თებერვლის თვეში, მაშინ როდესაც კოვიდ-19-მა ჩინეთს საზღვრებს გარეთ დაიწყო გავრცელება, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე ნახევრად ხუმრობით განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად ტურიზმის სამინისტრო რომ ვიყოთ, მივესალმები, ისე ვითარდება ტურიზმის ინდუსტრიაო.
სამწუხაროდ, ამ განცხადებიდან მალევე, საქართველოს საზღვრები ჩაიკეტა და ტურიზმზე დამყარებული იმედები ქვეყანას, ხანგრძლივად თუ არა, დროებით მაინც გაუცრუვდა. ეს მაშინ, როდესაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტის 18.3%-ს შეადგენს.[1] შედარებისათვის, ექსპორტის წილი მშპ-ში 19.1% პროცენტია.
ტურისტულ ინფრასტრუქტურაში აქტიური ინვესტირება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. მშვენდებოდა ქალაქები, ციხე-სიმაგრეები, მუზეუმები…. გაზრდილი ტურისტული ნაკადის კვალდაკვალ, კერძო სექტორიც აქტიურად ერთვებოდა ამ სფეროში. აღებული გეზი დღევანდელი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდა, შემოვიდა ბიუჯეტური ავიაკომპანიები, კიდევ უფრო განვითარდა ინფრასტრუქტურა. თუმცა ჯერ „გავრილოვის ღამემ“, შემდეგ კი პანდემიის კრიზისმა ცხადჰყო, რომ ერთ დარგზე ამ დოზით დამოკიდებულება მოკლევადიან შოკებს იწვევს და რომ ეკონომიკის დივერსიფიცირებაა საჭირო.
თუმცა ამ სტატიაში მოკლევადიანი შოკების პრობლემატიკაზე არ ვაპირებ საუბარს. არამედ მინდა, თქვენი ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო, კერძოდ კი იმაზე, რომ ტურიზმზე მაღალმა დამოკიდებულებამ გრძელვადიან პერიოდშიც შეიძლება მოიტანოს ზიანი და ეკონომიკის ზრდის პოტენციალი სერიოზულად შეასუსტოს, რაც ე.წ. „რესურსების წყევლის“ პარადოქსით, უფრო კონკრეტულად კი, ჰოლანდიური დაავადებით აიხსნება.
ჰოლანდიური დაავადება
ჰოლანდიური დაავადებების ფენომენი ამ სახელწოდებით პირველად ჟურნალმა ეკონომისტმა 1977 წელს გააცნო მსოფლიოს და ის ნიდერლანდების ეკონომიკაში 1960-იან წლებში განვითარებული მოვლენების კონცეპტუალიზაციას ემსახურებოდა. კერძოდ კი, 1959 წელს გრონინგენის გაზის საბადოს აღმოჩენამ გაზის ექსპორტის ბუმს მისცა დასაბამი. ამან კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკაში ხელფასების დონის მკვეთრი ზრდა და ადგილობრივი ვალუტის გამყარება გამოიწვია, რამაც მრეწველობის სექტორი დააზარალა.
თუ თავდაპირველად სამეცნიერო წრეებში, ჰოლანდიური დაავადება ბუნებრივი რესურსების აღმოჩენით გამოწვეული ბუმის დასახასიათებლად გამოიყენებოდა, ახლა მას ყველა იმ მოვლენას უკავშირებენ, რაც ქვეყანაში შემოსავლების მკვეთრ, მაგრამ არამდგრად, ზრდას განაპირობებს. საქართველოში შემოსავლების მკვეთრი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ტურიზმის სექტორში შეინიშნება, კერძოდ კი 2012 წლიდან 2018 წლამდე ზრდა 225%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში ექსპორტი მხოლოდ 41%-ით გაიზარდა.[2]
სანამ იმის ანალიზზე გადავიდოდეთ, თუ რატომ შეიძლება ტურიზმზე დამოკიდებულება გრძელვადიან პერიოდში უარყოფითი შედეგების მომტანი იყოს, მოდით მანამდე ვაჭრობადი და არავაჭრობადი სფეროები განვმარტოთ. ვაჭრობადი ეწოდება ისეთ მომსახურებასა თუ პროდუქტს, რომელიც ქვეყნებს შორის მობილურია. წარმოება უმეტესად ვაჭრობად სფეროს განეკუთვნება, ხოლო მომსახურება შეიძლება ვაჭრობადიც იყოს და არავაჭრობადიც. მაგალითისათვის, ვებ-დიზაინერის მომსახურების იმპორტი შესაძლებელია, მძღოლის სერვისის – არა.
რა ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად მატულობს? იზრდება მოთხოვნა პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ქვეყანა, რომელიც ბევრს არაფერს აწარმოებს, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას უმეტესად ისევ იმპორტით დააკმაყოფილებს. არავაჭრობად მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა კი ადგილობრივ მომსახურე პერსონალზე გაზრდის მოთხოვნას. გაზრდილი შემოსავლების პირობებში ადგილობრივებიც უფრო მოუხშირებენ მომსახურებით სარგებლობას. ეს კი მუშახელზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის, რაც თანდათანობით, უმუშევარი მოსახლეობის ათვისებასთან ერთად, მის გაძვირებას გამოიწვევს.
ერთი შეხედვით, შემოსავლების სწრაფი ზრდა დადებითი მოვლენაა ქვეყნისათვის. ყოველი ხელისუფალის მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს. მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის, რადგან მნიშვნელობა იმას აქვს, შემოსავლებს რა გიზრდის და სამუშაო ძალას რა გიძვირებს.
არავაჭრობად მომსახურებაში შემოსავლების მკვეთრმა ზრდამ და შედეგად ქვეყანაში მუშახელის სწრაფად გაძვირებამ შესაძლოა ქვეყანაში უკვე განვითარებულ ვაჭრობად სფეროებს კონკურენტუნარიანობა დააკარგვინოს, რადგან ნაკლებსავარაუდოა, ამ სფეროებმა ამ მოკლე დროში უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტის შექმნაზე გადასვლა მოასწროს. ასევე, ნაკლებადსავარაუდოა, რომ ქვეყანამ ახალი ვაჭრობადი სფეროს განვითარება შედარებით ძვირი მუშახელით შეძლოს, მზარდი მსოფლიო კონკურენციის პირობებში. ვაჭრობადი სფეროს დაზარალება თუ არგანვითარება კი გრძელვადიან განვითარებაზე უარის თქმას ნიშნავს.
ვაჭრობადი სფერო – გრძელვადიანი განვითარების საწინდარი
მოდით განვიხილოთ, რატომ არის ვაჭრობადი სფერო, მაგალითად წარმოება, გრძელვადიანი განვითარების საწინდარი, და მისგან განსხვავებით, რატომ ვერ იქნება ტურიზმი მუდმივადმზარდი შემოსავლების წყარო.
მაგალითისათვის ავიღოთ ფეხსაცმლის წარმოება. ფეხსაცმელი ხელით რომ შეკერო, რამდენიმე დღე დაგჭირდება, მაშინ როდესაც დანადგარებით, რამდენიმე საათში ჩაეტევი. შედარებისათვის, ტექნოლოგია რესტორნის მიმტანს სულ მცირედით თუ შეუმცირებს ერთი კლიენტის მომსახურებისათვის საჭირო დროს. რადგან პროდუქტიულობის ზრდის პოტენციალი წარმოებაში უფრო მაღალია, ვიდრე სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, არსებული ადამიანური რესურსის პირობებში უფრო მეტი დოვლათის გამოშვებას ქვეყანა მრეწველობის განვითარებით შეძლებს.
ამასთან ერთად, მრეწველობაში ადამიანური კაპიტალის განვითარებით უფრო მაღალ-ტექნოლოგიურ დარგებზე გადასვლაა შესაძლებელი. მაგალითად დღეს თუ ე.წ. რეისინგ დრონს აწარმოებ, ხვალ უფრო კომპლექსური პროდუქტის, კამერა დრონის წარმოებას შეძლებ. კომპლექსური პროდუქტები კი უფრო ძვირად ფასობს (რადგან მათი წარმოება მსოფლიოში ნაკლებ ქვეყანას შეუძლია) და შესაბამისად მაღალ შემოსავლებს უზრუნველყოფს. აი, სტუმარ-მასპინძლობაში დაგროვილი ადამიანური კაპიტალით, რთული სათქმელია, მაღალი ღირებულების შემქმნელ რომელ დარგზე შევძლებთ გადასვლას. ბოლო დროს ხშირად საუბრობენ სამედიცინო ტურიზმის განვითარების პოტენციალზე, თუმცა სტუმარ-მასპინძლობაში მიღებული გამოცდილება მხოლოდ მცირედით თუ დაეხმარება მას განვითარებაში.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტურისტების რაოდენობა უსასრულოდ ვერ გაიზრდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყნის გეოგრაფიული არეალი შეზღუდულია, მაშინ როდესაც წარმოებული პროდუქცია პოტენციურად მთელს მსოფლიოზე შეიძლება გაიყიდოს.
რომ შევაჯამოთ, ტურიზმი ვერ იქნება გრძელვადიანი განვითარების საწინდარი. ტურიზმზე დამყარებული ეკონომიკური ზრდა მას შემდეგ შეჩერდება, რაც შემომავალი ვიზიტორების რიცხვი გარკვეულ დონეზე დასტაბილურდება. მეტიც, ამ სექტორის სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა ის სექტორები დააზარალოს, რომლებსაც ზრდის უფრო დიდი პოტენციალი აქვს. მაშინ რატომ ამყარებენ მთავრობები დიდ იმედებს ტურიზმზე? ალბათ იმიტომ, რომ რთულია, ცდუნებას გაუძლო და ოთხწლიანი საარჩევნო ციკლის პირობებში მოკლევადიან, შედარებით იოლად მისაღებ შემოსავლებზე თქვა უარი და ამის ნაცვლად, ისეთი მიზნები დაისახო, რომელთა განხორციელებასაც დიდი დრო დასჭირდება.
ავტორი: თამთა მარიდაშვილი
[1] მონაცემები 2018 წლისთვისაა. აღნიშნულ მაჩვენებელში შიდა ტურიზმიც მოიაზრება. წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.
[2] წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფოტო გარეკანზე: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.