საქართველოს მთავრობამ ფოთის ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი ჩინურ კომპანია CEFC-ს პირდაპირი მიყიდვის წესით 24 589 000 ლარად გადასცა. ჩინურმა კომპანიამ უახლოეს 3 წელიწადში არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, საერთო ჯამში კი შემდეგი 11 წლის განმავლობაში, 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ეს პროექტი ერთი შეხედვით შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა ამ ეტაპზე ფოთის ინდუსტრიული ზონის ბედი მაინც ბუნდოვანია. ამ ბუნდოვანებას დამატებით კრიტიკულ ელფერს სძენს ის გამოცდილება, რომელიც არსებობს ფოთი ინდუსტრიულ ზონასთან მიმართებაში.
ფოთის თიზ-ი 2008 წლის ივნისში შეიქმნა, ხოლო 2009 წელს შპს „რაკიას“ („Ras Al khaimah Investment Authority Georgia“) გადაეცა ფოთში ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე არსებული 3 046 037 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 99 წლის ვადით. ეს შენაძენი, საერთო ჯამში კომპანიას 155 მილიონი აშშ დილარი დაუჯდა.
თუმცა, 2016 წელს კომპანიამ უკან გადასცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების 85% იმ პირობით, რომ ამ კომპანიას არ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო. „რაკიასთან“ დადებული ხელშეკრულების პირობები ცნობილი არ არის, თუმცა, იყო გარკვეული დაპირებები, რომლებიც გაიცემოდა მეტწილად პოლიტიკოსების მხრიდან ფოთის ინდუსტრიული ზონის პერსპექტივებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა,რომ 50 თვის განმავლობაში მოზიდული იქნებოდა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია, დასაქმდებოდა ათობით ათასი ადამიანი და შეიქმნებოდა 400-მდე საწარმო. წინა მთავრობის ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად ფოთის ინდუსტრიულმა ზონამ დიდი ვერაფერი შედეგები მოიტანა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადების პარალელურად, არაბულმა კომპანიამ გაასხვისა ფოთის პორტი, კერძოდ, 80% მიყიდა დანიური კომპანია „A.P. Moller-Maersk Group“-ის შვილობილს, APM Terminals-ს, რომელმაც მხოლოდ 2012 წელს 700-მდე თანამშრომელი დაითხოვა. 2012 წელს, ანუ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დაარსებიდან 4 წლის შემდეგ, ამ ზონაში მხოლოდ ყაზახურ-უკრაინული ბრინჯის დაფასოების კომპანია მუშაობდა, რომელშიც დაახლოებით 20-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
სახელდება განსხვავებული მიზეზები, თუ რის გამო არ გაამართლა ფოთის ინდუსტრიულმა ზონამ:
1) 2008 წლის აგვისტოს ომი და რუსი სამხედროების შემოსვლა ფოთის ტერიტორიაზე, რის გამოც მსხვილი ინვესტორები თავს იკავებენ სერიოზული ინვესტიციების ჩადებას ფოთის ინდუსტრიულ ზონაში. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მდებარეობს აფხაზეთის კონფლიქტურ ზონასთან ახლოს, აქედან გამომდინარე მსხვილი კორპორაციები თავს შეიკავებენ ფული ჩადონ ამ ზონაში.
2) 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებში. კრიზისამდელ საინვესტიციო ბუმს, კრიზისიდან 8 წლის გასვლის შემდეგაც კი ვერ მიუახლოვდა დღევანდელი საინვესტიციო მაჩვენებლები, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა დასტაბილურდა.
3) თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ვერ იმუშავებს იმ ქვეყნებში კარგად სადაც ისედაც ლიბერალური ეკონომიკური რეჟიმი მოქმედებს, გამომდინარე იქედან რომ კომპანიებს არა აქვთ სტიმულები ეკონომიკური წარმოება გაიტანონ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში. ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადური აცხადებდა ჯერ კიდევ 2012 წელს, რომ საქართველო თავად წარმოადგენს გარკვეულწილად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას.
4) სახელდება კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც უკავშირდება არასწორ მენეჯმენტს. კერძოდ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემა არა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის იდეაში, არამედ ოპერატორ კომპანიაშია, რომელმაც ვერ მოახერხა ამ ზონის სათანადო მართვა.
საინტერესოა, თუ რა ტიპის შეღავათებს აწესებს სახელმწიფო ფოთის ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი კომპანიებისთვის. მაშინ როცა კომპანია „რაკია“ მართავდა ფოთის თიზს მოქმედებდა შემდეგი სახის შეღავათები:
1) ფოთის თიზ-ში მოგების გადასახადი არ მოქმედებდა. დღეს მოგების გადასახადი არ მოქმედებს საქართველოში რეინვესტირების შემთხვევაში.
2) ქონების გადასახადი ფოთის თიზ-ში მიწაზე არ მოქმედებს, რადგან თიზ-ში არ ხდებოდა მიწების გასხვისება და მიწები მხოლოდ იჯარით გაიცემოდა. ქონების გადასახადი მოქმედებდა, მხოლოდ მანქანა-დანადგარებზე და მოწყობილობებზე, რაზეც წლიური გადასახადი იყო 1%.
3) ფოთის თიზ-ზე ვრცელდებოდა საბაჟო შეღავათები, კერძოდ კომპანიებისთვის არ მოქმედებდა საბაჟო გადასახადი, რომელიც რიგი პროდუქტების შემთხვევაში 12%-ს აღწევდა.
4) ფოთი-ს თიზში, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოდან შემოსული პროდუქცია არ იბეგრებოდა დღგ-თი. თიზი-ს გარეთ მოქმედებს 18%-იანი დღგ-ს გადასახადი.
კვლევითმა ორგანიზაცია GEOWEL-მა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ როცა თიზ-ს ოპერირებას უწევდა კომპანია „რაკია“, არსებობდა თიზ-ში ბიზნესის წარმოების ხარჯებიც. GEOWEL-ის მიხედვით, ფოთის თიზში ბიზნესის დასაწყებად საშუალოდ საჭირო იყო 16 800 აშშ დოლარი. ამ ხარჯებში შედიოდა, როგორც თიზ-ში ბიზნესის სარეგისტრაციო ხარჯები, ასევე სხვა გადასახდელები. ამავე კვლევის მიხედვით, ირკვევა რომ კომპანიები დაზოგავდნენ მნიშვნელოვან თანხას თუ ბიზნესს აწარმოებდნენ ფოთის თიზ-ში, საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაცვლად. კერძოდ, GEWEL-ის ეკონომიკური მოდელირების მიხედვით, კომპანიები მიიღებდნენ 18%-ით მეტ მოგებას, მეტწილად დღგ-სგან მიღებული შეღავათით.
საერთაშორისო გამოცდილება: ექსპორტის დამამუშავებელი ზონები ჩინეთში
შენჟენი 1980 წელს პატარა დასახლება იყო, სადაც მეტწილად ცხოვრობდნენ მეთევზეები. მოსახლეობის რაოდენობა იყო 30 000 ადამიანი. დღეს მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონს აღწევს. 1980 წელს შენჟენს სხვა ოთხ რეგიონთან ერთად ჩინეთის მთავრობამ მიანიჭა სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსი. 1980-1984 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 10%, ხოლო ამ რეგიონში ეკონომიკა საშუალოდ 58%-ით იზრდებოდა. გაეროს ინდუსტრიული განვითარების სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონის მმართველები აცნობიერებდნენ, რომ დაბალი გადასახადები იყო მხოლოდ დროებითი სტიმული კომპანიებისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო იყი ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიების წახალისება. სწორედ ამიტომ, შენჟენის ლიდერებიაქტიურად იყენებდნენ ინდუსტრიული პოლიტიკის ე.წ. learning by doing-ის კომპონენტს, ასევე ახალისებდნენ კლასტერულ წარმოებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შენჟენის რეგიონში მთავარი აქცენტი კეთდებოდა, ერთი მხრივ უცხოურ ინვესტორებსა და მეორე მხრივ ადგილობრივ მწარმოებლებს და მიმწოდებლებს შორის კავშირების ხელშეწყობაზე, რაც საბოლოო ჯამში ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს ემსახურებოდა.
შენჟენის რეგიონი გამონაკლისი არ არის. ჩინეთი იყენებს სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს მსხვილი ინვესტიციების მოსაზიდად, განსაკუთრებით 1984 წლიდან. არსებობს სპეციალური ზონების განსხვავებული ფორმები, მათ შორის: ეკონომიკისა და ტექნოლოგიების განვითარების ზონა, მაღალ-ტექნოლოგიური ბიზნესის განვითარების ზონები, თავისუფალი ვაჭრობის ზონები, ექსპორტის გადამამუშავებელი ზონები, სასაზღვრო თანამშრომლობის ზონები და ა.შ. ეს ზონები მეტწილად იმართება რეგიონული და ადგილობრივი მთავრობების მიერ, ე.წ. მმართველი კომისიების საშუალებით.
სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს აქვთ სამი ძირითადი მიზანი:
1) გაზარდონ ქვეყნის შემოსავლები არატრადიციული ექსპორტის წახალისებით;
2) გაზარდონ დასაქმების დონე ახალი, შრომა ინტენსიური და კაპიტალ ინტენსიური დარგების განვითარების საშუალებით;
3) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით მოახდინონ ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი ადგილობრივ ეკონომიკაში.
ჩინეთში ხშირად ეს ზონები ერთმანეთს ფარავენ და განსხვავებული რეჟიმების ზონები მდებარეობენ უფრო მსხვილი ზონის ქვეშ. თუ ფოთის ინდუსტრიულ ზონას ავიღებთ, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის ზონის და ექსპორტის გადამუშავების ზონის ნაერთი.
ამ ზონებში მოქმედებს სპეციალური პოლიტიკები, რომელიც ახდენენ მსხვილი და ინოვაციური შესაძლებლობებით მდიდარი კორპორაციების მოზიდვას. ამგვარი ზონების ჩამოყალიბების დროს ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება შემოსავლებს სრულად უბრუნებდა ამ ზონების მმართველ ადგილობრივ ხელისუფლებას, იმისთვის რომ მომხდარიყო ფულის ჩადება ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში. გარდა ამისა, ცენტრალური ხელისუფლება აძლევდა ამ ზონებს გრძელვადიან 15 წლიან სესხებს დაბალ პროცენტში ისევ და ისევ ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების განსავითარებლად.
გარდა ამისა, ჩინეთი იყენებდა და დღემდე იყენებს ექსპორტის დამამუშავებელი ზონებისთვის ფისკალურ სტიმულებს. ეს სტიმულები მოიცავენ სრულ ან ნაწილობრივ გათავისუფლებას შემდეგი გადასახადებისგან: მოგების გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, იმპორტის გადასახადი, ექსპორტის გადასახადი და ა.შ. არსებობს მონეტარული სტიმულებიც. იმის გამო, რომ მსხვილი ინვესტიციებიდან და პროდუქციის იმპორტ-ექსპორტიდან გამომდინარე ამ ზონებში მოძრაობს დიდი რაოდენობით საერთაშორისო ვალუტა, სახელმწიფო აწესებს სპეციალურ შეღავათებს, რომლის საშუალებითაც კომპანიები არ კარგავენ ფულს კურსთა შორის სხვაობისა და ვალუტის გადახურდავების გამო.
ექსპორტის გადამამუშავებელ ზონებს აქვთ ინსტიტუციონალური მხარდაჭერაც, მაგალითად, განსხვავებით სხვა რეგიონებისგან, ამ ზონებში რეგულაციები ბევრად უფრო გამარტივებულია და ბიზნესის რეგისტრირებაზე გაწეული ხარჯები და დრო მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა ტიპის სუბსიდიები და მხარდაჭერა კვალიფიციური კადრებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ ამ სპეციალურ ზონებში დასახლებას. მაგალითად, მოქმედებს ე.წ. settling-in allowance-ები (ფულადი დახმარება), რომლებიც ამ ზონებში დასახლებას უფრო მიმზიდველს ხდის.
არსებობს ისეთი ზონები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექნოლოგიების ტრანსფერს. ამისათვის მთავრობები გასცემენ სუბსიდიებს და აწესებენ დამატებით შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახდნენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ამ ზონებში. ამასთან, ჩინეთის მთავრობა, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე აქტიურად ახდენს ეკონომიკური პროცესების კოორდინაციას, მათ შორის ფირმების დონეზე. მაგალითად, სახელმწიფო უწყებები ხელს უწყობენ საერთაშორისო კორპორაციების დაკავშირებას ადგილობრივ მწარმოებლებთან.
გაკვეთილები საქართველოსთვის
დღეს მსოფლიოში 4 500 სპეციალური ეკონომიკური ზონა არსებობს 140 ქვეყანაში, რომლებშიც დასაქმებულია 66 მილიონი ადამიანი. აქედან 30 მილიონი ადამიანი ჩინეთშია დასაქმებული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სპეციალურ ეკონომიკურ ზონები ყველა ქვეყანაში არ ამართლებს. საქართველოს როგორც ყოფილი, ასევე ახლანდელ მთავრობის პოზიცია იყო ის რომ ინდუსტრიული ზონები უნდა მართოს კერძო კომპანიებმა, თუმცა ჩინური პრაქტიკა აჩვენებს რომ ხშირად ამგვარ ზონებს ადგილობრივი თვითმმართველობები მართავენ და როგორც წესი ძალიან წარმატებულადაც.
გარდა ამისა, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა არ შემოიფარგლება მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობის შექმნითა და შემდგომ მართვის უფლებით ზონის კომპანიისთვის გადაცემით. აუცილებელია, მთავრობამ შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, წაახალისოს ცოდნის ტრანსფერი, გაუწიოს კოორდინაცია და ხელი შეუწყოს უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს შორის თანამშრომლობას, შექმნას დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები სახელმწიფო შესყიდვებისა და სუბსიდიების მეშვეობით. ფოთის ინდუსტრიული ზონის მაგალითმა აჩვენა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ინვესტორზე მინდობილი „თიზი“ არ ამართლებს.
გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კვლევის მიხედვით, სპეციალური ეკონომიკური ზონის წარმატებად არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ ინვესტიციების შემოდინება. მთავარია რა ტიპის კავშირები დამყარდება მაღალ-ტექნოლოგიურ კომპანიებს და ადგილობრივ მიმწოდებლებს შორის და როგორ მოხდება ცოდნისა და ტექნოლოგიების გადადინება. ვიეტნამის მაგალითი ამ მხრივ განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომელმაც 64 სპეციალური ეკონომიკური ზონა გახსნა, თუმცა შემოღობა ეს ზონები და ადგილობრივ მწარმოებლებთან ურთიერთობა შეზღუდა. შედეგად, ცოდნის გადადინება და სპეციალური ეკონომიკური ზონის ინტეგრაცია ადგილობრივ ეკონომიკაში შეიზღუდა.
და ბოლოს, იმედი იმისა რომ საქართველოში შემოვა მსხვილი კორპორაციები, რომლებიც დაიწყებენ მასშტაბური ქარხნების აშენებას არასწორია, გამომდინარე იქიდან რომ საქართველო ვერ ჩაითვლება სტაბილურ ქვეყნად რადგან ქვეყანაში სულ რაღაც 8 წლის წინ იყო ომი და რუსული ტანკები არც თუ ისე შორს იდგნენ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან. შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოს ადგილობრივ მსხვილ მწარმოებლებზე და არ დაელოდოს დიდ მსხვილ უცხოურ ინვესტიციებს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადგილობრივი მწარმოებლებსა და მსხვილ მულტინაციონალურ კორპორაციებს შორის კავშირების დამყარებაზე, წარმოების ლიცენზიების მოპოვებაზე, ადგილობრივი წარმოების მასშტაბების ზრდაზე. საქართველომ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სამხრეთ კორეის მსგავსად მეტი ორიენტირება უნდა გააკეთოს ვალზე და ნაკლები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, თუმცა, ვალებიდან მიღებული ფინანსები გამოყენებული უნდა იყოს პროდუქტიული სფეროების განვითარებაზე, რომლებიც ექსპორტზე იქნებიან ორიენტირებულები. თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ამ ტერმინის ფართო მნიშვნელობით, შესაძლებელია გამოვიყენოთ სტრუქტურული ტრანსფორმაციის პროცესისთვის, თუმცა ეს პანაცეად არ უნდა მივიღოთ და ამგვარი პროექტების შექმნა ღრმა ეკონომიკურ ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას