ერთი კვირის წინ – დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ისეთ ინტერნეტ გიგანტებს, როგორიცაა facebook და google და აღნიშნული პლატფორმები ადამიანის ცნობიერების მანიპულაციის იარაღად გამოაცხადა, რომლებიც მონოპოლიურ მოგებას იღებენ და ცდილობენ თავი აარიდონ ყოველგვარ რეგულაციას.
„…გიგანტური IT კომპანიების გაძლიერება გლობალური საფრთხეა… სოციალური ქსელები ატყუებენ თავიანთ მომხმარებლებს და მანიპულირების საშუალებით მიმართავენ მათ ყურადღებას თავიანთი კომერციული მიზნებისკენ… ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ ინფორმაციის გამავრცელებლები არიან, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად მონოპოლიურ რეჟიმში ავრცელებენ ინფორმაციას, აქცევს მათ საჯარო სერვისებად და აქედან გამომდინარე, საჭიროა დაექვემდებარონ უფრო მკაცრ რეგულირებას…
…ადამიანთა ყურადღების განსაზღვრის ძალაუფლება სულ უფრო და უფრო კონცენტრირდება რამდენიმე კომპანიის ხელში, ისე, რომ უკვე რთულიც კი არის განსაზღვრო რას უწოდებდა ჯონ სტიუარტ მილი „აზრის თავისუფლებას“. თუკი ერთხელ დაკარგეს, ციფრულ ეპოქაში გაზრდილმა ადამიანებმა შესაძლოა ვერც ვერასდროს დაიბრუნონ ის უკან. ამას შეიძლება ქონდეს ღრმა პოლიტკური შედეგები: თავისუფალი აზროვნების გარეშე დარჩენილი ადამიანებით მანიპულირება ძალიან ადვილია. ეს არ არის საფრთხე, რომელიც შორეულ მომავალში გვემუქრება. ამ ფაქტორმა თავისი როლი უკვე ითამაშა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 2016 წელს…
ეს ამონარიდები ჯორჯ სოროსის გამოსვლიდან ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა მასშტაბის დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე: სოროსი ინტერნეტ გიგანტებთან ომის გამოცხადებით ფაქტობრივად ვა-ბანკზე წავიდა და მის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოყვა მედიასა და მთლიანად საზოგადოებაში.
თუმცა თუ ამ გამოხმაურებას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ პრინციპში დავოსის ფორუმზე წარმოთქმული სიტყვით მილიარდერმა მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი. მაგალითად – რატომ გახდა ჯორჯ სოროსისთვის ფეისბუკი მიუღებელი ბრექსიტისა და ტრამპის შემდეგ, თუკი ის კარგი იყო „არაბული გაზაფხულის“ დროს და ხომ არ იმალება ამ ომის უკან კიდევ უფრო მასშტაბური ომი სოროსსა და ტრამპს შორის, რომელიც, როგორც ვიცით, სწორედ სოციალურ მედიაზე დებს ფსონს?
ან კიდევ – რატომ ლაპარაკობს მილიარდერი სოციალური მედიის მხრიდან მანიპულაციის საფრთხეზე ისე, თითქოს ტრადიციული ე.წ. „მეინსტრიმ მედია“ ან „მასმედია“ აბსოლუტურად ნეიტრალური იყოს ამ თვალსაზრისით?
და ბოლოს – როგორი იყო ჯორჯ სოროსის პოზიცია მაშინ, როცა ინტელექტუალური ავტორიტეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუბრობდნენ მანიპულაციის საფრთხეებზე პირველ რიგში სწორედ „ტრადიციული მედიის“ (ძირითადად – ტელევიზიის) მხრიდან?
ჟურნალისტები და ანალიტიკოსები აქტიურად ეძებენ პასუხებს ამ კითხვებზე, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს მათი ვერდიქტი ან როგორი პოზიციაც არ უნდა გვქონდეს უშუალოდ ჯორჯ სოროსის მიმართ, დავოსში მის მიერ წარმოთქმული სიტყვა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ერთგავრი ბიძგი სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ რეალურ თუ ჰიპოთეტურ საფრთხეებზე სასაუბროდ.
მაშ ასე – რა გამოწვევების წინაშე აყენებს ციფრული ეპოქის საზოგადოებას სოციალური ქსელი და სოციალური მედია?
დავიწყოთ თუნდაც დამოკიდებულების, ანუ ადიქციის საფრთხით.
ერთ მხრივ, ისტორიაში არც ერთი მედია პლატფორმა არ ყოფილა იმდენად კომფორტული მომხმარებლისთვის, როგორც სოციალური მედია: ტრადიციული მედიასთან შედარებით, სოციალური მედია მომახმარებელს მეტ შესაძლებლობებს აძლევს აკონტროლოს კონტენტი და მიიღოს ინფორმაცია მისთვის სასურველ დროს, სასურველ ფორმატში და სასურველ პლატფორმაზე, მაგრამ ასეთი კომფორტი ცხადია ამავე დროს ზრდის მედიაზე დამოკიდებულების საფრთხესაც.
ამ დამოკიდებულების რეალურ ხარისხს ნათლად ვხედავთ მაშინ, როცა ტექნიკური პრობლემების გამო სოციალური ქსელის მუშაობა ფერხდება ან ქსელში ვრცელდება ვირუსები. ასეთ ეპიზოდებში საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება იმდენად მძაფრია, რომ ქსელის გრძელვადიანი ან სრული გათიშვის შემთხვევაში გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ საზოგადოებრივი პანიკა სრულიად არაპროგნოზირებადი შედეგებით.
ამასთანავე, სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ გართობის ან თუნდაც ინფორმაციის მიღების კომპონენტით. ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტად არიან დამოკიდებული სოციალურ მედიაზე მუშაობის პროცესშიც. სოციალური მედია მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავად იყოს არა მხოლოდ მიმღები, არამედ მაუწყებელიც და ამ „მაუწყებლობის“ გათიშვამ, ინფორმაციის დაკარგვამ ან ინფორმაციის გაჟონვამ შესაძლოა კატასტროფის წინაშე დააყენოს ძალიან ბევრი ადამიანი და მთელი ბიზნესებიც კი.
ერთი სიტყვით – დამოკიდებულება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლისთვის და ამ დამოკიდებულებას აქვს თავისი საფრთხეები.
შემდეგ – სოციალური მედია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მედია საკუთარ თავში შეიცავს მანიპულაციის საფრთხეს.
ერთ მხრივ, ისტორიაში არც ერთი მედია პლატფორმა არ ყოფილა იმდენად ინტერაქტიული, როგორც სოციალური მედია: სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამავრცელებელს და მიმღებს შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია, რადგან ნებისმიერი მომხმარებელი ერთდროულად არის ინფორმაციის მიმღებიც და ინფორმაციის გამავრცელებელიც. ამის გამო სოციალურ მედიას შესაძლოა ყველაზე დემოკრატიული მედიაც კი ვუწოდოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სოციალური მედია-პლატფორმის მენეჯმენტს მაინც რჩება საკმარისზე მეტი საშუალება მანიპულაციისთვის და მონოპოლიის პირობებში მხმარებელი ფაქტობრივად მაინც მენეჯმენტის კეთილ ნებაზე ხდება დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელები (მაგალითად – ფეისბუკი) დავოსის ფორუმამდეც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი სწორედ მანიპულაციის ბრალდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიტიკა გვესმის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან – თუმცა ეს შესაძლოა ფეისბუქის სასარგებლოდაც კი მეტყველებდეს.
ასე, მაგალითად, კონსერვატორები ხშირად აკრიტიკებენ ფეისბუქის ადმინისტრაციას კონსერვატიული კონტენტის მიზანმიმართული შევიწროვების ბრალდებით. ეს ბრალდება ნაწილობრივ დადასტურებულადაც კი შეიძება ჩაითვალოს ფეისბუქის „ნიუსის კურატორების“ სკანდალური აღიარების შემდეგ, როცა IT გიგანტის ყოფილმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ისინი მიზანმიმართულად „ძირავდნენ“ კონსერვატიული შინაარსის მასალებს, მაგრამ ბრექსიტისა და, განსაკუთრებით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სოციალური ქსელები უკვე ლიბერალების სამიზნეც გახდა. ბრექსიტისა და ტრამპის მოწინააღმდეგეები სოციალურ ქსელებს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ისინი საკმარისი პასუხისმგებლობით არ ამოწმებენ იმას, თუ საიდან და ვის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ქსელში და არ ფილტრავენ თავად ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა რეალურად დეზინფორმაცია და პროპაგანდა იყოს.
და ბოლოს – სოციალური ქსელი და სოციალური მედია საკუთარ თავში შეიცავს სიმულაციის საფრთხესაც.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალური ქსელი ინტერაქტიულობის ძალიან მაღალი დონით გამოირჩევა, რაც ქმნის პოლიტიკაში მონაწილეობის და ჩართულობის უპრეცედენტო საშუალებებს (და განცდას), მაგრამ ისევე როგორც ინტერნეტში განხორციელებული ნებისმიერი სხვა ტიპის კომუნიკაცია, პოლიტიკური ჩართულობა და მონაწილეობაც შესაძლოა იქცეს მონაწილეობის სიმულაციად.
ასე, მაგალითად, საქართველოში ფეისბუკი გარკვეულწილად უ კ ვ ე წარმოადგენს დემოკრატიის განხორციელების ერთ-ერთ პლატფორმას. მეტიც – ქართული ფეისბუკი სარკისებურად ირეკლავს ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური აქტურობის ფორმას თავისი პოზიტიური და ნეგატიური მხარეებით. ეს გულისხმობს მგრძნობელობას, თეატრალურობას და დემონსტრაციულობას ისევე, როგორც გულისხმობს პათეტიკურობას, პერმანენტულ „მიტინგურობას“ და ხშირად ინფანტილურობასაც. ერთი სიტყვით – ფეისბუკმა თითოეულ ქართველს მისცა საშუალება გამხდარიყო პოლიტიკოსი, თუმცა ფეისბუკში განხორციელებული პოლიტიკური აქტივობა, ვირტუალური მეგობრობის ან ვირტუალური რომანის მსგავსად შესაძლოა ადამიანისთვის იქცეს რეალური ურთიერთობების და კავშირების არარსებობის კომპენსაციად.
…ამ ეტაპზე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგით დასრულდება ომი ჯორჯ სოროსსა და IT გიგანტებს შორის – სოროსის კაპიტულაციით, IT გიგანტების უკანდახევით თუ ურთიერთკომპრომისებითა და ურთიერთრევერანსებით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, დავოსში წარმოთქმული სიტყვა უკვე შევიდა ისტორიაში და თავის გავლენას იქონიებს მსოფლიოს მომავალზე.
ერთადერთი, რაშიც ჯორჯ სოროსს შეგვიძლია უკვე ახლავე დავეთანხმოთ ალბათ არის ის, რომ სოციალური ქსელი თავისი მასშტაბითა და გავლენით მართლაც უტოლდება საჯარო სერვისის მდგომარეობას, რის გამოც მათი ანგარიშვალდებულება ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს წინაშე აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.
ავტორი - ზვიად ავალიანი