თვითრეგულირებადი ბაზარი და ფიქტიური საქონლები: შრომა, მიწა და ფული

მეექვსე თავი

ეკონომიკური სისტემისა და ბაზრების ეს ცალკეული კონტურები გვიჩვენებენ, რომ ისტორიულად, დღემდე, ბაზრები არასდროს ყოფილან ეკონომიკური ცხოვრების აქსესუარებზე უფრო მეტი მნიშვნელობის მქონენი. როგორც წესი, ეკონომიკური სისტემა, ყოველთვის სოციალური სისტემის ნაწილი იყო, ხოლო ქცევის რა პრინციპიც დომინირებდა ეკონომიკაში, საბაზრო ქცევაც მასთან შესაბამისობაში იყო. ბარტერის ან გაცვლის პრინციპი, რომელიც საბაზრო ქცევას ედო საფუძვლად, არ ააშკარავებდა გაფართოების რაიმე ტენდენციას სხვა სივრცეებში შეჭრის ხარჯზე. იქ, სადაც ბაზრები ყველაზე მეტად იყო განვითარებული – როგორც მაგალითად მერკანტილურ სისტემაში – ისინი ვითარდებოდნენ ცენტრალიზებული ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ, რაც ახალისებდა ავტარქიას როგორც გლეხთა შინამეურნეობებში, ისე ქვეყნის ცხოვრებაშიც. ფაქტობრივად, რეგულაცია და ბაზრები ერთდროულად განვითარდნენ. თვითრეგულირებადი ბაზარი უცნობი ფენომენი იყო: მართლაც, თვითრეგულირებადი ბაზრის იდეის აღმოცენება განვითარების ტენდენციის მთლიან შემობრუნებას წარმოადგენდა. იმ უცნაური დაშვებების სიღრმისეული გაგება, რომლებიც საფუძვლად უდევს საბაზრო ეკონომიკას, სწორედ ამ ფაქტების საშუალებით არის შესაძლებელი.

საბაზრო ეკონომიკა ის ეკონომიკური სისტემაა, რომელიც კონტროლდება, რეგულირდება და იმართება საბაზრო ფასების მიერ; ამ სისტემაში, წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესის ორგანიზება მინდობილია თვითრეგულირებად მექანიზმზე. ასეთი ტიპის ეკონომიკა მიიღება მოლოდინისგან, რომ ადამიანების ქცევას მაქსიმალური ფულადი მოგებისაკენ სწრაფვა განაპირობებს. ამ ეკონომიკის არსებობა ეფუძნება ისეთი ბაზრების არსებობის ვარაუდს, რომელშიც საქონლისა და სერვისების განსაზღვრულ ფასში მიწოდება, უთანაბრდება მოთხოვნას იმავე ფასში. ის ვარაუდობს ფულის არსებობას, რომელიც მსყიდველუნარიანობის ფუნქციას ანიჭებს ფულის მფლობელებს. ამდენად, წარმოება აქ გაკონტროლდება ფასებით, ხოლო წარმოების პროცესის განმკარგველთა მოგება დამოკიდებული იქნება სწორედ ამ ფასებზე; საქონლის დისტრიბუციაც ფასებზე იქნება დამოკიდებული, ვინაიდან სწორედ ფასები წარმოქმნიან ხელფასებს, ხოლო სწორედ ამ ხელფასების დახმარებით მოხდება ნაწარმოები საქონლის დისტრიბუცია საზოგადოების წევრთა შორის. ამ ვარაუდების მიხედვით, საქონლის წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში წესრიგს მხოლოდ ფასები უზრუნველყოფენ.

თვითრეგულირება გულისხმობს, რომ ბაზარზე ნებისმიერი პროდუქცია იყიდება, და რომ ყველა ტიპის შემოსავალი ასეთი გაყიდვებისგან არის ნაწარმოები. შესაბამისად, არსებობს ბაზრები არა მხოლოდ საქონლისა და სერვისებისათვის, არამედ ინდუსტრიის ყველა ელემენტის, მათ შორის, შრომის, მიწისა და ფულისათვის. მათ ფასებს, კი შესაბამისად, უწოდებენ სასაქონლე ფასებს: ხელფასის, ქირისა, და პროცენტის გადასახადს. სწორედ ეს ტერმინები მიუთითებენ, რომ ფასები წარმოქმნიან  შემოსავლებს: პროცენტი არის ფულის გამოყენებისათვის გადახდილი ფასი და ქმნის შემოსავალს მათთვის, ვისაც ფულის მოწოდება შეუძლია; ქირა არის მიწის გამოყენების ფასი და შემოსავალს მათთვის ქმნის, ვისაც ბაზარზე მისი გამოტანა შეუძლია; ხოლო ხელფასი არის შრომის ძალის გამოყენების ფასი, და წარმოქმნის მათ შემოსავალს, ვინც შრომას ყიდის. საბოლოდ კი საქონლის ფასები მათ შემოსავლებს ქმნიან, ვინც საკუთარ სამეწარმეო სერვისებს ყიდიან. შემოსავალი კი აქ ნიშნავს მოგებას, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს განსხვავებას ორგვარ ფასს – წარმოებული საქონლის ფასსა და მის ხარჯს – ანუ იმ საქონლის ფასს შორის, რომელიც მის საწარმოებლად იყო საჭირო. თუ ეს წინაპირობები სრულდება, მაშინ ყველა არსებული შემოსავალი მიიღება ბაზარზე გაყიდვებისაგან, ხოლო შემოსავლები მხოლოდ იმისათვის იქნება საკმარისი, რომ მისით წარმოებული საქონლის შესყიდვა მოხდეს.

არსებობს ვარაუდების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც უკვე სახელმწიფოსა და მის პოლიტიკას შეეხება. ამ ვარაუდების მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან, ისეთი არაფერი უნდა იქნას დაშვებული, რაც ბაზრების ჩამოყალიბებას დააბრკოლებს; ამასთან,  გაყიდვების გარდა სხვა ტიპის შემოსავლების არსებობა არ უნდა იქნას ნებადართული; გარდა ამისა, საბაზრო პირობების ცვლილების შემთხვევაში, ფასების დასარეგულირებლად – იქნება ეს  საქონლის, შრომის, მიწისა თუ ფულის ფასი – არანაირი ჩარევა არ უნდა განხორციელდეს. ამდენად, არა მხოლოდ ბაზრები უნდა არსებობდეს ინდუსტრიის ყველა ელემენტისათვის, არამედ ნებისმიერი იმგვარი ზომისა თუ პოლიტიკის განხორციელება არ უნდა იქნას ნებადართული, რომლებიც ამ ბაზრების ქმედებაზე გავლენას მოახდენდნენ. არც ფასი, არც მიწოდება, და არც მოთხოვნა, არ უნდა იყოს ფიქსირებული ან რეგულირებული; ასეთი ვარაუდების მიხედვით, მხოლოდ იმგვარი პოლიტიკებისა თუ ზომების არსებობაა ნებადართული, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზრების თვითრეგულირებას. ეს კი, თავის მხრივ, ისეთი პირობების შექმნით უნდა მოხდეს, რომლებიც ბაზარს ეკონომიკურ სფეროში ერთადერთ მაორგანიზებელ ძალად აქცევს[1].

იმისათვის, რათა სრულყოფილად გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს ეს, მოდით ცოტა ხნით დავუბრუნდეთ მერკანტილურ სისტემას და ეროვნულ ბაზრებს, რომლებიც მერკანტილუმა სისტემამ საკმაოდ განავითარა. ფეოდალიზმისა და გილდიების სისტემაში, მიწა და შრომა თავად სოციალური მოწყობის ნაწილი იყო (ფული ამ დროისათვის, ჯერ კიდევ არ იყო ინდუსტრიის ელემენტად ჩამოყალიბებული). მიწა, რომელიც ფეოდალური წესრიგის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენდა, იყო სამხედრო, სასამართლო, ადმინისტრაციული და პოლიტიკური სისტემის საყრდენი: მისი სტატუსი და ფუნქცია განსაზღვრული იყო სამართლებრივი და ჩვეულებითი კანონებითა და წესებით. ის, თუ რამდენად შეიძლებოდა მისი საკუთრებად გადაცემა სხვაზე, და თუ ეს შეიძლებოდა მაშინ რა შეზღუდვებით, საკუთრების რა უფლებებით, და მიწის რა დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობით – ყველა ეს შეკითხვა ყიდვა-გაყიდვის მსგავსი ორგანიზების საკითხებიდან ამოღებული იყო და ისინი სრულიად განსხვავებული ტიპის ინსტიტუციურ რეგულაციებს ექვემდებარებოდნენ.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ შრომაზეც. გილდიების სისტემაში, ისევე როგორც ისტორიაში არსებულ ყველა სხვა ეკონომიკურ სისტემაში, საწარმოო ქმედებების მოტივები და გარემოებები გადაჯაჭვული იყო საზოგადოების ზოგადი ორგანიზების წესთან: ურთიერთობები ოსტატს, შეგირდსა და მაშინდელ დაქირავებულ კვალიფიციურ მუშაკს შორის (ე.წ. journeyman), ხელობის პირობები, შეგირდთა რაოდენობა, მშრომელთა ხელფასები –  ყველაფერი ეს წესრიგდებოდა გილდიისა თუ ქალაქის წესისა და ჩვეულების მიხედვით. მერკანტილურმა სისტემამ, იქამდე არსებულ ამგვარ პირობებს მხოლოდ თავი მოუყარა და გააერთიანა, როგორც ეს ინგლისში მოხდა მაგალითად „ერთიან კანონთა კრებულის“ შემოღებით, ხოლო საფრანგეთში გილდიების „ნაციონალიზაციით.“ 1789 წლის დიდ რევოლუციამდე, საფრანგეთში მიწების ფლობა სოცალური პრივილეგიების წყაროს წარმოადგენდა ხოლო ინგლისში კი ამ პერიოდის შემდეგაც კი, „ინგლისის საერთო სამართალი“ მიწის საკითხში დიდწილად შუასაუკუნობრივი იყო. მერკანტილიზმს, მიუხედავად მთელი თავისი მიდრეკილებისა კომერციალიზაციისაკენ, არასოდეს დაუყენებია საფრთხის ქვეშ ის გარანტიები, რომლებიც წარმოების ამ ორ საბაზისო ელემენტს – მიწასა და შრომას – კომერციის ობიექტებად გახდომისაგან იცავდნენ. ინგლისში, „ხელოსანთა კანონისა“ (1563), და „ღარიბთა კანონის“ (1601) მეშვეობით განხორციელებულმა შრომის კანონმდებლობის „ნაციონალიზაციამ,” შრომა საშიში ზონიდან გაიყვანა. გარდა ამისა, ტიუდორებისა და ადრეული ხანის სტიუარტების მიწის შემოღობვის საწინააღმდეგო პოლიტიკაც მოგების მიზნით მიწის საკუთრების გამოყენების პრინციპის წინააღმდეგ მიმართული ერთი თანმიმდევრული პროტესტი იყო.

მერკანტილიზმმა რომ ინდუსტრიაში სახელმწიფო ჩარევა გაზარდა, ამ ფაქტიდან ყველაზე მკაფიოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ეს სისტემა, მიუხედავად მისი ემპათიური და დაჟინებული სწრაფვისა კომერციალიზაციისაკენ, როგორც ეროვნული პოლიტიკისაკენ, ბაზრების შესახებ საბაზრო ეკონომიკისაგან სრულიად საწინააღმდეგოს ფიქრობდა. ამ პერიოდში, დიდი განსხვავება არ იყო მერკანტილისტებსა და ფეოდალებს შორის, სამეფო გვირგვინიან დამგეგმარებლებსა და კერძო ინტერესებს შორის, ცენტრალიზაციის განმახორციელებელ ბიუროკრატებსა და კონსერვატიულ პარტიკულარისტებს შორის. მათ შორის უთანხმოება მხოლოდ რეგულაციის მეთოდებზე იყო: გილდიები, ქალაქები, და პროვინციები მიმართავდნენ ჩვეულებისა და ტრადიციის ძალას, მაშინ როდესაც ახალი სახელმწიფო ხელისუფალნი უპირატესობას კანონებსა და დადგენილებებს ანიჭებდნენ. თუმცა, ყველანი ერთნაირად ეწინააღმდეგებოდნენ შრომისა და მიწის კომერციალიზაციის იდეას – ანუ იდეას, რომელიც საბაზრო ეკონომიკის წინაპირობა იქნებოდა. ხელოსანთა გილდიები და ფეოდალური პრივილეგიები საფრანგეთში მხოლოდ 1790 წელს გაუქმდა; ინგლისში  „ხელოსანთა კანონი“ მხოლოდ 1813-14 წლებში ანულირდა, ხოლო „ელიზაბეტის ღარიბთა კანონი“ კი – 1834 წელს. მეთვრამეტე საუკუნის ბოლო ათწლეულამდე, არც ერთ ქვეყანაში, შრომის თავისუფალი ბაზრის შექმნა არც კი განიხილებოდა, ხოლო ეკონომიკური ცხოვრების თვითრეგულირება ამ ეპოქის თვალსაწიერში საერთოდ არ იყო. მერკანტილისტს ვაჭრობისა და კომერციის საშუალებით ქვეყნის რესურსების განვითარება აინტერესებდა, მათ შორის სრული დასაქმებაც. მიწისა და შრომის ტრადიციულ ორგანიზებას ის არსებულ მოცემულობად აღიქვამდა. ამ თვალსაზრისით, ის აქაც ისევე დაშორებული იყო თანამედროვე კონცეფციებს, როგორც პოლიტიკის სფეროში: პოლიტიკაში მას განმანათლებელი დესპოტის აბსოლუტური ძალაუფლების სწამდა და ამ რწმენას სრულიად არ ამსუბუქებდა დემოკრატიის დათქმები. და ისევე, როგორც დემოკრატიულ სისტემასა და წარმომადგენლობით პოლიტიკაზე გადასვლამ ეპოქის ტენდენციების სრული შემობრუნება განაპირობა, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსათვის, რეგულირებულიდან თვითრეგულირებად ბაზრებზე გადასვლა წარმოადგენდა საზოგადოებრივი სტრუქტურის სრულ ტრანსფორმაციას.

თვითრეგულირებადი ბაზარი, არც მეტი და არც ნაკლები, მოითხოვს, საზოგადოების ინსტიტუციურ გაყოფას ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებად. ასეთი დიქოტომია, საზოგადოების, როგორც ერთი მთლიანობის პერსპექტივიდან, ფაქტობრივად,  თვითრეგულირებადი ბაზრის არსებობის ხელახალი გაცხადებაა. შესაძლოა ვამტკიცოთ, რომ ამ ორი სფეროს განცალკევება ყველა დროისა და ტიპის საზოგადოებაში გვხვდება. თუმცა, ასეთი დასკვნა მცდარ წარმოდგენაზე იქნება დაფუძნებული. ის კი მართალია, რომ ვერც ერთი საზოგადოება ვერ იარსებებს რაიმე ტიპის იმგვარი სისტემის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფდა წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესის ორგანიზებას. მაგრამ ეს არ გულისხმობს ეკონომიკური ინსტიტუტების გამიჯვნას; როგორც წესი, ეკონომიკური წესრიგი სოციალური წესრიგის ფუნქციას წარმოადგენს. როგორც ვნახეთ, არც ტრაიბალურ, არც ფეოდალურ, და არც მერკანტილურ პირობებში, საზოგადოებაში არ არსებობდა ცალკე ეკონომიკური სისტემა. მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოება, რომელშიც ეკონომიკური ქმედება გაიმიჯნა ცალკეული ეკონომიკური მოტივით, ამ მხრივ, წარმოადგენდა ერთადერთ გამონაკლისს.

ასეთი ინსტიტუციური მოწყობა ვერ იფუნქციონირებდა სისტემის მოთხოვნებისამი საზოგადოების დამორჩილების გარეშე. საბაზრო ეკონომიკის არსებობა მხოლოდ საბაზრო საზოგადოებაშია შესაძლებელი. ამ ზოგადი დასკვნის გამოტანა შესაძლებელი გახდა საბაზრო წყობის ჩვენეული ანალიზის შედეგად. ახლა, ჩვენ შეგვიძლია ამ მტკიცების კონკრეტული მიზეზები გამოვყოთ. საბაზრო ეკონომიკა უნდა შედგებოდეს ინდუსტრიის ყველა ელემენტისაგან, მათ შორის შრომის, მიწისა და ფულისაგან (საბაზრო ეკონომიკაში ფულიც ინდუსტრიული ცხოვრების აუცილებელი ელემენტია, და მის საბაზრო მექანიზმებში შეყვანას, როგორც შემდგომში ვნახავთ, გრძელვადიანი ინსტიტუციური შედეგები აქვს). მაგრამ შრომა და მიწა სხვა არაფერია, თუ არა თავად ადამიანები, რომელთაგანაც ნებისმიერი საზოგადოება წარმოიქმნება, და ის ბუნებრივი გარემო, რომელშიც ეს საზოგადოება არსებობს. მათი საბაზრო მექანიზმად მოაზრება ნიშნავს ბაზრის წესებისადმი საზოგადოების არსის დაქვემდებარებას.

ახლა უკვე იმ პოზიციაზე ვართ, როდესაც შეგვიძლია განვავრცოთ საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუციური ბუნების უფრო კონკრეტული ფორმა და მისი თანმდევი, საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი ასპექტები. პირველ რიგში, აღვწერთ იმ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც საბაზრო მექანიზმს საშუალება ეძლევა აკონტროლოს და მართოს ინდუსტრიული ცხოვრების რეალური ელემენტები; მეორეც, შევეცდებით გავზომოთ ასეთი მექანიზმის იმგვარ საზოგადოებაზე გავლენის ბუნება, რომელზეც საბაზრო მექანიზმი ზემოქმედებს.

საბაზრო მექანიზმი სწორედ კონცეფცია „საქონლის“ საშუალებით ამუშავებს ინდუსტრიული ცხოვრების სხვადასხვა ელემენტებს. „საქონელს“ აქ ემპირიულად განვმარტავთ, როგორც ბაზარზე გასაყიდად შექმნილ საგნებს; ბაზრები, ისევ და ისევ, განიმარტება როგორც რეალური კონტაქტი მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. შესაბამისად, ინდუსტრიის ყველა ელემენტი მიიჩნევა ბაზარზე გასაყიდად შექმნილად, ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ის დაექვემდებაროს ფასთან ინტერაქციაში მყოფ მიწოდებისა და მოთხოვნის მექანიზმს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრიის ყველა ელემენტისათვის უნდა არსებობდეს ბაზარი; რომ ამ ბაზრებზე თითოეული ეს მექანიზმი ორგანიზებულია მიწოდებისა და მოთხოვნის ჯგუფებად; და რომ თითოეულ ელემენტს აქვს ფასი, რომელიც ურთიერთქმედებაშია მოთხოვნასა და მიწოდებასთან. ეს ბაზრები – რომელთა რაოდენობა უთვალავია – ურთიერთდაკავშირებულები არიან და ქმნიან ერთ დიდ ბაზარს.[2]

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ ეს არის: შრომა, მიწა, და ფული ინდუსტრიის აუცილებელ ელემენტებს წარმოადგენენ; მათი მოწესრიგებაც ბაზრების საშუალებით უნდა მოხდეს: ფაქტობრივად, ეს ბაზრები ქმნიან ეკონომიკური სისტემის ყველაზე სასიცოცხლო ნაწილს. მაგრამ შრომა, მიწა და ფული „საქონლის“ ნაირსახეობები აშკარად არ არიან; მტკიცება, რომ ნებისმიერი რამ, რომელსაც ბაზარზე ვყიდულობთ და ვყიდით, გასაყიდად არის წარმოქმნილი, ამ ელემენტებთან დაკავშირებით ცალსახად არასწორია. სხვა სიტყვებით რომ განვმარტოთ, „საქონლის“ ემპირიული განმარტების მიხედვით, ისინი საქონელს არ წარმოადგენენ. შრომა არის მხოლოდ მორიგი სახელი ადამიანის ქმედებისა, რომელიც ადამიანის ცხოვრებასთან ერთად მოიაზრება, და რომელიც თავის მხრივ, გასაყიდად წარმოებული კი არ არის, არამედ სრულიად სხვა მიზეზთა გამოა შექმნილი; მიწა არის ბუნების მორიგი სახელი, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილი არ არის; და ბოლოს, რეალური ფული წარმოადგენს მხოლოდ მსყიდველობის უნარის განხორციელების საშუალებას, რომელიც როგორც წესი, საერთოდ არ იწარმოება, არამედ წარმოიქმნება საბანკო  და სახელმწიფო ფინანსების მექანიზმების საშუალებით. არც ერთი მათგანი არ იწარმოება გასაყიდად. ამდენად, შრომის, მიწისა და ფულის „საქონლის“ ცნების საშუალებით აღწერა მთლიანად ფიქტიურია.

მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ფიქციის საშუალებით ხორციელდება შრომის, მიწისა და ფულის რეალური ბაზრების ორგანიზება;[3] ბაზარზე მათ რეალურად ყიდულობენ და ყიდიან; მათი მოთხოვნა და მიწოდება რეალურად არსებული სიდიდეებია; და ნებისმიერი მიღებული ზომა ან პოლიტიკა, რომელიც დააბრკოლებდა ასეთი ბაზრების ჩამოყალიბებას, ფაქტობრივად საფრთხეში ჩააგდებდა სისტემის თვითრეგულირებას. ამდენად, საქონლის ფიქტიურობა წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მაორგანიზებელ პრინციპს მთელი საზოგადოებისათვის, და გავლენას ახდენს თითქმის ყველა საზოგადოებრივ ინსტიტუტზე სრულიად განსხვავებული გზებით. კონკრეტულად კი ეს არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, არც ერთი იმგვარი მოწყობისა თუ ქცევის არსებობა არ უნდა იქნას დაშვებული, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საბაზრო მექანიზმის რეალურ ფუნქციონირებას ფიქტიური საქონლის ხარჯზე.

შრომის, მიწისა და ფულის შემთხვევაში, ასეთი მტკიცება ვერ იქნება მისაღები. საბაზრო მექანიზმისათვის იმ უფლების მინიჭება, რომ ის გახდეს ადამიანის ბედისა და მისი ბუნებრივი გარემოს ერთადერთი განმსაზღვრელი, თუნდაც მსყიდველობის უნარით განსაზღვრული დოზითა და მისი გამოყენებით, საზოგადოების ჩამოშლას გამოიწვევდა.

საქონლის ამგვარ გაგებაში, „შრომითი ძალა“ ვერ იქნება გამოყენებული ვერც უსისტემოდ და დისკრიმინაციის გარეშე, და ვერც გამოუყენებელი დარჩება იმ ინდივიდებზე გავლენის მოხდენის გარეშე, ვინც ამ ტიპის საქონელს ფლობენ. ადამიანის შრომის ძალის განკარგვით, სისტემა უნებურად განკარგავს იმ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ ყოფიერებას, რომელსაც ადამიანის შრომა მოიაზრებს. კულტურული ინსტიტუტების დამცველი გარსისაგან განძარცვული ადამიანები სოციალური დაუცველობის შედეგებს ვერ გაუძლებდნენ; ისინი შეეწირებოდნენ სოციალური ქსოვილის მოშლის შედეგად წარმოქნილ ბოროტებას, გარყვნილებას, დანაშაულსა და შიმშილს. ბუნებრივი გარემო დაიყვანებოდა მის შემადგენელ ელემენტებამდე, სამეზობლოებამდე და დაზიანებულ ლანდშაფტებამდე, მდინარეები დაბინძურდებოდნენ, სამხედრო უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ხოლო საკვებისა და ნედლეულის წარმოების უნარი – წაერთმეული. საბოლოოდ კი, მსყიდველობის უნარის საბაზრო ადმინისტრირება დროგამოშვებით მოახდენდა ბიზნეს საწარმოების ლიკვიდაციას, ვინაიდან ფულის სიჭარბე ან ნაკლებობა ბიზნესისათვის ისეთივე დამღუპველი აღმოჩნდებოდა, როგორც წყალდიდობები და გვალვები პრიმიტიულ საზოგადოებაში. ეჭვგარეშეა, რომ შრომის, მიწისა და ფულის ბაზრები საბაზრო ეკონომიკისათვის აუცილებელია. თუმცა, ვერც ერთი საზოგადოება, დროის ყველაზე მცირე მონაკვეთშიც კი ვერ აიტანდა ასეთ აშკარა ფიქციებზე დაფუძნებული სისტემის შედეგებს იმ შემთხვევის გარდა, თუკი მისი ადამიანური და ბუნებრივი არსი, ისევე როგორც მისი საქმიანი ორგანიზება, დაცული იქნებოდა „ეშმაკის წისქვილის“ აოხრებისაგან.

საბაზრო ეკონომიკის უკიდურესი ხელოვნურობა იმ ფაქტით არის გამყარებული, რომ თავად წარმოების პროცესი აქ ორგანიზებულია გაყიდვითა და ყიდვით. კომერციულ საზოგადოებაში, ბაზრისათვის წარმოების ორგანიზების სხვა გზა არ არსებობს[4]. გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში, ექსპორტისათვის განკუთვნილი ინდუსტრიული წარმოება  ქალაქის მდიდარი მაცხოვრებლების საშუალებით წესრიგდებოდა, და თავიანთ ქალაქებში მათი უშუალო ხელმძღვანელებით ხორციელდებოდა. მოგვიანებით, მერკანტილურ საზოგადოებაში, წარმოება ორგანიზდებოდა ვაჭრების მიერ და მხოლოდ კონკრეტული ქალაქებით აღარ შემოიფარგლებოდა; ეს იყო ე.წ. „გადაბარების ეპოქა,“ როდესაც შიდა ინდუსტრიები ნედლეულით იმ კაპიტალისტი ვაჭრებისაგან მარაგდებოდა, რომლებიც აკონტროლებდნენ წარმოების პროცესს, როგორ წმინდად კომერციულ საქმიანობას. სწორედ მაშინ მოხდა ინდუსტრიული წარმოების ორგანიზების დიდწილად ვაჭრების ხელში გადასვლა. ვაჭარი იცნობდა ბაზარს, მის მოცულობას და მოთხოვნის ხარისხს; მას ასევე შეეძლო თავდებად დადგომოდა მარაგებს, რომლებიც შედგებოდა ბამბის, მათრახასა და ზოგჯერ იმ საქსოვი დაზგებისგანაც, რომელსაც კოტეჯების ინდუსტრიაში იყენებდნენ. თუ მარაგების მიწოდება ვერ მოხერხდებოდა, ეს ყველაზე მეტად სწორედ ასეთ კოტეჯერებს დაარტყამდათ, ვინაიდან მათი დასაქმება გარკვეული დროით ჩერდებოდა; მაგრამ არც ერთი ძვირიანი დანადგარი საქმეში არ ტრიალებდა და ვაჭარი რაიმე სერიოზულ რისკს არ იღებდა წარმოების პროცესზე პასუხისმგებლობის აღებით. საუკუნეების მანძილზე, ეს სისტემა ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა მანამ, სანამ ინგლისის მსგავს ქვეყანაში, ბამბის ინდუსტრია – მთავარი ეროვნული ნაწარმი – ქვეყნის მასშტაბით უამრავ ისეთ სექტორში არ გავრცელდა, სადაც წარმოება მემაუდეების მიერ იყო ორგანიზებული. ის, ვინც ყიდულობდა და ყიდდა, უნებურად წარმოებას ამარაგებდა, და სხვა მოტივი არც იყო საჭირო. საქონლის შექმნა არ მოიაზრებდა არც ურთიერთდახმარებასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ქცევას, და არც შინამეურნეობის მეპატრონის საფიქრალს ითვალისწინებდა მის ზრუნვაზე დამოკიდებულ წევრებზე; არც ოსტატის საქმიანობისათვის დამახასიათებელ სიამაყე ან ხალხის ქების დამსახურება იყო აუცილებელი – არაფერი ზედმეტი საჭირო არ იყო გარდა წმინდა მოგების მიღების მოტივისა, რაც იმ ადამიანთათვის, რომელთა პროფესიაც ყიდვა-გაყიდვა იყო, უცხო ხილს არ წარმოადგენდა. დასავლეთ ევროპაში, მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე, ინდუსტრიული წარმოება ვაჭრობის უბრალო დანამატი იყო.

მანამ, სანამ დანადგარი იაფი და სპეციფიკის არმქონე ხელსაწყო იყო, ეს ვითარება არ შეცვლილა. იმ უბრალო ფაქტით, რომ კოტეჯერს ადრინდელთან შედარებით ერთი და იგივე დროში უფრო მეტის წარმოება შეეძლებოდა, მისთვის დამაჯერებელი გახდებოდა, რომ შემოსავლის გაზრდის მიზნით დანადგარები უნდა გამოეყენებინა. თუმცა, თავად ეს ფაქტი არ იყო წარმოების ორგანიზების ცვლილებაზე აუცილებლად გავლენის მომხდენი. ის, თუ ვინ ფლობდა იაფ დანადგარებს – მუშა თუ ვაჭარი – გარკვეულ განსხვავებას ქმნიდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სოციალური პოზიცია ექნებოდათ მხარეებს, მაგრამ თითქმის უეჭველად ქმნიდა განსხვავებას მუშის შემოსავალში: მუშა უკეთესად იყო მანამ, სანამ ის ფლობდა დანადგარებს, მაგრამ ამას ვაჭარი იძულებული არ გაუხდია ინდუსტრიული კაპიტალისტი გამხდარიყო, ან შეეწყვიტა მისი ფულის ასეთი ადამიანებზე გასესხება. საქონლის მარაგი იშვიათად თუ ამოიწურებოდა; უფრო დიდი სირთულე იყო ნედლეული მასალით მომარაგება, რაც ზოგჯერ აუცილებლად ფერხდებოდა. მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი, იმ ვაჭრის დანაკარგი, რომელიც დანადგარებს ფლობდა, მნიშვნელოვანი არ იყო. მხოლოდ ზოგადი მანქანა-დანადგარების გამოშვება კი არ იყო ის ფაქტი, რამაც მთლიანად შეცვალა ურთიერთობა ვაჭარსა და წარმოებას შორის, არამედ ამ ცვლილების გამომწვევი უფრო მეტად იყო დახვეწილი და სპეციფიკური დანადგარების გამოგონება. მიუხედავად იმისა, რომ ვაჭარმა  წარმოების ორგანიზების ახალი წესი შემოიღო, რამაც ტრანფორმაციის მიმართულება განსაზღვრა, უფრო დახვეწილი მანქანა-დანადგარების გამოყენებამ გამოიწვია ქარხნული სისტემის განვითარება და ამდენად, გარდამტეხი მომენტი შექმნა ვაჭრობისა და ინდუსტრიის გაგებაში იმ აზრით, რომ ინდუსტრია უფრო მნიშვნელოვანი გახადა. უცაბედად, ინდუსტრიული წარმოება აღარ იყო ვაჭრის მიერ ორგანიზებული ვაჭრობის – როგორც გაყიდვისა და ყიდვის შეთავაზების  სივრცის -დანამატი; ის ახლა უკვე მოიაზრებდა გრძელვადიან ინვესტიციებს, რომელთაც უკვე რისკებიც ახლდა თან. ასეთი რისკების დაძლევა შეუძლებელი ხდებოდა თუ არ მოხდებოდა გონივრული გარანტიების შექმნა წარმოების პროცესის უწყვეტობაზე.

რაც უფრო რთული გახდა ინდუსტრიული წარმოება, მით უფრო იმატა ინდუსტრიის იმ ელემენტების რაოდენობამ, რომელთა მომარაგების მყარი გარანტიებიც უნდა შექმნილიყო. სამი მათგანი, შრომა, მიწა და ფული, ცხადია, გამორჩეული მნიშვნელობისა იყო. კომერციულ საზოგადოებაში მათი მომარაგების მხოლოდ ერთი გზა არსებობდა: შესაძლებელი უნდა გამხდარიყო მათი ყიდვა. ამდენად, ისინი ბაზარზე გასაყიდ საქონლად უნდა გამოეტანათ. საბაზრო მექანიზმის გაფართოვება ინდუსტრიის ამ ელემენტებზე – შრომაზე, მიწასა და ფულზე – კომერციულ საზოგადოებაში ქარხნული სისტემის შემოღების გარდაუვალი შედეგი იყო. ინდუსტრიის ელემენტები გასაყიდად ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყვნენ.

ეს საბაზრო სისტემის მოთხოვნის იდენტური რამ იყო. ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთ სისტემაში მოგება დაზღვეულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითრეგულირება გარანტირებულია დამოუკიდებელი და კონკურენტული ბაზრების საშუალებით. ვინაიდან ქარხნული სისტემის განვითარება ორგანიზებული იყო ყიდვა-გაყიდვის პროცესის ნაწილად, შრომა, მიწა და ფული საქონლებად უნდა ქცეულიყო იმისათვის, რათა წარმოების ამგვარი პროცესი შენარჩუნებულიყო. ცხადია, ისინი სინამდვილეში ვერ გადაიქცეოდნენ რეალურ საქონლებად, ვინაიდან ისინი ბაზარზე გასაყიდად არ შექმნილან. მაგრამ ფიქცია იმის შესახებ, რომ თითქოს ეს ელემენტები ბუნებაში მართლაც გასაყიდად წარმოიქმნენ, გახდა საზოგადოების მაორგანიზებელი პრინციპი. ინდუსტრიის ამ სამ ელემენტს შორის, ერთი გამორჩეულია: შრომა არის ტექნიკური ტერმინი რომელიც გამოიყენება ადამიანებთან მიმართებაში მაშინ, როდესაც ისინი არა დამსაქმებლები, არამედ დასაქმებულები არიან; აქედან გამომდინარე, შრომის ორგანიზება საბაზრო სისტემის ცვლილებასთან ერთად შეიცვლებოდა. მაგრამ ვინაიდან შრომის ორგანიზება მხოლოდ განსხვავებული სახელდებაა უბრალო ხალხის ცხოვრებისა, ეს იმას ნიშავს, რომ საბაზრო სისტემის განვითარებას მოყვებოდა  ცვლილება თავად საზოგადოების ორგანიზებაში. ამ გაგებით, ადამიანთა საზოგადოება ეკონომიკური სისტემის დანამატი გახდა.

შეგვიძლია გავიხსენოთ ინგლისის ისტორიაში შემოღობილი ტერიტორიების აოხრების  ჩვენს მიერვე მოყვანილი პარალელი და სოციალური კატასტროფა, რომელიც ინდუსტრიულ რევოლუციას მოყვა. ჩვენ ვახსენეთ, რომ წინსვლა, როგორც წესი, სოციალური ქსოვილის მოშლის – სოციალური დისლოკაციის ხარჯზე  ხდებოდა. თუ ამგვარი პროცესები მძაფრ ხასიათს იღებს, საზოგადოება თუ თემი, პროცესებს უნდა დამორჩილდეს. ტიუდორებმა და ადრეულმა სტიუარტებმა ინგლისი ესპანეთისაგან  ცვლილების კურსის იმგვარი დარეგულირებით დაიცვეს, რომ ცვლილებები ასატანი გახდა, ხოლო მისი შედეგები –  ნაკლებად დესტრუქციული. მაგრამ ინგლისის უბრალო ხალხი ვერაფერმა დაიცვა ინდუსტრიული რევოლუციის გავლენისაგან. სპონტანური პროგრესის ბნელმა რწმენამ ადამიანთა გონებაში მყარი ფესვები გაიდგა და ყველაზე განათლებულნი, სექტარიანელების ფანატიზმით მოუწოდებდნენ საზოგადოების საზღვარმიუჩენელი და დაურეგულირებელი ცვლილებისაკენ. ამ ყველაფერმა ადამიანთა ცხოვრებაზე იმდენად საშინელი გავლენა იქონია, რომ სიტუაცია აღწერას აღარ ექვემდებარებოდა. მართლაც, ადამიანთა საზოგადოება განადგურდებოდა დამცავი კონტრმოძრაობის გარეშე, რომელმაც ამ თვითდესტრუქციული მექანიზმის გავლენა შეასუსტა.

ამგვარად, მეცხრამეტე საუკუნის სოციალური ისტორია ორმაგი მოძრაობის შედეგია: რეალურ საქონელთან მიმართებაში, საბაზრო ორგანიზების გაფართოებას მოყვა მისი შეზღუდვები ფიქტიურ საქონელთან მიმართებაში. მაშინ როდესაც, ერთის მხრივ, ბაზრები გლობალურად გავრცელდა და საქონლის ოდენობამ დაუჯერებელ განზომილებებს მიაღწია, მეორეს მხრივ, სპეციალური ზომებისა და პოლიტიკების მთელი წყება იქნა  ინტეგრირებული იმ ძლიერ ინსტიტუტებში, რომლებიც სწორედ იმისთვის შეიქმნენ, რათა შრომის, მიწასა და ფულთან მიმართებაში ბაზრის ქმედება შეესწავლათ. მაშინ, როდესაც საქონლის მსოფლიო ბაზრებმა, კაპიტალის მსოფლიო ბაზრებმა  და ვალუტის მსოფლიო ბაზრებმა ოქროს სტანდარტის პირობებში შექმნეს უპრეცედენტო მომენტი საბაზრო მექანიზმისათვის, ფესვგამდგარმა მოძრაობამ უცაბედად დაიწყო ბაზრის მიერ გაკონტროლებული ეკონომიკის დამღუპველი შედეგების მიმართ წინააღმდეგობის წარმოება. საზოგადოებამ საკუთარი თავი თვითრეგულირებადი საბაზრო სისტემისათვის დამახასიათებელი საფრთხეებისაგან დაიცვა – ეს ამ ეპოქის ისტორიის ერთი ყველაზე უფრო ყოვლისმომცველი დამახასიათებელი თვისება იყო.

 

[1] Henderson. H. D., Supply and Demand, 1992. ბაზრის ფუნქცია ორგვარია: ფაქტორთა პროპორციული გადანაწილება სხვადასხვა გამოყენებისათვის, და იმ ძალების ორგანიზება, რომლებიც გავლენას ახდენენ ფაქტორთა აგრეგატულ მიწოდებაზე.

[2] Hawtrey, G. R., op. cit.  მისი ფუნქცია ჰოუთრეის მიერ დანახულია, როგორც „ყველა ურთიერთდაკავშირებული საქონლის შედარებითი საბაზრო ღირებულებების“ წარმოქმნა.

[3] მარქსის მტკიცება საქონლის ღირებულების ფეტიშური ხასიათის შესახებ შეეხება რეალური საქონლის გაცვლით ღირებულებას და არაფერი აქვს საერთო ფიქტიურ საქონელთან, რომელიც ამ ტექსტშია ნახსენები.

[4] Cunningham, W., “Economic Change,” in Cambridge Modern History, Vol.1.

პუბლიკაცია ითარგმნება platforma.ge-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი პუბლიკაციის კომერციული მიზნებით გამოყენება, იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.