ან ფუჭად გამოყენება, ადამიანთა გადამზადების, გააქტიურების, ახალი უნარების მიცემის და შრომის ბაზარზე მოთხოვნა – მიწოდების რეგულირების მოთხოვნით. ევროკავშირი აქტიურად ახორციელებს ამ პოლიტიკაზე და მასზე ევროკავშირის სახელმწიფოები ყოვეწლიურად ხარჯავენ მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 2%-ს. საქართველოს შემთხვევაში, 2016 წელს შრომისა და დასაქმების პოლიტიკაზე გამოყოფილი იყო დაახლოებით 4 მილიონი ლარი, საიდანაც უშაულოდ დასაქმების პოლიტიკაზე წარიმართა დაახლოებით 2, 7 მილიონი ლარი. უხეში დათვლებით გამოდის, რომ საქართველო დასაქმების პოლიტიკაზე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,007%-ს, ანუ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 285-ჯერ ნაკლებს წილობრივ ჭრილში.
როცა თეორია არ მუშაობს, ის ნაგვის ურნაში უნდა მოვისროლოთ. ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა დოქტრინამ სამართლიანად მოიპოვა ადგილი ისტორიის სანაგვეზე, იმ სოციალურ-პოლიტიკური კატასტროფიდან გამომდინარე, რაც საქართველოს მოუტანა მან ბოლო 25 წლის განმავლობაში. დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა სოფისტური დოგმების გვერდზე გადადება და რეალური ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.