როგორ აფასებს უკრაინული წარმოშობის ბრიტანელი პოლიტეკონომისტი და გრინვიჩის უნივერსიტეტის ლექტორი იულია იურჩენკო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს; როგორ აისახება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი რუსეთ-უკრაინის ურთერთობაზე; რამდენად მაღალია დიდი ომის ალბათობა რუსეთსა და უკრაინას შორის; რატომ ითხოვს ევროკავშირი უკრაინისგან ხე-ტყის ჭრაზე მორატორიუმის გაუქმებას და როგორია უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების შანსები არჩევნებამდე ორი თვით ადრე.
იულია იურჩენკო – უკრაინული წარმოშობის ბრიტანელი პოლიტეკონომისტი. გრინვიჩის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ლექტორი. არის ავტორი წიგნისა „უკრაინა და კაპიტალის იმპერია (ლონდონი, 2018); კვლევის ძირითადი სფეროებია ევროკავშირი და უკრაინა, ტრანსნაციონალური კაპიტალი და თანამედროვე კაპიტალიზმი, საზოგადოებრივი სერვისები, ენერგეტიკული პოლიტიკა, სავაჭრო შეთანხმებები და ბუნებრივი რესურსები.
– გასულ წელს, თქვენ საზოგადოებას წარუდგინეთ დიდი ნაშრომი – „უკრაინა და კაპიტალის იმპერია“, სადაც მკითხველს სთავაზობთ უკრაინისა და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის ისტორიის ანალიზს ფინანსურ და ეკონომიკურ ჭრილში. რა არის ამ ნაშრომის ძირითადი იდეა და მთავარი დასკვნები?
– ამ წიგნზე არაერთი წელი ვმუშაობდი. მე მას ვუწოდე „უკრაინა და კაპიტალის იმპერია“ და არა უკრაინის, რუსეთის ან, მაგალითად, ამერიკის დაპირისპირება იმიტომ, რომ გლობალური პოლიტიკური ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომისა და განსაკუთრებით, XX საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, ფუნდამენტურად შეიცვალა. ჩვენ შევედით ნელიბერალიზმისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ეპოქაში და თუ ადრე საქმე გვქონდა ქვეყნებს შორის კონკურენციასთან, დღეს ტრანსნაციონალური კორპორაციები სულ უფრო და უფრო გაბედულად მოქმედებენ სახელმწიფოს მიღმა, აღარ არიან მიბმული კონკრეტულ ტერიტორიასთან და ფაქტობრივად აღარ კონტროლდებიან კონკრეტული სახელმწიფოს მიერ. ეს ნიშნავს, რომ დღეს იმპერია იქმნება სხვაგვარად და არა ისე, როგორც იქმნებოდა რუსეთის, გერმანიის ან ბრიტანეთის იმპერიები. დღეს, საქმე გვაქვს კაპიტალის იმპერიებთან და ამიტომ დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ და არა იმდენად ის, თუ რომელი ქვეყნიდან მოდის კაპიტალი, არამედ ის, რომ კორპორაციები და მათი მფლობელები გლობალურ დონეზე მოქმედებენ როგორც კოორდინირებული კლასი. თუ მოვლენებს ამ ჭრილში განვიხილავთ, ეს დაგვეხმარება ახლებურად გავიაზროთ, მაგალითად იგივე რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება უკრაინაში. აქ ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთი ტიპის კონფრონტაციას, როგორიც გვქონდა ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, სადაც შეგვეძლო გველაპარაკა ორ განსხვავებულ იდეოლოგიაზე და ორ დაპირისპირებულ ძალაზე. დღეს ჩვენ ვხედავთ ორ კაპიტალისტურ აქტორს, რომლებსაც აქვთ კაპიტალის დაგროვების ინტერესი. ეს ინტერესთა ჯგუფები რუსეთშიც, უკრაინაშიც, საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, უბრალოდ იყენებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს კაპიტალის დაგროვებისთვის.
ამასთანავე, გეოპლიტიკას რასაკვირველია დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და ეს კარგად ჩანს პოსტსაბჭოთა კონფლიქტებში – მაგალითად იგივე აფხაზეთში, დნესტრისპირეთში, უკრაინაში და ა.შ., თუმცა ცხადია ისიც, რომ თვით კონფლიქტების ანატომიაში რაღაც შეიცვალა. მაგალითად, იგივე რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებები საჯაროდ ერთმანეთს უპირისპირდებიან და ლანძღავენ, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლით ეკონომიკურ ურთიერთობებში: უკრაინული პროდუქცია იყიდება რუსეთში, რუსული პროდუქცია იყიდება უკრაინაში, ოლიგარქები კვლავ ინარჩუნებენ ფულსა და ძალაუფლებას, სახელმწიფო კი ღარიბდება.
აქედან გამომდინარე მე ვამტკიცებ, რომ კაპიტალის იმპერიამ უკვე მოიცვა მთელი პოსტსაბჭთა სივრცე, ფაქტობრივად ჩაანაცვლა სახელმწიფო ინსტიტუტები და ანადგურებს ყველა წინააღმდეგობას რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კორპორაციებს მოსახლეობის ძარცვაში და გამდიდრებაში.
თავისი არსით, ეს სისტემა რასაკვირველია არის კრიმინალური და დანაშაულებრივი, თუმცა ფორმალურად ის საზოგადოებას მიეწოდება კონკრეტული მითოლოგიის ფორმით იმისთვის, რომ გამართლებულ იქნას ხალხის ქონების მითვისება.
მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ოთხი მითი, რომლებსაც ეყრდნობა პოსტსაბჭოთა უკრაინის ნეოლიბერალური და კლეპტოკრატიული რეჟიმი. პირიველი მითი არის მითი პრივატიზაციის აუცილებლობის შესახებ. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა ესესხებინა ფული საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მოგვიანებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან, ამ ფულთან ერთად მოვიდა ინსტრუქციები, რომ აუცილებელია ყველაფრის პრივატიზება და ეკონომიკის გადაწყობა სოციალისტურიდან კაპიტალისტურ სისტემაზე. ამასთან, აღნიშნულ ინსტრუქციას არ მოყლია არავითარი დასაბუთება, თუ რატომ იყო ეს სასურველი ან საჭირო. საერთაშორისო სავალუტო ფონდს არასდროს უკითხავს უკრაინელი ხალხისთვის უნდათ თუ არა მათ საბაზრო ეკონომიკა, გაამართლებს თუ არა ასეთი ეკონომიკა ამ კონკრეტულ ქვეყანაში, გადაჭრის თუ არა იგი იმ ამოცანებს, რასაც ამ ქვეყნის მოსახლეობა ისახავს მიზნად და ა.შ.; სხვათა შორის, სწორედ ასეთი „რეცეპტებით“ დაღუპა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები 70-80-იან წლებში და შემდეგ ეს ყველაფერი გადმოიტანეს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. რეალურად ეს იყო სრული ნონსენსი რადგან სინამდვილეში ყველაზე წარმატებული დასავლური მოდელები სწორედ სოციალისტურ პრინციპებს ეფუძნება და არა შიშველ საბაზრო ეკონომიკას.
რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებები საჯაროდ ერთმანეთს უპირისპირდებიან და ლანძღავენ, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლით ეკონომიკურ ურთიერთობებში: უკრაინული პროდუქცია იყიდება რუსეთში, რუსული პროდუქცია იყიდება უკრაინაში, ოლიგარქები კვლავ ინარჩუნებენ ფულსა და ძალაუფლებას, სახელმწიფო კი ღარიბდება.
მეორე მითი, რომელსაც აქტიურად დაამკვიდრეს უკრაინაში არის მითი დემოკრატიის შესახებ. კერძოდ, ამ მითის თანახმად, თუ შენ გაქვს არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება, ესე იგი შენ გაქვს არჩევანი და მაშასადამე, ქვეყანაში არის დემოკრატია. სინამდვილეში თუ არსებობს განვითარების მხოლოდ ერთი გზა, მაშინ ვინც არ უნდა აირჩიოთ, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ ნეოლიბერალურ კლეპტოკრატიას და სხვას ვერაფერს. კორუფცია უკრაინაში რეფორმებამდეც იყო, ხოლო კორუფცია და პრივატიზაცია ერთად კი ქმნის ოლიგარქიას.
მესამე მითი, რომელიც უკრაინელმა ოლიგარქებმა შექმნეს არის მითი ორი უკრაინის შესახებ. ეს არის მოსახლეობის დაყოფის კლასიკური სქემა, საქართველოში ეს სხვა პრინციპით მოხდა, თუმცა უკრაინული ვარიანტის თანახმად, არსებობს ორი უკრაინა, აღმოსავლეთი და დასავლეთი უკრაინა და ეს ორი უკრაინა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
რეალურად, 1990 წელს როცა დღის წესრიგში იდგა უკრაინის დამოუკიდებლობის საკითხი, ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმზე აღმოსავლეთ უკრაინაში ისევე როგორც დასავლეთში ხალხმა გამოხატა პოზიცია რომ უკრაინა უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. აქედან გამომდინარე ლაპარაკი იმის შესახებ რომ დასავლეთმა აიძულა აღმოსავლეთი გამოყოფოდა რუსეთს და ა.შ. არის სრული აბსურდი და მანიპულაციაა იმისთვის, რომ ოლიგარქებმა დაყონ და შემდეგ გარკვეული იდეების ირგვლივ შემოიკრიბონ ელექტორატი.
და ბოლოს, მითი რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა ე.წ. „ღირსების რევლუციის“ შემდეგ, არის მითი „უცხო სხეულის“ შესახებ ანუ იგივე მტრის ხატი.
ოლიგარქებმა, რომლებმაც მოიპარეს უკრაინული რევოლუცია და შეინარჩუნეს ძალაუფლება, ძალიან კარგად იცოდნენ რომ ხალხი მათ უბრალოდ ვერ იტანს და ამიტომ მტრის ხატის გააქტიურებით ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირეს. ყველა ქვეყანაში თავიანთი „სხვები“ ყავთ, უკრაინაში კი „სხვებად“ იქცნენ რუსულენოვანი უკრაინელები და ეთნიკური რუსები რაც ისევ და ისევ აბსურდია, რადგან რუსული და უკრაინული ფენომენი უკრაინაში იმდენად არის შერწყმული რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ორენოვანია და მკვეთრი საზღვრების გავლება საერთოდ შეუძლებელია. ამ მითის გაძლიერებას რასაკვირველია ხელი შეუწყო თვით რუსეთმა და სეპარატისტულმა მოძრაობებმა, მაგრამ დღეს უკვე ეს თემა იქცა ერთგვარ იმუნიტეტად უკრაინის ხელისუფლებისთვის, რადგან ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა აღქმულია როგორც კრემლის აგენტობა.
ამგვარი მითები დღეს მოქმედებს ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მე ვამტკიცებ, რომ დღეს უკრაინა, საქართველო, რუსეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები განსხვავდებიან მხოლოდ იმ მექანიზმებით, რომლებსაც დიდი ბიზნესი იყენებს თავისი ინტერესების დასაცავად, მაგრამ შინაარსი ყვეგან ერთი და იგივეა – კაპიტალის იმპერია მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც ყველგან ითხოვენ გიგანტური კორპორაციების შეშვებას და ყველა ქვეყანას პირდებიან რომ ისინი იქ მიწიერ სამოთხეს ააშენებენ, თუმცა კორპორაციები სულაც არ არიან დაინტერესებული მიწიერი სამოთხის აშენებაში. ისინი დაინტერესებული არიან სხვადასხვა ქვყნების სამუშაო ძალისა და ბუნებრივი სიმდიდრეების ექსპლუატაციაში.
ყველა ქვეყანაში თავიანთი „სხვები“ ჰყავთ, უკრაინაში კი „სხვებად“ იქცნენ რუსულენოვანი უკრაინელები და ეთნიკური რუსები რაც ისევ და ისევ აბსურდია, რადგან რუსული და უკრაინული ფენომენი უკრაინაში იმდენად არის შერწყმული რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ორენოვანია და მკვეთრი საზღვრების გავლება საერთოდ შეუძლებელია.
– გადავიდეთ უშუალოდ მიმდინარე მომენტისთვის აქტუალურ საკითხებზე. სულ ახლახანს კიევში იზეიმეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის კონსტანტინოპოლის მიერ ავტოკეფალიის მინიჭება. მეორე მხრივ, ამ პროცესს აპროტესტებს მოსკოვი და სკეპტიკურად უყურებს უკრაინული და მსოფლიო მართლმადიდებლური საზოგადოეიბის ნაწილი. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს დაპირისპირება უკრაინაში და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე? რადენად მაღალია საეკლესიო ომის ალბათბა მოსკოვსა და კიევს შორის და არსებობს თუ არა საეკლესიო განხეთქილების საფრთხე თვით უკრაინულ საზოგადოებაში?
– საერთოდ, ძალიან სამწუხაროა როცა ეკლესია ხდება ხალხის გაყოფის ინსტრუმენტი. არადა თუ ჩავხედავთ ნებისმიერი რელიგიის პრინციპებს, ეკლესია უნდა ცდილობდეს სწორედ გაერთიანებას და მოქონდეს სიკეთე და მშვიდობა ყველასთვის. ამიტომ ეს პროცესი გვაჩვენებს, რომ სინამდვილეში მიწიერმა ამბიციებმა და ძალაუფლების წყურვილმა ეკლესიის ინსტიტუტიც დაიპყრეს და რეალურად უკრაინაში დღეს მიმდინარებს ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმა.
ზოგადად, უკრაინული საზოგადოების რელიგიურ ნიადაგზე გაყოფის თემა ახალი არ არის. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია და მოსკოვის საპატრიარქო ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იბრძოდნენ ერთმანეთში ეკლესიებისთვის და გავლენებისთვის, თუმცა მოგვიანებით მოხერხდა ამ კონფლიქტის დაშოშმინება. რაც დღეს ხდება, ეს არის ცალსახად პოლიტიკური ჟესტი და გზავნილი მოსკოვისთვის. კიევი ამ ჟესტით ეუბნება მოსკოვს, რომ ის ამიერიდან ვერაფერს მართავს უკრაინაში. ჩემი შეფასებით, ავტოკეფალიის საკითხის გააქტიურება არის საკმაოდ გაუაზრებელი და დესტაბილიზაციის საფრთხის შემცველი ნაბიჯი პოროშენკოს ადმინისტრაციის მხრიდან და ის დიდწილად განპირობებულია იმით, რომ გვიახლოვდება არჩევნები და პოროშენკოს სჭირდება რამე საშუალებით რეიტინგის ამაღლება. როცა პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ გადაჭრან რეალური პრობლემები და ვერ ახერხებენ საზოგადოების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისინი ხშირად მიმართავენ ამგვარ სენტიმენტალურ ჟესტებს. პოროშენკომ ვერ დაამთავრა ომი, მეორე მხრივ, ცხოვრების დონე ეცემა, უმუშევრობა კი იზრდება, მუშახელის საზღვარგარეთ გადინება საგანგაშო მასშტაბებს იძენს, კორუფცია არათუ არ აღმოიფხვრა, არამედ რეალურად არასდროს ქონია ასეთი გავრცელება და საერთოდ, წელს უკრაინა აღიარეს ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად. ამ ფონზე, პოროშენკოს სჭირდება დემონსტრაციული ჟესტები და მე ამ ნაბიჯს სახიფათოდ მივიჩნევ იმის გამო, რომ მას მივყავართ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებისკენ.
– რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა პოროშენკომ გააუქმა საომარი მდგომარეობა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. თავის დროზე, საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დიდი სკანდალი მოყვა უკრაინულ საზოგადოებაში და მსოფლიო მედიაში. თქვენი აზრითრა გავლენას იქონიებს ეს ნაბიჯები უკრაინის შიდა პოლიტიკაზე და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე?
– აღმოსავლეთ რაიონებში კიევის ხელისუფლებას მთლიანობაში და მათ შორის პოროშენკოს დაბალი რეიტინგი აქვს. აღმოსავლეთში საერთოდ არ სარგებლობენ პოპულარობით პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოშობით ამ რეგიონებიდან არ არიან. სამხედრო მდგომარეობის შემოღებით პოროშენკოს სურდა დაეთრგუნა სავარაუდო უკმაყოფილება, თუმცა რეალურად ეს უფრო ნეგატიურად განაწყობს მოსახლეობას პოროშენკოსა და საერთოდ ყველა იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც არ არის ამ რეგიონების წარმომადგენელი. ეს არის ქვეყნის გახლეჩვის პროცესის კიდევ უფრო გაღრმავება. ასეთი ნაბიჯები აღმოსავლეთის რეგიონების მოსახლეობას დამატებით საბაბს აძლევს არ მიიღონ კიევის ხელისუფლება. სავარაუდოდ, პოროშენკომ იცის, რომ მომავალ არჩევნებში შანსი არ აქვს და ცდილობს ივაჭროს გარკვეული გარანტიებისთვის არჩევნების შემდეგ, რათა მის წინააღმდეგ არ დაიწყოს გამოძიება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო, თუმცა ის, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ნეგატიურად განაწყობს აღმოსავლეთს პრო-დასავლური ხელისუფლების მიმართ, ეს უეჭველია.
ჩემი შეფასებით, ავტოკეფალიის საკითხის გააქტიურება არის საკმაოდ გაუაზრებელი და დესტაბილიზაციის საფრთხის შემცველი ნაბიჯი პოროშენკოს ადმინისტრაციის მხრიდან და ის დიდწილად განპირობებულია იმით, რომ გვიახლოვდება არჩევნები და პოროშენკოს სჭირდება რამე საშუალებით რეიტინგის ამაღლება.
– როგორია პოროშენკოს რეალური რეიტინგი დღეს და რა შედეგებით დასრუდებოდა არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს?
– კიევის სოციოლოგიის დამოუკიდებელი ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, პოროშენკოს რეიტინგი 11,6%-ს არ აღემატება. აღნიშნული კვლევა ჩატარდა ნოემბრის ბოლოს. დღესდღეობით ყველა რეიტინგის თანახმად ლიდერი იულია ტიმოშენკოა 21,2%-ით, მეორე ადგილზე კი რამდენად სამწუხარო და სასაცილოც არ უნდა იყოს ზელენსკია. მათთვის, ვინც არ იცის ვინ არის ზელენსკი განვმარტავ, რომ იგი არის კომედიანტი მსახიობი რომელიც ტელევიზიაში პრეზიდენტის პაროდიას განასახიერებს. აი ასეთი აბსურდი ტრიალებს უკრაინულ პოლიტიკაში. რეიტინგებში მეოთხე ადგილზე ბოიკოა, რომელიც ადრე რეგიონების პარტიაში იყო და დონეცკის ოლიგარქიული დაჯგუფების წარმომადგენელია. ბოიკო ალბათ ყველაზე მისაღები კანდიდატი იქნება აღმოსავლეთის რეგიონებისთვის რადგან ისტორიულად იქ ყოველთვის ადგილობრივ კანდიდატს ანიჭებენ უპირატესობას. არჩევნები რომ დღეს ჩატარებულიყო, პოროშენკო ამ არჩევნებს ნამდვილად ვერ მოიგებდა. ეჭვი მეპარება ის გასულიყო მეორე ტურშიც კი, თუმცა რომც მოეხერხებინა მეორე ტურში გასვლა, იქ მაინც დამარცხდებოდა.
– უკრაინის აღმოსავლეთში და განსაკუთრებით, აზოვის ზღვის ირგვლივ, სიტუაცია პერიოდულად კონტროლიდან გამოდის. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ დიდი ომის საშიშროებასაც რუსეთსა და უკრაინას შორის. როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალია დიდი ომის ალბათობა?
– მომავალში არაფერია გამორიცხული, თუმცა, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გარკვეული პროგნოზების გაკეთება მაინც შესაძლებელია. ის, რაც ახლა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან ხდება, თავისუფლად შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა. აქამდე, რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაცილებით უფრო სერიოზულ თავდასხმებსაც უკრაინაზე, თუმცა მოსკოვი გაცილებით ნაკლები გართულებებით გამომძვრალა სიტუაციიდან. ასე რომ, კიევის რეაქციას გემების ინცინდენტთან დაკავშირებით ვერ ჩავთვლით თანმიმდევრულ ნაბიჯად, თუმცა თავად ამ რეაქციას უეჭველად მივყავართ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ესკალაციისკენ.
არჩევნები რომ დღეს ჩატარებულიყო, პოროშენკო ამ არჩევნებს ნამდვილად ვერ მოიგებდა. ეჭვი მეპარება ის გასულიყო მეორე ტურშიც კი, თუმცა რომც მოეხერხებინა მეორე ტურში გასვლა, იქ მაინც დამარცხდებოდა.
მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ დღესდღეობით რუსეთს არ სჭირდება დიდი ომი უკრაინასთან რადგან მოსკოვში აცნობიერებენ იმ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს, რისი გადახდაც ამ ომში მოუწევთ. მათი ეკონომიკა უკვე ისედაც საკმაოდ დასუსტებულია სანქციებით და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო. ამიტომ ცხადია, რომ რუსეთი არ იქნება დაინტერესებული დიდი ომით. რუსეთს სურს შეინარჩუნოს ეს კონფლიქტი არსებული ფორმით და რეალურად პოროშენკო ახლა მათთვის სასარგებლო თამაშს თამაშობს, რადგან სწორედ ის გამოიყურება როგორც უფრო თავშეუკავებელი მხარე. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია შეუძლებელია იმის დანამდვილებით ცოდნა თუ როგორ მოიქცევა რუსეთი და ეპიზოდურ ესკალაციებს ცხადია მომავალშიც უნდა ველოდოთ.
– დეკემბერში ბრიუსელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კიევს გააუქმოს მორატორიუმი ხე-ტყის ჭრაზე. ეს საკითხი უკვე არაერთხელ გახდა კამათის მიზეზი. თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად განუმარტოთ ქართველ მკითხველს, რატომ გახდა ეს საკითხი ამდენად მნიშვნელოვანი?
– რეალურად, ბრიუსელი უკვე დიდი ხანია თხოვს კიევს გააუქმოს მორატორიუმი ხე-ტყის გაყიდვაზე და ეს მოთხოვნები განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში მომხდარი ღირსების რევოლუციის შემდეგ, რომელსაც მე „სისხლიან ზამთარს“ ვუწოდებ. კიევს ასევე თხოვენ გააუქმოს მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე.
ამ საკითხის ისტორია ჯერ კიდევ 90-იან წლებში იწყება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო სავალუტო ფონდმა კრედიტების სანაცვლოდ უკრაინას წაუყენა პრივატიზაციის წინაპირობა, თუმცა მაშინ ასევე გაკეთდა სტრატეგიული რესურსების ჩამონათვალი, რისი პრივატიზებაც არ შეიძლებოდა. ამ ჩამონათვალში შედიოდა მიწა, ხე-ტყე, ზოგიერთ სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმო და ბუნებრივი რესურსები, თუმცა დღეისათვის ამ სიაში ფაქტობრივად არაფერი დარჩა ხე-ტყისა და მიწის გარდა.
სხვათა შორის, რაღაც პერიოდი ხე-ტყეც ამოღებული იყო სტრატეგიული რესურსების სიიდან, თუმცა უკრაინული საზოგადოების ზეწოლის შედეგად 2015 წელს ხე-ტყის ჭრაზე მორატორიუმი კვლავ აღდგა, რადგან დასავლეთ უკრაინაში, კონკრეტულად კარპატების რეგიონში, სადაც ხე-ტყის ჭრა განსაკუთრებულ მასშტაბებს აღწევს, უკვე მაშინაც სახეზე იყო სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები.
დღესდღეობით რუსეთს არ სჭირდება დიდი ომი უკრაინასთან რადგან მოსკოვში აცნობიერებენ იმ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს, რისი გადახდაც ამ ომში მოუწევთ.
ამით საკითხი არ ამოწურულა. დღეს, ერთ მხრივ ევროკავშირს ჭირდება უკრაინის ხე-ტყე, იმიტომ რომ საკუთარ შემორჩენილ ტყეებს ევროპის ქვეყნები უკვე მკაცრად იცავენ, ხოლო მეორე მხრივ, მორატორიუმი რეალურად ვერ იცავს უკრაინის ტყეებსაც რადგან უკანონო ჭრა მაინც გრძელდება და მხოლოდ 2017 წელს უკრაინიდან ევროპაში გატანილ იქნა მილიარდი ევროს ღირებულების ხე-ტყე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე ხე-ტყის არალეგალური გატანა 75%-ით გაიზარდა და ეს მხოლოდ ოფიციალური კვლევების მონაცემებით. აქ რა თქმა უნდა საქმე გვაქვს კორუფციის გიგანტურ მასშტაბებთან.
იდეაში, ის რასაც ევროკავშირი გვთავაზობს – ანუ მორატორიუმის გაუქმება და ევროპული სტანდარტებით ვაჭრობის დაშვება შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი, რომ არ არსებობდეს კორუფციის პრობლემა, მაგრამ დღევანდელ რეალობაში მორატორიუმის გარეშე ჩვენ ვეღარ გავაკონტროლებთ მოჭრილი ხე-ტყის რაოდენობას, ამიტომ მორატორიუმი აუცილებელია შენარჩუნდეს მანამ, სანამ კორუფციის პრობლემა იარსებებს, თუმცა აშკარაა ისიც, რომ მხოლოდ მორატორიუმი პრობლემას ვერ წყვეტს, ხოლო ევროკავშირი მორატორიუმის მოხსნას ითხოვს მხლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოიპოვოს წვდომა უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე.
ესაუბრა ზვიად ავალიანი.
ავტორი - ზვიად ავალიანი