უკრაინა და (დეზ)ინტეგრაციის პროცესში მყოფი „კაპიტალის იმპერია” (ნაწილი III)

ავტორი – იულია იურჩენკო, დიდი ბრიტანეთის გრინვიჩის უნივერსიტეტის, პოლიტიკური ეკონომიკის დეპარტამენტის მკვლევარი. ავტორი წიგნისა “უკრაინა და კაპიტალის იმპერია: მარკეტიზაციიდან შეიარაღებულ კონფლიქტამდე” (Pluto Press, London 2018)

 

წინამდებარე სტატია პირველად გამოქვეყნდა 2021 წლის სექტემბერში გამოცემულ კრებულში: “აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ეკონომიკა “ტრანზიციაში” ყოფნის 30 წლის თავზე”  (Palgrave macmillan, 2021)

იმედი, ფარსი და „კოლექტიური პრეზიდენტისთვის” გზის მიცემა

 

ზელენსკის არჩევა არ მოხდებოდა, რომ არა ინსტრუმენტალიზების ძირგამომთხრელი ლოგიკა და ცუდად გაწერილი რეფორმები, რომლებიც იმისდა მიუხედავად, ადგილობრივი ძალების მიერ იყო განხორციელებული თუ უცხოურის, 2019 წლისათვის სრულ ქარიშხლად იქცა. თუმცა, პირველ რიგში, კონტექსტი განვიხილოთ. 

1991 წლიდან საშინაო და საგარეო პოლიტიკის რამოდენიმე საკითხზე უკრაინული საზოგადოების აზრი გაიყო. ეს საკითხები იყო: “ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ საარჩევნო მხარდაჭერა, რუსული ენის სტატუსი, უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, და მისი ურთიერთობა რუსეთთან” (Katchnovski, 2014:3). ასეთი განსხვავებული ხედვები ნებისმიერ საზოგადოებას ახასიათებს, თუმცა, განსხვავებები ყველგან შეიარაღებულ კონფლიქტებს არ იწვევს. ამ დაყოფების რეგიონული ხასიათი მნიშვნელოვანია. უკრაინის ისტორიის იმ გარემოებების გამო, რომ ამ ქვეყანას ერთდროულად რამოდენიმე იმპერიის წესრიგქვეშ უწევდა ცხოვრება, ეს დაყოფები განსაკუთრებით ღრმა იყო ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვრისპირა სივრცეებში. ამით ის კი არ იგულისხმება, რომ კონკრეტული რეგიონები ჰომოგენურები არიან და ერთნაირად უჭერენ მხარს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებსა თუ საგარეო პოლიტიკას, არამედ ამ გარემოების ხაზგასმით დომინანტური პოლიტიკური ორიენტაციების გამოკვეთაა ჩვენი მიზანი. 

ცოტა თუ ელოდებოდა, რომ უკრაინა დაიშლებოდა, თუმცა კი, ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობდა გამაფრთხილებელი ანალიზი. მაშინაც კი, როდესაც ამბოხება დაიწყო, დელუზიური განწყობები მაინც აგრძელებდა არსებობას, ხოლო სეპარატიზმის ადგილობრივი მხარდაჭერა დასავლეთისა და კიევში განთავსებული დროებითი მთავრობის მიერ არასათანადოდ იქნა შეფასებული. ნაცვლად ამისა, ტერიტორიების მოწყვეტის ორგანიზების მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის არმიასა და სეპარატისტულ ბრიგადებს დაეკისრათ. რუსულ მედიასა და პოლიტიკურ დისკურსში, სეპარატისტების მხარდაჭერა გაზვიადებული იყო და ნაჩვენები იყო, თითქოს მას ყოვლისმომცველი ხასიათი ჰქონდა. რუსული და სეპარატისტული მედიის მიერ მსგავსი ფიქტიური ამბები იწარმოებოდა და შურისმაძიებელი პათოსით ვრცელდებოდა “ფაშისტური ხუნტის” შესახებ, რომელმაც კიევში ძალაუფლების ხელში ჩაგდება ძალის გამოყენებით მოახერხა. ფაშისტური coup d’etat – რომელიც ასევე ცნობილია, როგორც იანუკოვიჩის მიერ საკუთარი თავისათვის გამოწერილი გაქცევა – მაშინ დანახული იყო, როგორც ფაშისტური საფრთხე, და ამ კონტექსტში, “სეპარატისტები, და მათ შორის რუსი მოხალისეები, დონბასის მოსახლეობას უკრაინელი ‘ფაშისტებისგან’ იცავდნენ.” ნოვოროსიის პროექტი (საუბარია რუსეთის იმპერიის შავ ზღვაზე მოსაზღვრე რეგიონის უკრაინულ გუბერნიებზე, რომლებიც რუსული იმპერული ერთეულები არიან და რომლებიც, 1920-იანი წლებიდან უკრაინის ტერიტორიის ნაწილები გახდნენ), რომელიც გულისხმობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის, ყოფილი რუსეთის იმპერიის მიწის კონფედერაციაში გაერთიანებას, უკვე დაწყებული იყო და პუტინის მიხედვით, მოიცავდა ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, მიკოლაევის, ოდესისა და  ზაპოროჟიის ოლქების ტერიტორიებს.  

თუმცა, რთულია იმის წარმოდგენა, რომ ნოვოროსიის პროექტი დაიწყებოდა ძალიან მცირე ან სულაც, თითქმის არარსებული ადგილობრივი მხარდაჭერით. მართლაც, როგორც სერგეი კუდელია გვთავაზობს, დონბასის აჯანყება ძირითადად “ადგილზე ამოზრდილი ფენომენი იყო,” სადაც “პოლიტიკურმა ფაქტორებმა – სახელმწიფოს ფრაგმენტაციამ, რეჟიმის ძალადობრივმა ცვილებამ და მთავრობის მხრიდან იძულების განხორციელების უუნარობამ – რეგიონისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ემოციებთან – შეურაცხყოფასა და შიშთან ერთად  – ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეიარაღებული სესეციური მოძრაობის წამოწყებაში (Kudelia, 2014). სეპარატიზმის მარცვლები მართლაც 1990-იან წლებში დაითესა, ფესვები “ცისფერ-ხავერდოვან” კამპანიაში გაიდგა, ხოლო იფეთქა 2013 წელს მაიდნისა და ანტიმაიდნის დროს. ორი ათწლეულის განმავლობაში, კაპიტალის აკუმულაციის პროცესისათვის დამახასიათებელი მეტოქეობით ნაწარმოები სოციალური დაყოფების ამ კონტექსტში, იანუკოვიჩმა და ადგილობრივი “რეგიონების პარტიის” ლიდერებმა გზა გაუკვალეს იგორ გირკინის არმიას, “ზრდილობიან ხალხს,” და ნოვოროსიის პროექტის რუსეთის “უჩინარ” ჯარებს. კიევის ახალი მმართველების მიმართ შურისძიებითა და შიშით გამოწვეული ემოციები (Kudelia, 2014: 3-5; Petersen, 2002) იყო იმის შედეგი, რომ სისტემურად ხდებოდა რეგიონული იდენტობის დანარჩენი უკრაინისაგან განცალკევებულობის დემონსტრირება. ნეგატიური ემოციების გაღვივება ხდებოდა ნდობის ნაკლებობის გამო, რაც კიდევ უფრო გაუარესდა მეინსტრიმულ პოლიტიკურ და მასმედია დისკურსში აღამოსავლეთში მცხოვრებთა მზარდი დეჰუმანიზაციის პროცესებით (Yurchenko, 2018). 

“მაიდნისა და ანტიმაიდნის მოძრაობები, ორივე ძალიან კომპლექსური ფენომენია, სადაც არ არსებობდა ცხადი პოლიტიკური პოზიცია,” ან იდენტიფიცირებადი იდეოლოგიური კომპონენტი (Ischchenko, 2016). ორივე შემთხვევაში, იქ იყო ელემენტები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს პროგრესულად და/ან რეაქციულად და სხვადასხვანაირი დოზით (Ischenko, 2016), თუმცა, საბოლოოდ, ვერც ერთმა ვერ მოახერხა ამ “პროგრესულობის” უზრუნველყოფა. მაიდნები ოლიგარქების მიერ იქნა განძარცვული, ანტი-მაიდნები კი – რუსი სეპარატისტებისა და მათი თვითგამოცხადებული “რესპუბლიკების” მიერ (Ishchenko, 2014; Yurchenko, 2018).  

“სისხლიანი ზამთრის” შემდეგ, სისტემური ცვლილებების ნაცვლად, ქვეყანაში შეიარაღებული სამოქალაქო კონფლიქტი დაიწყო. ოლიგარქია კი დიდწილად ხელუხლებელი რჩებოდა. ერთი მხრივ, სამართლებრივი დევნისა, და მეორე მხრივ, აქტივებისა და სახელმწიფოზე კონტროლის დაკარგვის შიშით, ოლიგარქებმა ქვეყანაში ძალაუფლების ლეგიტიმაციის გადაუდებელი საჭიროება გამოიყენეს, რათა ლეგიტიმაცია საკუთარი წარმომადგენლებისათვის მიენიჭებინათ და ამით, ბიძგი მიეცათ ჯერ ვადამდელი საპრეზიდენტო, და მომდევნო თვეებში, საპარლამენტო არჩევნებისთვის (Plokhy, 2015). ოლიგარქიის კანონი, კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა მათ სურვილში, რომ აღედგინათ პოროშენკო, რათა ის ხელახლა გამხდარიყო პრეზიდენტი, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციის უმთავრესი პოზიციები იმ კადრებისათვის მიეცათ, რომლებიც ოლიგარქიასთან იყვნენ დაკავშირებულები. მმართველ ბლოკში კაპიტალის ბატონობის მორყევა კი არ იყო უმთავრესი ცვლილება, როგორც ამას მაიდნის პროტესტები ითხოვდნენ, არამედ ეს იყო დონეცკის ბლოკის ცენტრალიზებული კონტროლისა და იმ გავლენის მორღვევა, რომელსაც ეს ბლოკი 2007-2010 წლებში ინარჩუნებდა (Goldstein, 2014; Yurchenko, 2012). “რეგიონების პარტიასა”, და დონეცკის ოლიგარქიის “პარტიულ პოზიციებს მასიურად ტოვებდნენ მისი წევრები, იანუკოვიჩის მხარდამჭერი უმრავლესობა რადაში დამარცხდა” (Shavel, 2015), ხოლო პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო ამ ყველაფრის თანმდევ ვადამდელ არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა ხმების საშუალებით, მათი პარლამენტის წევრები ახალ პარლამენტში შევიდნენ და ახლიდან ჩამოაყალიბეს პრორუსული ოპოზიციური ბლოკის პარტია, მათი საპარლამენტო ბერკეტი სუსტდებოდა (Shavel, 2015:162). სახელმწიფო აპარატის რეგიონული შემადგენლობა უფრო შერეული გახდა (Goldstein, 2014; Shevel, 2015), რამაც მტრობა განახლებულ და ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანა იმ ოლიგარქებს შორის, რომლებიც ამ პერიოდისათვის ყველაზე მეტად იყვნენ მოწყვლადები საგარეო (და განსაკუთრებით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების) წნეხის მიმართ, და უკვე ფინანსური ზარალიც ნანახი ჰქონდათ (100 Richest, 2016). მეორეს მხრივ, ქვეყნის სამუშაო ძალა გაღარიბდა და მის კისერზე იყო სავალუტო ფონდის მიერ გატარებული ბაზარზე მორგებული კომუნალური გადასახადი, რაც საშუალო ხელფასებსა და პენსიებს აჭარბებდა, და რასაც თან ახლდა სამოქალაქო შეიარაღებული კონფლიქტი ფრონტის ორივე ხაზზე, ხოლო სიღარიბე და მონური შრომა აღმოსავლეთის სეპარატისტულ რესპუბლიკებში (Levy, 2016). 

ოლიგარქებს სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული ქვეყანაში რეპრეზენტაციის კრიზისის არსი და ის ფაქტი, რომ ისინი ძალაუფლებას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებდნენ, რომ ხალხს სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას ძალაუფლების ვაკუუმის შიში ჰქონდა. კორუფციაში გასვრილი წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებულ ახლადარჩეულ პარლამენტისათვის სახალხო ნდობის აღდგენის მიზნით, უპრეცედენტო გადაწყვეტილებით სამი უცხოელი იქნა დანიშნული მინისტრთა პოზიციებზე. ესენი იყვნენ: ამერიკაში დაბადებული ნატალი იარესკო (Natalie Jaresko) ფინანსთა მინისტრად, ლიეტუველი აივარას აბრამოვიციუსი (Aivaras Abromavicius) ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრად, ხოლო ალექსანდრე კვიტაშვილი საქართველოდან – ჯანდაცვის მინისტრად (“Foreign Born Ministers” 2014). თუმცა, მთავრობასა და უცხოელების ჯგუფს შორის, რომლებიც დროებით სწორედ იმ მიზნით დაიქირავეს, რომ ხალხში ნდობა მოეპოვებინათ იმ გაფუჭებულ სისტემაში, რომლის შეკეთებაც შესთავაზეს – სქიზმა იზრდებოდა, ვინაიდან ცვლილება, რომელიც ოლიგარქებს უნდოდათ, მხოლოდ კოსმეტიკური იყო. მოქალაქეების ნდობის მოპოვების ნაცვლად, კლეპტოკრატებმა ნდობის დარჩენილი ნაწილიც დაკარგეს და ამას თან გააყოლეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებში (IFI)  – რომლებიც ინსტიტუტებსა და NGO-ებს აკვირდებოდნენ –  ახლად გაჩენილი მცირედი ნდობაც. სამსხვერპლოდ გამზადებული და ძალადობას მოწყურებული (ულტრა)ნაციონალისტური ბრიგადები, რომელთა გამოყენებაც ოლიგარქების ძალაუფლებისათვის ბძროლის ლეგიტიმაციისათვის მოხდა, კარგად არ იქნა აღქმული  ამომრჩევლის მიერ, რომელიც უკვე დაღლილი იყო ომით, სოციო-ეკონომიკური გაჭირვებით, და პოროშენკოს ცარიელი რიტორიკული გადახვევებით ენის, რწმენისა და დიახაც, ჯარის საკითხების შესახებ. მმართველმა ბლოკმა არაჯეროვნად შეაფასა ხალხის იმედგაცრუების დონე: მათი ხედვა დამახინჯებული იყო მოკლე მეხსიერებით და 2013-2014 წლებში მაიდნის პროტესტის მონაწილეების უარყოფით.    

… 

ჩემი წიგნი – “უკრაინა და კაპიტალის იმპერია” 2017 წლის ბოლოსკენ დავასრულე იმ წინასწარმატყველებით, რომ უკრაინა მესამე მაიდანზე იყო ფეხმძიმედ. ვინმემ შესაძლოა იფიქროს, რომ ეს იმ ტიპის წინასწარმეტყველებაა, რომელიც არასდროს ახდება. და მიუხედავად ამისა, ეს მოხდა საარჩევნო კაბინებში განხორციელებული პროტესტის მეშვეობით. 

ზელენსკი, “ზელენსკის გუნდი,” ან როგორც მე მათ ვუწოდებ, “კოლექტიური პრეზიდენტი” (რაშიც ვგულისხმობ საპრეზიდენტო კომუნიკაციებს/გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომლის დროსაც “ზელენსკის ჯგუფი” წარმოგვიდგებოდა ხელმომწერ მხარედ) ძალაუფლებაში მოვიდა იმ დაპირებით, რომ ესტაბლიშმენტის დემოკრატიზებას მოახდენდა, ოლიგარქიას ძალაუფლებას გამოაცლიდა, ცხოვრების სტანდარტს აამაღლებდა, და სხვა ხშირად გაუგებარ დაპირებებთან ერთად, განახორციელებდა ყველაზე მთავარს – დაასრულებდა ომს. პოზიტიურ სლოგანებსა და მათ ბუნდოვან (თუკი რაიმე საერთოდ არსებობდა) განხორციელების გეგმას გამარჯვებასთან თითქმის არაფერი აკავშირებდა  – დემორალიზებული მასების ესტაბლიშმენთისაგან განხიბვლა, და 39 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის თითქმის ყველას მორალური გაბანკროტება იყო ის, რაც მან მოიტანა. მიუხედავად ამისა, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ზელენსკიმ, ან მისმა პარტიამ (რომელსაც იმ სატელევიზიო შოუს მიხედვით, რომელშიც ის უკრაინის პრესიდენტის როლს ასრულებდა “ხალხის მსახური” ერქვა) ვერ მოახერხა საკუთარი თავის დამაჯერებელი დისტანცირება ოლიგარქიისაგან (Bond, 2019), ან იმგვარი პოლიტიკისა თუ ქცევის დემონსტრირება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისი წინამორბედებისაგან (Clarke, 2019). 

2019 წლის 30 მარტს, სპეციალურ საპარლამენტო სესიაზე მთელი რიგი კანონების მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წნეხით იყო განპირობებული. საარსებო ნაღდი ფულის შემოდინების სანაცვლოდ განხორციელებულმა ამ ცვლილებებმა ნეოლიბერალური პოლიტიკის კიდევ უფრო განმტკიცება დაადასტურა. კანონები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურების დარღვევით მიიღეს, მიწის გასხვისების ნებას იძლეოდა უცხოელ მხარეებზეც; მანამდე არსებული მორატორიუმი მოიხსნა, თუმცა უცხოელთა მიერ მფლობელობის საკითხის რეფერენდუმზე გატანის დაპირება გაიცა. უკრაინელი ხალხის ბოლო ხელუხლებელი აქტივი, რომელიც კონსტიტუციით იყო გარანტირებული, სავალუტო ფონდთან გაბმულ დამოკიდებულების თამაშებში სავაჭრო გარიგების ობიექტად იქნა შეთავაზებული. 

უკრაინის დარჩენილი სუვერენულობა ირღვევა. “Trumpgate” გასაოცარი ილუსტრაცია იყო იმ ავადმყოფობისა, რომელიც აღწევს (დეზ)ინტეგრაციის პროცესში მყოფ კაპიტალის იმპერიას. ვინაიდან კონსენსუსის მიღწევის ნარატივები მარცხდება, გაყალბება და კორუფცია იქცევა დარწმუნების, “კონსენსუსის” წარმოებისა და ერთი კლასისა თუ ბლოკის მეორეზე დომინაციის მიღწევის ინსტრუმენტებად. იმ დროს, როცა ეს ავადმყოფობა ძირს უთხრის უფრო სუსტსა და დამოკიდებულს, ის ასევე გვთავაზობს შესაძლებლობას, რომ გამოვააშკარავოთ სისტემური ლპობა და პოტენციურად ვაშენოთ სოციალური ორგანიზების პროგრესული ფორმები. პოლიტიკური მოთხოვნა აქ სოციალიზმია, რომელიც საკუთარი თავის ხსენებას “დეკომუნიზატორ” გონებებსა და ინსტიტუტებში ვერც კი ბედავს. მიუხედავად ამისა, რა სახელითა და დროშითაც არ უნდა მოდიოდეს ის, ეკონომიკური სისტემა, რომელიც “მოთხოვნაშია” სოციალისტურია. 

P.S. ამ თავის წერა მაშინ დასრულდა, როდესაც მსოფლიოში მყარად ჰქონდა ფეხი გადგმული COVID-19-ის პანდემიას და ასეთ დროს, გლობალური და უკრაინული ეკონომიკების მომავალი ცხადი საერთოდ არ არის. მრავალი წლის მანძილზე, დესტაბილიზაციის მომტანმა “რეფორმებმა” “შესანიშნავი შტორმი” წარმოქმნა. ამას დამატებულმა პანდემიამ და ვალზე დამოკიდებულებამ უფრო მეტად გაამწვავა ნაომარი ქვეყნის იდეოლოგიური პარალიზების მდგომარეობა. 

(დეზ)ინტეგრაციის პროცესში მყოფი კაპიტალის იმპერია უფრო ჩქარა განიცდის ჩამოშლას მსოფლიოს (ეკონომიკური) მოწყვლადობის პროცესში. სიკვდილიანობის მატებასთან ერთად, ეროვნული და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი კლებულობს, მილიონობით ადამიანი უმუშევარი რჩება, ხოლო თუ გაუმართლებთ – მათ შვებულებაში გაუშვებენ. ეკონომიკური პროცესების მოკლევადიან შენელებას გრძელვადიანი დამანგრეველი შედეგები ექნება მათზე, ვისაც ჯერ არ მოუშუშებია 2008 წლის ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგები. ძნელია იმის გარკვეული სიზუსტით დადგენა, თუ კონკრეტულად რისი მომტანი იქნება ეს უკრაინისთვის. სულ უფრო და უფრო მეტად ხდება რა ამ ქვეყნის სუვერენულობა კომპრომისების საგანი, მიწის რეფორმამ, როგორიც არის უცხოელთათვის მიწის საკუთრების უფლების მიცემა, შემოღობვის ახალი ტალღა მოაახლოვა. არჩევნებში ხმის მიცემა უფლებაჩამორთმეული ხალხის პულსის მაჩვენებელი იქნება და ალბათ იმის მაჩვენებელიც, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. მაიდნების მარცხის შემდეგ, ცვლილებები საარჩევნო ყუთების საშუალებით ვერ ხორციელდება და ამ კონტექსტში, უახლოეს მომავალში, როდესაც ხალხი გაძვირებული კომუნალური გადასახადებისა და ბოლო დარჩენილი ეროვნული აქტივების გასხვისების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვა, ჩვენც უნდა ვეძებოთ გამოსავლის გზები. ჯერჯერობით, ყველა მაიდანი წარსული არ არის. 

 

ბიბლიოგრაფია: 

 

camyx bogatyx lde Ukpainy: Polny cpicok [100 Richest Ukrainians].

(2016). Focus. https://focus.ua/ratings/350253/. Accessed 20 February

2021.

 

Bond, I. (2019). Will the “Servant of the People” be the Master of the People,

Centre for European Reform. https://www.cer.eu/insights/will-servant-peo

ple-be-master-ukraine. Accessed 20 February 2021.

 

Clarke, D. (2019, July 29). Ukraine’s Volodymyr Zelensky cannot be a Servant

of the People and of Oligarchy. The New Statesman. https://www.newsta

 

tesman.com/world/europe/2019/07/ukraine-s-volodymyr-zelensky-cannot-

be-servant-people-and-oligarchy. Accessed 20 February 2021.

 

D’Anieri, P. J. (2007). Understanding Ukrainian Politics: Power, Politics, and

Institutional Design. M.E. Sharpe.

 

Dyczok, M. (2005). Breaking through the information blockade: Elections and

revolution in Ukraine 2004. Canadian Slavonic Papers, 47 (3–4), 241–264.

 

Dyczok. (2006). Was Kuchma’s censorship effective? Mass media in Ukraine

before 2004. Europe-Asia Studies, 58(2), 215–238.

 

Dyczok. (2009). Do the media matter? focus on Ukraine. In Dyczok, M.

& Gaman-Golutvina, O. (Eds.), Media, democracy and freedom: The post-

communist experience (pp.17–42). Peter Lang.

 

Foreign-Born Ministers in Ukraine’s New Cabinet. (2014). BBC. http://www.

bbc.co.uk/news/world-europe-30348945. Accessed 20 February 2021.

 

Golstein, V. (2014, May 19). Why everything you’ve read about Ukraine

is wrong. Forbes. https://www.forbes.com/sites/forbesleadershipforum/

2014/05/19/why-everything-youve-read-about-ukraine-is-wrong/?sh=148

3aa2b510e. Accessed 20 February 2021.

 

Havlik, P. (2014). Economic consequences of the Ukraine conflict.

Wiener Institut für Internationale Wirtschaftsvergleiche, Policy Notes and

Reports. https://wiiw.ac.at/economic-consequences-of-the-ukraine-conflict-

dlp-3427.pdf. Accessed 20 February 2021.

 

Ishchenko, V. (2014, May–June). Ukraine’s fractures. New Left Review, 87.

 

Ishchenko. (2016). The Ukrainian left during and after the Maidan protests, a

report for the DIE LINKE delegation, GUE/NGL. http://cslr.org.ua/wp-

content/uploads/2016/01/The_Ukrainian_Left_during_and_after_the.pdf.

Accessed 20 February 2021.

 

Ishchenko, V., & Yurchenko, Y. (2019). Ukraine, US hegemony and inter-

imperialist rivalry. In I. Ness & Z. Cope (Eds.),The Palgrave encyclopedia of

imperialism and anti-imperialism. Palgrave Macmillan.

 

Katchanovski, I. (2014). The separatist conflict in donbas: A violent break-up of

Ukraine? European Politics and Society, 17 (4), 473–489. https://doi.org/10.

1080/23745118.2016.1154131. Accessed 20 February 2021.

 

Kudelia, S. (2014). Domestic sources of the donbas insurgency. PONARS

Eurasia Policy Memo, 351. http://www.ponarseurasia.org/memo/domestic-

sources-donbas-insurgency. Accessed 20 February 2021.

 

Kuzio, T. (1999). State and institution building in Ukraine. St. Martin’s Press.

 

Kuzio, T. (2005). Regime Type and Politics in Ukraine under Kuchma.

Communist and Post-Communist Studies, 38, 167–190

 

Levy, G. (2016, October 4). Slave labour in Lugansk: What war in

Ukraine has “Achieved”. https://peopleandnature.wordpress.com/2016/10/

04/slave-labour-in-lugansk-what-war-in-ukraine-has-achieved/. Accessed 20

February 2021.

 

Menon, R., & Rumer, E. B. (2015). Conflict in Ukraine: The unwinding of the

post-cold war order. MIT Press.

 

Overbeek, H. (2002). Transnational historical materialism: Theories of transna-

tional class formation and world order. In M. Rupert (Ed.), Historical materialism and globalization. Routledge.

 

Petersen, R. (2002). Understanding ethnic violence: Fear, hatred, and resentment

in twentieth-century Eastern Europe. Cambridge University Press.

 

Petrov, R., van der Loo, G., & van Elsuwege, P. (2015). The EU–Ukraine associ-

ation agreement: A new legal instrument of integration without membership?,

Kyiv-Mohyla Law and Politics Journal, 1.

 

Plokhy, S. (2015). The gates of Europe. Penguin.

 

Powell, J., & Yurchenko, Y. (2020). The evolution of private provision in urban

drinking water: New geographies, institutional ambiguity and the need for

political economy. New Political Economy, 25(1), 91–106. https://doi.org/

10.1080/13563467.2018.1562432

 

Riabchuk, M. (2001). Dvi Ukpa|ni [Two Ukraines], Krytyka, 4.

 

Shevel, O. (2015). The parliamentary elections in Ukraine, October 2014.

Electoral Studies, 39, 159.

 

Solomon, P. (2011, March 2). Yanukovych’s judicial reform: Power and justice.

Ukraine Watch. https://ukrainewatch.wordpress.com/2011/03/02/yanuko

vychs-judicial-reform-power-policy/. Accessed 20 February 2021.

 

Wilson, A. (2005). Virtual politics: Faking democracy in the post-soviet world (1st

ed.). Yale University Press.

 

Wilson. (2014). Ukraine crisis: What the west needs to know. Yale University Press.

 

Yurchenko, Y. (2012). “Black holes” in the political economy of Ukraine: The

neoliberalization of europe’s “wild east”. Debatte: Journal of Contemporary

Central and Eastern Europe, 20(2–3), 125–149.

 

Yurchenko, Y. (2018). Ukraine and the empire of capital: From marketisation to

armed conflict. Pluto Press.

 

დატოვე კომენტარი